კოპა ამერიკა სენტენარიო. 1/2-ფინალი: შარშანდელი ფინალი სენტენარიოზეც [VIDEO]

AutoSharing Option
* ჩილე და არგენტინა ამ ტურნირზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მინი-რევანში შედგა, "ალბისელესტემ" 2:1 მოიგო და ფინალამდე ისე გავიდა, რომ არც ერთი ქულა არ დაუკარგავს.
* არგენტინის მერე ყველა თამაში მოიგო ჩილემაც: 4-დან 4, საერთო ბურთების სხვაობით - 15:3.
* მართალია, არგენტინას კოპა ამერიკა 1993 წლის მერე არ მოუგია, მაგრამ ამავდროულად, ბოლო ნაკრებია, რომელმაც ტურნირში ზედიზედ ორჯერ იმარჯვა (1946 და 1947 წლებში). ახლა ჩილეს ამ შედეგის გამეორების შანსი აქვს.

კოპა ამერიკა სენტენარიოზე წინა ტურნირის ფინალი განმეორდება - არგენტინა-ჩილე. მესამე ადგილს
კი აშშ და კოლუმბია გაათამაშებენ.

ამერიკელთა განადგურების მერე "ალბისელესტე" თავის მეტოქეს ელოდა და ჩიკაგოში, "სოლჯერ ფილდზე" შეხვედრის დებიუტშივე გაირკვა, რომ ხერარდო მარტინოს გუნდის მეტოქე ჩილე იქნებოდა. ხუან ანტონიო პიცის ბიჭებმა მალევე შეძლეს ორი გოლის გატანა და მატჩის მსვლელობას თავიდან ბოლომდე აკონტროლებდნენ.

თამაში ჩააგდო კოლუმბიელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა კარლოს სანჩესმა. მე-7 წუთზე ეს უკანასკნელი მეტოქისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, მაგრამ თავით ბურთი პირდაპირ ჩარლზ არანგისს დაუგდო, რომელიც საჯარიმოში იყო შეპარული და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მე-11 წუთზე ალექსის სანჩესის დარტყმა ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, დამატებაზე იქვე გაჩნდა ხოსე პედრო ფუენსალიდა და სხვაობა გაზარდა. ცოტა ხანში იმავე სანჩესს კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა და ცოტა დააკლდა ჩილელთა მესამე გოლის გატანას.

ფუენსალიდას რაც შეეხება, ის უცნობი ფეხბურთელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ფართო მასებმა ამ კოპაზე გაიცნეს და შეგვიძლია ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენად შევრაცხოთ, ისევე, როგორც მოგვიანებით მის ნაცვლად ცვლილებაზე შემოსული პუჩი.

გარდამტეხი, ალბათ, ის ეპიზოდი გამოდგა, როდესაც როხერ მარტინესი კლაუდიო ბრავოს პირისპირ შერჩა, მაგრამ ჩილელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და კოლუმბიელებს სხვაობის შემცირების შანსი მოუსპო. მერე სცენაზე ისევ კარლოს სანჩესი გამოვიდა. მან ჯერ ტაიმის მიწურულს შორიდან დაარტყა და ბრავოს ვერ აჯობა, ხოლო 57-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისიანები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.

დარჩენილ დროში კოლუმბიელებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, ხამეს როდრიგესის შორეული დარტყმა, რომელმაც ბრავო ცოტა ანერვიულა, მაგრამ "ბარსელონას" მეკარე ამ ბურთსაც გაუმკლავდა. ჩილელებმა კი კიდევ ერთი-ორი მომენტი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ კარლოს ბაკა ხოსე პეკერმანმა მინდორზე მხოლოდ მე-80 წუთზე შეუშვა.

"ეს გამარჯვებული გუნდია, გამარჯვებულის მენტალიტეტით. ტურნირის დაწყებამდე ბიჭები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოიგებდნენ და ტრიუმფისთვის ემზადებოდნენ. თუმცა ფინალში, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრძოლა გველის. როგორც ყოველთვის, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, ვიბრძოლოთ და მოგება ვცადოთ" - თქვა პიციმ.

ხოსე პეკერმანი: "ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. ჩილემ შეცდომები გამოიყენა და ძალიან პროდუქტიული იყო, როგორიც არის ხოლმე ეს ნაკრები".

კოლუმბიას ძალიან კარგი თაობა ჰყავს და პოტენციალიც დიდია. პეკერმანი ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია. თუმცა ისევ გვიწევს იმის თქმა, რომ კოლუმბიელებს კვლავაც რაღაც დააკლდათ დიდ წარმატებამდე. ნაკრებმა პირველი ორი მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა, შემდეგი ორი კი... თითქოს, კოლუმბიელებს გამძლეობის პრობლემა ექმნებათ ხოლმე, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.

რაც შეეხება ჩილეს, მართალია, არგენტინა უაღრესად დამაჯერებელია და ფინალამდე იფრინა, თანაც "ალბისელესტეს" კიდევ ერთი ფინალის წაგება არ უნდა და ვენდეტა სწყურია, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რა დღეში ჩააგდო ჩილემ მექსიკა და ნახევარფინალიც შთამბეჭდავად გაიარა. ასე რომ, ფინალი, წესით, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. მესამე ადგილისთვის მატჩში კი, ალბათ, მასპინძელი აშშ უფრო მოტივირებული იქნება, ვიდრე კოლუმბია, რომელიც ჩემპიონობაზე ოცნებობდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოლუმბია-ჩილე 0:2
გოლები: 0:1 არანგისი (7), 0:2 ფუენსალიდა (11)
კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, საპატა, მურილიო, ფაბრა (73. პერესი) - ტორესი, კ. სანჩესი - კუადრადო (80. ბაკა), კარდონა (46. მორენო), როდრიგესი - მარტინესი
ჩილე (4-4-2): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური - ერნანდესი (30. პულგარი) სილვა, არანგისი - ფუენსალიდა (75. პუჩი), ა. სანჩესი, ვარგასი (88. გონსალესი)
გაფრთხილება: კ. სანჩესი - ბრავო, ა. სანჩესი, ბოსეჟური
გაძევება: კ. სანჩესი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 16-23 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 16(3)-9(4) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 55 423

ბომბარდირები: 6 - ედუარდო ვარგასი (ჩილე); 5 - ლიონელ მესი (არგენტინა); 4 - გონსალო იგუაინი (არგენტინა).

მატჩი III ადგილისთვის
25 ივნისი
აშშ-კოლუმბია 04:00

ფინალი
26 ივნისი
არგენტინა-ჩილე 04:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული