ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა 2021 წლის კოპა ამერიკის სიმბოლური ნაკრები (4-3-3) გამოაქვეყნა:
ემილიანო მარტინესი (არგენტინა) - არგენტინის ნაკრები ბოლო წლებში სტაბილური მეკარეებით ნაკლებად გამოირჩეოდა და ამან გუნდს დიდ ტურნირებზე არაერთი პრობლემა შეუქმნა. "ასტონ ვილას" 28 წლის კიპერი კი ძალიან დამაჯერებელი იყო. ემილიანომ
მაურისიო ისლა (ჩილე) - ამჟამად "ფლამენგოში" მოთამაშე ვეტერანი ისევ გამორჩეული იყო. მართალია, ჩილეს ნაკრებს წარმატებული კოპა არ ჰქონია, მაგრამ ისლამ ყველა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ტრადიციულად, აქტიური იყო.
კრისტიან გაბრიელ რომერო (არგენტინა) - "ატალანტას" ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზეც გამოირჩეოდნენ, რომერო კი კოპა ამერიკის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ის მხოლოდ სამ (მათ შორის, ორ გადამწყვეტ) მატჩში მონაწილეობდა, სადაც მისმა გუნდმა კარი მშრალად შეინახა.
მარკინიოსი (ბრაზილია) - ბრაზილიის ნაკრები დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩეოდა და ჩემპიონატზე სულ სამი გოლი გაუშვა, მარკინიოსი კი დაცვის ნამდვილი ლიდერია. პსჟ-ის მცველს გოლების გატანაც ეხერხება, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ტურში, ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო.
პერვის ესტუპინანი (ეკვადორი) - "ვილიარეალის" 23 წლის ფეხბურთელმა ყველა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, აქტიური იყო და საკუთარ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლაში დაეხმარა, ეკვადორელებმა ხომ ბრაზილიის ნაკრების ხანგრძლივი მოგებათა სერია შეწყვიტეს.
კაზემირო (ბრაზილია) - მადრიდის "რეალის" 29 წლის ნახევარმცველი ყოველთვის დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს, კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ კი, შეხვედრის კომპენსირებულ დროში, გამარჯვების გოლიც გაიტანა. კაზემირომ კოპა ამერიკა გაფრთხილებების გარეშე ჩაატარა.
როდრიგო დე პაული (არგენტინა) - 27 წლის ნახევარმცველი უკვე "ატლეტიკოს" მოთამაშეა. მისმა თამაშმა გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, ფინალურ შეხვედრაში კი ანხელ დი მარიას ჩინებული საგოლე პასი გაუკეთა. ეკვადორის ნაკრებთან მეოთხედფინალში როდრიგომ მესის ზღაპრული გადაცემა გოლად აქცია.
იოშიმარ იოტუნი (პერუ) - "კრუს ასულის" 31 წლის ფეხბურთელმა პერუს ნაკრების რიგებში ორი გოლი გაიტანა, მათ შორის, პარაგვაისთან ძალიან დაძაბულ შეხვედრაში. მან ნაკრები პლეი-ოფში კოლუმბიასთანაც დააწინაურა, მაგრამ ეს მისი გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლუის დიასი (კოლუმბია) - "პორტუს" 24 წლის შემტევს კარგი კოპა ამერიკა ჰქონდა და 4 გოლი გაიტანა. ის ვენესუელასთან შეხვედრაში გააძევეს კიდეც. კოლუმბიის ნაკრებმა ნახევარფინალამდე გააღწია და იქ მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან დამარცხდა.
ნეიმარი (ბრაზილია) - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურნირზე მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეარულა - ნახევარფინალში პაკეტას გამარჯვების გოლი სწორედ მან გაატანინა. ნეიმარი, ტრადიციულად, ტექნიკის დემონსტრირებას ცდილობდა.
ლიონელ მესი (არგენტინა) - არგენტინელი ვარსკვლავი, უბრალოდ, შეუდარებელი იყო. სანაკრებო ტურნირებზე მესი ასეთი სრულყოფილი იშვიათად გვინახავს - ლეომ 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა სტატისტიკა გადამწყვეტი არაა, ის იყო ნამდვილი ლიდერი, რომელსაც ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდიოდა და მისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნება იყო. მესი ტურნირს აშკარად კარგ ხასიათსა და იდეალურ ფორმაში შეხვდა.
მესის მორიგი სუპერ შეხვედრა - არგენტინა ნახევარფინალშია [VIDEO]
არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]