ისეთი იდიოტიც არ ვარ, ბევრს რომ ჰგონია
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დუმილი დაარღვია და ყოველკვირეულ ფრანგულ გამოცემა ლ’Eხპრესს-ს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით თავისი ვერსია მოუთხრო. მოსიე დომენეკმა ილაპარაკა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც. “შემიძლია ერთი რამ გულწრფელად ვთქვა: საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორც ჭირვეული, გათავხედებული ბავშვები ისე იქცეოდნენ. ლიდერები... ისინი იყვნენ გუნდში? ვერ გეტყვით, მსგავსი სტატუსის მქონე ფეხბურთელებს არ შევხვედრივარ. ჯერ ეჭვი მქონდა, რომ ფეხბურთელებს არ ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. თუმცა
მოდი, სიმართლე ვთქვათ, ბევრ რამეში მე არასწორი ვიყავი. არ შეიძლებოდა მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებზე დაყრდნობა და მათთან ლამაზი სიტყვებით აზრის ჩამოყალიბებაც ზედმეტი იყო. მიუხედავად შეცდომებისა, ვეტერანი ფეხბურთელებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკას არ მივიღებ. მე მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი მინდა და იმისი თქმაც მსურს, რომ მე ისეთი იდიოტიც არ ვარ, ბევრს რომ ჰგონია.
სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს, თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მქონდა შემოთავაზება მეთამაშა მხატვრულ ფილმში, მეთამაშა თეატრალურ დადგმაში. აი ტელევიზიას კი არც გავეკარები. წარმოგიდგენივართ რომელიმე რეალითიშოუს წამყვანად? ფეხბურთს რაც შეეხება, რატომაც არა? თუმცა ჯერ არა. ჯერ ფეხბურთისგან მოყენებული ძველი წყენა უნდა გავიქარვო”.
მატჩების ჩატარება ეჭვქვეშ დგას
ყაზანის “რუბინისა” და ენსხედეს “ტვენტეს” პირველი მატჩის ჩატარება ეჭვქვეშ დადგა. ევროპის ლიგის 1/16 ფინალის შეხვედრა ყაზანიდან მოსკოვში რუსეთის ექსჩემპიონთა პრეზიდენტის სურვილით გადმოიტანეს, რათა თათრეთის რესპუბლიკის მკაცრ ბუნებას ხელი არაფერში შეეშალა. ჰოლანდიელ სტუმრებს არც მოსკოვი დახვედრია ხელგაშლილი. რუსული ჰიდრომეტცენტრის ცნობით, 17 თებერვალს დედაქალაქში ტემპერატურა -26 გრადუსამდე დაეცემა. არადა, ფიფას რეგლამენტით მინიმალური ტემპერატურა, როცა ფეხბურთის თამაში შეიძლება, -15 გრადუსია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მატჩის მთავარ მსაჯს აქვს. თავის მხრივ, ჰოლანდიელები რუსეთში გამგზავრებას განსაკუთრებით თბილად ჩაცმულები აპირებენ, - ამის შესახებ “ტვენტეს” ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იუწყება. თუკი შეხვედრა ჩაიშალა, “რუბინის” ხელმძღვანელობას უახლოეს ხანებში მოუწევს რომელიმე სამხრეთული ქალაქის მონახვა, რათა ევროპელ სტუმრებს იქ უმასპინძლოს. ანალოგიური მიზეზით რუსეთში მატჩის გადადება პირველი შემთხვევა არ იქნება. შეგახსენებთ, რომ
1999 წელს მოსკოვის “სპარტაკი” უეფას თასის 1/16 ფინალში “ლიდსს” სოფიაში დაუპირისპირდა მასპინძლის სტატუსით.
ყაზანელთა პრობლემები აწუხებთ ასევე შუაგულ ევროპაშიც – “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ სპეციალური თხოვნით მიმართა უეფას, რათა ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ბელარუსულ ბატე-ს მოგვიანებით უმასპინძლოს. პარიზელები შეშფოთებულები არიან იმით, რომ სინოპტიკოსები -10 გრადუსს წინასწარმეტყველებენ. ისინი მსგავს ამინდში თამაშს მიჩვეულები არ არიან. “დიახ, პარიზელთაგან წერილი უკვე მივიღეთ. გადაწყვეტილება კი ჯერ არ მიგვიღია,” – განაცხადა უეფას პრესსამსახურის თანამშრომელმა.
პ.ს წუხელ გვიან გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პარიზელთა თხოვნა არ შეისმინა და მატჩის გადადებაზე უარი თქვა.
ვოლფსბურგი კიაიერს გაყიდის
Gოალ.ცომ-ის ინფორმაციით, “ვოლფსბურგმა” სეზონის ბოლოს შეიძლება სიმონ კიაერის ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს. ეს ფეხბურთელი “მგლების” ბანაკში 2010 წლის ივლისში გადაბარგდა, თუმცა ამის მიუხედავად მის მიმართ ინგლისური პრემიერლიგის გრანდების ინტერესი არ გამქრალა. “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” სეზონის ბოლოს გერმანელებისთვის 21 წლის დანიელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის შეთავაზება მოუწევთ. თავის მხრივ, “მგლები” “ვერდერიდან” პერ მერტეზაკერის ყიდვას გეგმავენ. ბრემენელებს ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრის შემთხვევაში (დაგვეთანხმეთ, რომ “მუსიკოსებს” ამის პრაქტიკული შანსი უკვე აღარც შერჩათ), ფინანსური პრობლემები შეაწუხებთ, რის საკომპენსაციოდაც წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ. გერმანელი ჟურნალისტების ვარაუდით, ესენი იქნებიან სწორედ ზემოხსენებული მერტეზაკერი და მარკო მარინი. როგორც ჩანს, ვოლფსბურგელებს სწორედ ამ მომენტის გამოყენება სურთ.
ლევან ბიბილაშვილი