ტრანსფერები: იურგენ კლოპი დიდი ხნით "ლივერპულში"

AutoSharing Option
გაგაცნობთ ბოლო დღეებში ევროპის ტოპლიგებში განხორციელებულ ყველაზე საინტერესო ტრანსფერებს.

ინგლისი
სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად 1-ელ ივლისს გაიხსნა, მას მერე ერთი კვირის განმავლობაში, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა უკვე დახარჯეს ჯამში 300 მილიონი გირვანქა. ექსპერტების აზრით, 31 აგვისტოსთვის პრემიერლიგის გუნდები მილიარდ გირვანქაზე მეტს დახარჯავენ.

* "ბორნმუთმა" შეიძინა ჩემპიონშიპის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუის კუკი. 19 წლის ნახევარმცველთან, რომელიც "ლიდსში" თამაშობდა 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

* "ლივერპულმა" იურგენ კლოპთან ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2022 წლამდეა.

* მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი აჰმედ მუსა ინგლისის ჩემპიონ "ლესტერში" გადავიდა. 23
წლის ფეხბურთელში 15 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.

* "ნიუკასლის" 31 წლის შემტევი პაპის დემბა სისე ჩინურ "შანდუნ ლუნენში" გადავიდა.

ესპანეთი
ესპანეთში მთავარი თემა ალვარო მორატას საკითხია. როგორც ჩანს, "სამეფო კლუბმა" გადაიფიქრა და ინგლისში ფორვარდის სარფიანად გაყიდვაზე ხელი აიღო.

* გენუის "სამპდორიას" ნახევარმცველი ხოაკინ კორეა "სევილიაში" გადავიდა. 21 წლის არგენტინელი მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას ანდალუსიურ კლუბში.

* 23 წლის ლუკას სილვას ტრანსფერი "რეალიდან" ლისაბონის "სპორტინგში" ბოლო წამს ჩაიშალა. სამედიცინო შემოწმება 4 საათს გაგრძელდა, სილვას გულის პრობლემები დაუდგინდა, რის გამოც მას ფეხბურთისთვის თავის დანებება ურჩიეს.

* მადრიდის "რეალი" შეუთანხმდა "ვოლფსბურგს" და 19 წლის ბორხა მაიორალს იჯარით გერმანულ კლუბში გაუშვებს.

* "რეალმა" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ალვარო მორატასთან დაკავშირებით, 23 წლის ფორვარდი გუნდში დარჩება და არ გაიყიდება.

* "ესპანიოლმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლეო ბაპტიშტაო კარილიო შეიძინა. ორშაბათს ბაპტიშტაო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გერმანია
* მატიას ზამერმა მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. 48 წლის ზამერმა თავად ითხოვა გათავისუფლება. საქმე ისაა, რომ ზამერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გამოსწორდა, მაგრამ მას დაძაბულ ტემპში შრომა ექიმებმა არ ურჩიეს.

* ბრემენის "ვერდერმა" 30 წლის ფინელი მცველი ნიკლას მოისანდერი შეიძინა, რომელიც ბოლოს "სამპდორიაში" თამაშობდა.

იტალია
* ფლორენციის "ფიორენტინამ" 18 წლის იანის ჰაჯი დაიმატა, რომელიც რუმინული ფეხბურთის ლეგენდის, გეორგე ჰაჯის შვილია.

* მილანის "ინტერმა" მაურო იკარდი ტრანსფერზე დააყენა. 23 წლის არგენტინელ ფორვარდს მთხოვნელები არ აკლია. მისი სავარაუდო საბაზრო ფასი 70-75 მილიონი ევროა.

საფრანგეთი
* "ლილმა" იჯარა გააგრძელა "მონაკოს" 20 წლის ნახევარმცველ მარკუშ ლოპეშთან.

* "რენის" 26 წლის მცველი ფალუ დიანიე ბრემენის "ვერდერში" გადავიდა.

* "ლილის" მცველი ჯიბრილ სიდიბე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდა, 24 წლის ფეხბურთელმა 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

სხვები
* ვაკასო მუბარაკი ყაზანის "რუბინიდან" ბერძნულ "პანათინაიკოსში" გადავიდა. 25 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

* კოსტა რიკის ნაკრების ნახევარმცველი იელცინ ტეხედა "ევიანიდან" შვეიცარიულ "ლოზანაში" გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელმა 2019 წლამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული