სტადიონზე ძვირი... უნდა გაყიდოს თუ არა "იუვენტუსმა" პოლ პოგბა?

AutoSharing Option
* მედიის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას კვირაში 220 ათას გირვანქაზე შეუთანხმდა.
* პოგბას აგენტი მინო რაიოლა უარყოფს, რომ "იუნაიტედი" უკვე შეუთანხმდა ფეხბურთელს.
* მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერი" "იუვენტუსს" 120 მილიონ ევროს უხდის, ეს კი მსოფლიოს რეკორდია საფეხბურთო ტრანსფერებში.
* პოგბა "იუვენტუსში" სწორედ "მანჩესტერიდან" გადავიდა 2012 წელს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაა. 23 წლის ნახევარმცველის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს" და მადრიდის "რეალს" სურთ. ბოლო ინფორმაციით, მანჩესტერელები მზად არიან, რომ პოგბას სანაცვლოდ, "იუვეს" 120 მილიონი ევრო
გადაუხადონ!!!

თანხა მართლაც კოლოსალურია, "იუვენტუსი" კი დილემის წინაშეა - ერთი მხრივ, საკვანძო ფეხბურთელი და უდავოდ დიდი ძალა და მეორე მხრივ, ასტრონომიული თანხა, რომლითაც კიდევ უფრო აქტიური სატრანსფერო კამპანია შეგიძლია აწარმოო. უნდა გაყიდოს თუ არა "იუვემ" პოგბა? - საკითხავი აი, ეს არის და ჩვენც ამ თემაზე შევჩერდეთ...

პოგბა უფრო ძვირია, ვიდრე "იუვენტუს არენა"
თუ მიწის ნაკვეთის შესყიდვას და სტადიონის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას არ ჩავთვლით, "იუვენტუს არენის" აშენება 115 მილიონი ევრო დაჯდა. ანუ სუფთა სამშენებლო სამუშაოების ღირებულება სწორედ 115 მილიონი ევროა.

პოგბას სატრანსფერო ფასი 120 მილიონია და გამოდის, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი სტადიონზე უფრო ძვირია. თავად განსაჯეთ, "იუვენტუსს" შეუძლია, რომ ერთი ტრანსფერით სტადიონში ჩადებული ინვესტიცია მთლიანად ამოიღოს.

ამ დროს, რამდენი იტალიური გრანდი ვერ ახერხებს, რომ თავისი სტადიონი ააშენოს? - "მილანი", "ინტერი", "რომა", "ლაციო", "ნაპოლი", "ფიორენტინა" - ეს კლუბები, ალბათ, სიამოვნებით გაასხვისებდნენ პოგბას და შემდეგ ააშენებდნენ ახალ, თანამედროვე არენებს...

პოგბა, როგორც ზიდანი
2001 წელს "იუვენტუსმა" მადრიდის "რეალს" ზინედინ ზიდანი მიჰყიდა და მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო აიღო. მაშინ ზიდანი გაცილებით უფრო დიდი ფიგურა იყო, ვიდრე დღეს პოლ პოგბაა და ტურინული გუნდისთვისაც კიდევ უფრო დიდ ძალას წარმოადგენდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ დროისთვის ზიზუ უკვე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, "იუვე" შეელია ზიდანს და, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამით უფრო მოიგო, ვიდრე წააგო.

ზიდანის სანაცვლოდ აღებული ფულით, "იუვენტუსმა" ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტიურამი და პაველ ნედვედი გადაიბირა, რითაც პრაქტიკულად, ყველა რგოლი გააძლიერა. რეალურად, მივიღეთ ახალი "იუვე", რომელმაც შემდეგ უამრავი ტიტული მოიგო.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანლუკა ძამბროტამ აღნიშნა, ზიდანის სანაცვლოდ აღებული ფული "იუვენტუსზე" დღემდე მუშაობს, რადგან ბუფონი ისევ ტურინული გუნდის კარს იცავს და კიდევ მინიმუმ ორი წელი არ აპირებს კარიერის დასრულებას.

"იუვენტუსს" ამჯერადაც შეუძლია, რომ გაყიდოს პოგბა და ამ ფულით, მაგალითად, 3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გადაიბიროს...

ვინ უნდა იყიდოს "იუვემ" 120 მილიონად?
ერთია, რომ 120 მილიონად შეგიძლია იყიდო 3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, მაგრამ არიან კი ბაზარზე ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მაშინ ბუფონი, ტიურამი და ნედვედი იყვნენ? - მაგალითად, "იუვეს" შეუძლია ამ თანხით რაჰიმ სტერლინგი და კევინ დე ბრუინი იყიდოს, მესამე ფეხბურთელისთვის კი ფული არ დარჩება და ასეთ შემთხვევაში, "იუვე" აუცილებლად იზარალებს - ანუ ბაზარზე მეტწილად ისეთი "ვარსკვლავები" არიან, რომელთა ფასი აშკარად გაბერილია და ასეთ შემთხვევაში, "იუვეს" ნამდვილად არ უღირს პოგბას გაყიდვა...

მაგრამ მაინც, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა გადაბირებით "იუვეს" რეალურად შეუძლია გაძლიერება და შეგვიძლია კონკრეტული გვარებიც ჩამოვთვალოთ - მაგალითად, მარკო ვერატი და რაჯა ნაინგოლანი ნახევარდაცვაში, ხოლო ედინსონ კავანი თავდასხმაში.

მართალია, წინასწარ რთულია იმის ვარაუდი, ვინ გაამართლებს და ვინ არა, მაგრამ "იუვე" სწორედ იმითაა ძლიერი, რომ სწორი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და თითქმის არასდროს ცდება ფეხბურთელებში.

და მაინც, უნდა გაყიდოს თუ არა "იუვემ" პოგბა? - საკითხავი აი, ეს არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ზიდანმა ჯერ ვერ მოასწრო, ხოლო მოურინიოსგან ბევრი სულელური ტრანსფერი გვახსოვს. როცა საქმე ეხება სხვის ფულს მოურინიო ძალიან ხელგაშლილია და როცა დახარჯული მილიონების შესაბამის შედეგს სთხოვენ უბრალოდ გარბის გუნდიდან სულ "განაკუთრებულის" ძახილით და ყვირილით. "გაღმა შეედავეო და გამოღმა შეგრჩებაო" გაუგია თუ არა ეს ქართული სიბრძნე მოუს არ ვიცი, მაგრამ კი იქცევა "მაგრე" და ღმერთმა უწყის.
.........
01:25 23-07-2016
0
ჰოდა ზიდანმა და მოუმ უკეთ იციან))
VIKING
00:08 23-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული