ტრანსფერ ONLINE: 8 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:26. უახლოეს საათებში წერტილი უნდა დაესვას ზაფხულის მთავარ სატრანსფერო ისტორიას. "მანჩესტერ იუნაიტედმა" უფლება მიიღო, პოლ პოგბას სამედიცინო შემოწმება ჩაუტაროს. გარიგების საფასური 110-120 მილიონი ევროს ფარგლებშია. თანხმდება უკანასკნელი დეტალები...

12:30. დღის კიდევ ერთი ინტრიგა. ყურბან ბერდიევმა არჩევანი უნდა გააკეთოს - ან რუსეთის ნაკრები ჩაიბაროს, ან მოსკოვის "სპარტაკი". საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიტალი მუტკოს თქმით, "რუბინისა" და "როსტოვის" ექსმწვრთნელს საბოლოო პასუხი ორშაბათს საღამოსთვის უნდა ჰქონდეს...

12:39. კრისტიან ბენტეკეს "ლივერპულიდან" წასვლა სურს. "გარდიანთან" ინტერვიუში აგენტმა თქვა, რომ მის კლიენტს რამდენიმე შეთავაზება აქვს, თუმცა დაკონკრეტება
არ შეუძლია. ბენტეკე და მისი აგენტი იმედოვნებენ, რომ ტრანსფერს უახლოეს დღეებში დაადგამენ თავს.

12:42. BBC-მ გადმოსცა, რომ რობერტო მანჩინი "ინტერიდან" წავიდა. "ნერაძურის" ახალი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად დასახელდა ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში წვრთნიდა "აიაქსს".

12:46. "არსენალი" ახალ შეთავაზებას ამზადებს "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდისთვის. ლონდონელები მზად არიან, 23 წლის არგენტინელში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ და თან ოლივიე ჟირუც დათმონ.

12:53. ჩემპიონშიფის ბინადარ "ბირმინგემს" სურს, "მანჩესტერის" ფორვარდი, 20 წლის ჯეიმს უილსონი იჯარით აიყვანოს. ჟოზე მოურინიო წინააღმდეგი არ არის.

12:59. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაცია: მარიო ბალოტელი, ბოლოს და ბოლოს, დატოვებს "ლივერპულს". მისით სერიოზულადაა დაინტერესებული იტალიური სერია A-ს კლუბი "კიევო", რომლის პრეზიდენტსაც ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა უკვე ესაუბრა.

13:12. ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა მარტინ ედეგორმა ახალი სეზონი, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაიწყოს, სადაც მის მიმართ ინტერესს "ვესტ ჰემი" გამოთქვამს. ედეგორის გადაბირება "ლივერპულსაც" სურს, თუმცა იურგენ კლოპს 17 წლის ახალგაზრდისთვის კვირაში 80 ათასი გირვანქა არ ემეტება.

13:18. "იუვენტუსი" უკვე ეძებს პოლ პოგბას შემცვლელს. პრიორიტეტული ვარიანტია პსჟ-ის ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი. შედარებით უკანა პლანზეა ბელგიელი აქსელ ვიტსელის კანდიდატურა.

13:26. მოულოდნელი ინფორმაცია: "მანჩესტერ სიტი" მზადაა, სამი ნასრი გაასხვისოს და სარფიანი წინადადებებიც მოისმინოს.

13:29. ლუკას ერნანდესმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა.

14:11. "მილანის" ახალ მფლობელებს "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, ისკოს შეძენა სურთ. ესპანელი დაახლოებით 45 მილიონი ევრო ღირს. "როსონერის" კონკურენტი ეყოლება "არსენალის" სახით - ისკო არსენ ვენგერსაც მოსწონს.

14:30. "სქაი სპორტმა" გადმოსცა, რომ პოლ პოგბა უკვე მივიდა "მანჩესტერის" ბაზაზე.

14:45. პსჟ-მა "რეალისგან" ხესე იყიდა. გარიგების საფასური 25 მილიონი ევროა. კონტრაქტი 5-წლიან თანამშრომლობაზეა გათვლილი.

14:52. "არსენალსა" და "ტოტენჰემს" ლონდონური დერბი აქვთ გაჩაღებული სატრანსფერო ბაზარზე. სამიზნეშია 20 წლის გერმანელი მცველი ლუკას კლოსტერმანი, რომელმაც გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგა "ლაიპციგთან" ერთად მოიგო და ელიტაში შეაბიჯა.

14:57. რუსული "სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციით, უმწვრთნელოდ დარჩენილი "როსტოვის" თავკაცად შეიძლება ვალერი კარპინი დაინიშნოს.

15:01. სამირ ნასრისთან დაკავშირებულ ბუნდოვან სიტუაციას ნელა-ნელა ნათელი ეფინება. "სიტი" მზადაა, ფრანგს 25 მილიონ ევროდ შეელიოს. მყიდველებს შორის "მილანს", "ინტერსა" და "რომას" მოიხსენიებენ.

15:16. "სუონსის" ესპანელმა ლეგენდამ, ანხელ რანხელმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა. 34 წლის მცველი უელსურ კლუბში 2007 წლიდან თამაშობს.

15:29. კინგსლი კომანმა "ბაიერნში" დარჩენის სურვილი გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ მზად არის, "იუვენტუსს" 21 მილიონი ევრო გადაუხადოს და ფრანგი "რეკოდმაისტერის" საკუთრებად აქციოს.

15:56. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, "არსენალს" ახლა ხამეს როდრიგესის ყიდვა მოუნდა, რაკი "ლესტერიდან" რიად მაჰრეზის გადაბირება ვერ შეძლო.

16:04. პეპ გვარდიოლა "სიტის" დაცვის ხაზით უკმაყოფილოა და "ევერტონიდან" ჯონ სტოუნზის წაყვანა სურს.

16:14. მწვრთნელ იგორ ჩერევჩენკოსთან ერთად, მოსკოვის "ლოკომოტივს" ხორვატი მცველი ვედრან ჩორლუკაც ტოვებს. აგენტის თქმით, მისი კლიენტი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

16:37. როგორც ამბობენ, "ჩელსი" დიეგო კოშტას ყიდის. ფორვარდის შეძენა "ნაპოლისა" და "ინტერს" ნდომებიათ. ახლა იტალიაში დიდი ფულია...

17:16. "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსს თავისი გუნდის კარში მიშელ ვორმის ხილვა სურს. 32 წლის მეკარეს "ტოტენჰემში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

17:37. ემანუელ ფლიმპონგი "არსენალში" ბრუნდება, ოღონდ არა ლონდონის, არამედ - ტულის. ამ ქალაქის გუნდი რუსულ პრემიერლიგაში ამ სეზონში აღზევდა. მანამდე ფლიმპონგი "უფაში" თამაშობდა.

18:00. "ლაციოს" ანტონიო კანდრევას შემცვლელად ლუკას ვასკესი ("რეალი") ესახება.

19:36. "რენს", "ოლიმპიაკოსსა" და "ჰამბურგს" "ნიუკასლის" ფორვარდი ემანუელ რივიერი აინტერესებთ.

19:45. ახალი ამბავი პოლ პოგბაზე: ფრანგმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. კონტრაქტის ხელმოწერა სამშაბათისთვისაა დანიშნული.

20:11. მაურიციო ისლა "იუვენტუსიდან" "კალიარიში" გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 4 მილიონი ევროა. ჩილელი ნახევარმცველი სარდინიაზე წელიწადში 700 ათას ევროს მიიღებს.

21:00. "სევილიას" ლუკას ბარიოსის ევროპაში დაბრუნება სურს. პარაგვაელი ახლა ბრაზილიური "პალმეირასის" ღირსებას იცავს. ანდალუსიელებს ტრანსფერისთვის 12 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული