რეალი-სევილია 3:2 - მადრიდელებმა სეზონი ტრიუმფით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმში ჩატარებული ევროპის სუპერთასის მატჩი საინტერესო, უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა.

მართალია, არა ისეთი ფეერიული, როგორიც თბილისში, მაგრამ მთლიანობაში, თამაშს არაფერი დაეწუნებოდა.

მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, ძირითადი დრო კი ფრედ დასრულდა, 2:2. ანგარიში "რეალის" ახალგაზრდა გარემარბმა ასენსიომ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან გაისროლა და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში ჩასვა.

ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც "სევილიამ" მარჯვენა ფრთიდან განავითარა შეტევა, ჩაწოდებას კი ფრანკო ვასკესის
დარტყმა და საპასუხო გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ვასკესი "სევილიის" ახალწვეულია, გასული სეზონი კი არგენტინელ-იტალიელმა "პალერმოში" გაატარა და სიცილიური გუნდის ლიდერი იყო.

მეორე ტაიმის შუაწელს "რეალის" საჯარიმოში ვიტოლო შეიჭრა, სერხიო რამოსი მოატყუა, მცველის დატოვებულ ფეხს წამოედო და მინდორზე გაწვა, მსაჯმა კი ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა - ბურთთან კონოპლიანკა მივიდა და რბილი, ტექნიკური დარტყმით მეკარისაგან დაბალ კუთხეში მოათავსა, 1:2.

მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა შეცვლებით სცადა მატჩის გადარჩენა, თუმცა გამათანაბრებელი გოლი სერხიო რამოსმა შეაგდო, რომლის კისერზეც აკიდებული თერთმეტმეტრიანი იყო - "რეალის" კაპიტანმა მერამდენედ გამოამჟღავნა ლიდერის თვისებები და მერამდენედ გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში და ამჯერადაც, მან თავური დარტყმით იხეირა, 2:2.

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, კულმინაცია კი 120-ე წუთზე, დანი კარვახალის გოლი იყო, რომელმაც შედეგიანი დარტყმა ბრწყინვალე სოლო-რეიდის შემდეგ განახორციელა, 3:2.

შედეგად, თასი "რეალმა" მოიგო, "სევილია" კი ისევ ხელმოცარული დარჩა. ისიც აღვნიშნოთ, რომ "სამეფო კლუბმა" მორიგი ტროფეი ლიდერების, კრიშტიანო რონალდოს და გარეთ ბეილის გარეშე მოიგო.

ზიდანის გუნდმა სეზონი ტრიუმფით დაიწყო - არადა, "სევილია" ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან...

რეალი-სევილია 2:2 დ.დ. 3:2
გოლები: 1:0 ასენსიო (21), 1:1 ვასკესი (41), 1:2 კონოპლიანკა (72-პენ.), 2:2 რამოსი (90+3)
რეალი (4-3-3): კასილია – კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო – ისკო (66. მოდრიჩი), კაზემირო, კოვაჩიჩი (72. ხამესი) – ასენსიო, ვასკესი, მორატა (62. ბენზემა)
სევილია (3-4-3): რიკო – პარეხა, კარისო (51. რამი), კოლოძიჩაკი – მარიანო, ნძონძი, იბორა (74. კრანევიტერი), ვასკესი – ვიტოლო, კიოტაკე, ვიეტო (67. კონოპლიანკა)
გაფრთხილება: კარვახალი, ასენსიო, ხამესი – ვიტოლო
გაძევება: კოლოძიჩაკი (93. სევილია)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 16-6 (13-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 21 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთი, სპორტის ნომერ პირველი სახეობა, ყოველთვის იყო გრანდიოზული შოუ, მაგრამ არსებობს ამ შოუს გასაცოდავებული მსგავსებაც და ეს არის „ქართული დამდგარი ფეხბურთი”.

გუშინ "რეალის" ფეხბურთელებმა 250 სპრინტი გააკეთეს, რაც "სევილიას" 180 სპრინტთან შედარებით სერიოზული უპირატესობაა. მატჩის შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა.

ცნობისათვის - "დინამო" თბილისის ფეხბურთელები ერთ თამაშში საშუალოდ 50 სპრინტს აკეთებს, რაც საერთაშორისო სარბიელზე წარმატების მოსაპოვებლად საკმარისი არ არის.
გუჯა კახაძე
14:19 10-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული