ტრანსფერ ONLINE: 17 აგვისტოს ჭორები და ტრანსფერები

AutoSharing Option
11:58. პორტუგალიური გამოცემა "რეკორდი" წერს, რომ ესეკილ გარაი შეიძლება "ბენფიკაში" დაბრუნდეს. ლისაბონელებს ის იმ ლუიზაოს შემცვლელად ესახებათ, რომელიც მალე ინგლისს მიაშურებს. გარაი ამგვარი პერსპექტივის წინააღმდეგი არ არის, თუნდაც ეს ნაკლებ ხელფასზე იყოს. პრობლემა "ზენიტშია", რომელიც მცველს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

12:03. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ჟოზე ფონტეს ("საუთჰემპტონი") ტრანსფერში მარკოს როხო გამოიყენოს. ცნობილია, რომ როხო ჟოზე მოურინიოს გეგმებში ვერ ჯდება, ხოლო რაც შეეხება ფონტეს, 32 წლის მცველისთვის "არსენალიც" აპირებს ბრძოლას.

12:07. "მილანი" და "იუვენტუსი" ხუან კუადრადოს ("ჩელსი") არ ეშვებიან. გასული სეზონი
კოლუმბიელმა იჯარით სწორედ "იუვენტუსში" გაატარა, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ ტურინში მის გამოსყიდვაზე დაფიქრდნენ. აქეთ კიდევ "მილანია", რომელსაც ფული გაუჩნდა... მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

12:11. "მარკას" ინფორმაციით, მუნირისთვის ("ბარსელონა") ბრძოლაში პსჟ-ს "შალკე" შეეცილება. არადა, ფორვარდს კატალონიაში დარჩენა სურს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ლუის ენრიკე ახალ ფორვარდს ითხოვს.

12:23. უახლოეს დღეებში "ბაიერნი" აუცილებლად გამოისყიდის "იუვენტუსისგან" კინგსლი კომანს. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია - გარიგების საფასურად 21 მილიონი ევრო განისაზღვრა.
"ეს, უბრალოდ, გარდაუვალია. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ კომანით", - ბეჭედი დასვა "ბაიერნის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

12:37. მცველი ბენუა ასუ-ეკოტო "სენტ ეტიენიდან" იჯარით "მეცში" გადაბარგდა.

12:48. პეპე რეინამ უარყო ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონა" (სადაც 1999-2002 წლებში თამაშობდა) ეპატიჟება. რამდენიმე დღის წინ ესპანურ პრესაში დაიწერა - კატალონიელებს 33 წლის მეკარე "მანჩესტერ სიტიში" მიმავალი კლაუდიო ბრავოს შემცვლელად ჰყავთ შეგულებულიო.

13:03. მოსკოვის "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი როდიონოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარი მწვრთნელის საკითხი საღამოსთვის გაირკვეოდა. მოგეხსენებათ, ყურბან ბერდიევთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა (მწვრთნელმა დიდი უფლებები მოითხოვა). არადა, გამოცდილი სპეციალისტი "როსტოვიდან" იმ იმედით წავიდა, რომ ორიდან ერთ კურდღელს მაინც დაიჭერდა - ან რუსეთის ნაკრებს ჩაიბარებდა, ან "სპარტაკში" იმუშავებდა. მაგრამ ცნობილი სიბრძნე გამართლდა და კურდღლების მადევარი ბერდიევი მთლად მშრალზე დარჩა. მოელიან, რომ საღამოსთვის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად გამოცხადდება იტალიელი მასიმო კარერა, ვინც "სახალხო გუნდის" საჭე დმიტრი ალენიჩევის წასვლის შემდეგ დროებით ჩაიბარა.

13:16. "ბარსელონას" აღზრდილი ჟორდი გომესი ნახევარწლიანი იჯარით ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ "უიგანში" გადავიდა.

13:25. ნახევარმცველი მარიო სუარესი სეზონის ბოლომდე იჯარით "ვალენსიაში" ითამაშებს. მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ მომავალი წლის ზაფხულში "ღამურებს" "უოტფორდისგან" მისი გამოსყიდვაც შეეძლებათ.

13:54. საინტერესო ამბავი! "სევილიამ" სანტანდერის "რასინგისგან" ტყუპი ძმები - ბორხა და ფედე სან ემეტერიოები გადაიბირა და 3-3-წლიანი კონტრაქტებიც გაუფორმა.

14:15. "ბენფიკას" მცველი ლუიზაო ამ დღეებში "ვულვზის" (ჩემპიონშიფი) ფეხბურთელი გახდება.

15:05. როგორც ამბობენ, "ვოლფსბურგმა" და "იუვენტუსმა" სიმონე ძაძას ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკეს. ახლა "მგლები" მარიო გომესს მოუსინჯავენ კბილს.

15:19. კარლოს ტევესის აგენტმა თქვა, რომ მისმა კლიენტმა "ნაპოლისთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა. მანვე დასძინა, რომ იტალიური ვარიანტი "ბოკა ხუნიორსის" ფორვარდისთვის პრიორიტეტი არ ყოფილა. ამიტომ პირველივე გაუგებრობის შემდეგ "ნაპოლის" უარი უთხრა.

17:00. "სპარტაკმა" მთავარ მწვრთნელად მასიმო კარერა დაამტკიცა.

18:30. სეიდუ კეიტამ ყატარს მიაშურა. მალელი ნახევარმცველი ბოლოს "რომაში" თამაშობდა, ახლა კი "ალ ჯაიშის" ღირსებას დაიცავს.

18:49. "ლაციომ" ოფიციალურად გამოაცხადა ანგოლელი მცველის, ბაშტუშის შეძენის თაობაზე.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული