ბელგია-ესპანეთის წინ: ორი მეგობარი, ორი დებიუტანტი

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს ბრიუსელში, 22:45 საათზე ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებების ძალზე საინტერესო მატჩი გველის. როგორც ევრო 2016-ის მეოთხედფინალისტ ბელგიაში, რომლისგანაც ამ ჩემპიონატზე მაინც მეტს ელოდნენ, ასევე ევროპირველობაზე ტიტულის დამთმობ ესპანეთში, მწვრთნელთა დებიუტებს ველით...

ბევრს ემახსოვრება, რომ ეს მატჩი ბრიუსელში ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ პარიზის ტერაქტის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და ამხანაგური შეხვედრა გაუქმდა. იმედია, ამ დაპირისპირებას მაინც არ დაემუქრება თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი ავადმყოფობა - ტერორიზმი.

ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ელის ბასკ სპეციალისტ ხულიენ ლოპეტეგის - ყოფილ გოლკიპერსა და "პორტუს" ყოფილ თავკაცს, რომლის
პირველი საკადრო გადაწყვეტილება მის მეგობარსა და ყოფილ შეგირდს, იკერ კასილიასს შეეხო.

ლოპეტეგიმ ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ნაკრებს მიღმა დატოვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას კარს არ უხურავს. ფაქტია, რომ კასილიასის ერა "ფურია როხაში" დასასრულს უახლოვდება (თუ უკვე არ დასრულდა). ლოპეტეგი, სანამ შემადგენლობას გამოაცხადებდა, პორტუგალიაში ჩავიდა და თავისი გადაწყვეტილება იკერს პირადად გააცნო.

"არ არის ჩემი იდეაფიქსი, მაინცდამაინც რაღაც შევცვალო ნაკრებში. მთავარია იმ უზარმაზარი პოტენციალის სწორად ამოქმედება, რომელიც ესპანურ ფეხბურთს გააჩნია.

ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს, რომელთა წყალობითაც უნდა შეგვეძლოს ნებისმიერი მატჩის მიმდინარეობის ისე კონტროლი, როგორც ჩვენ გვაწყობს. ბოლო დროს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული მიღწევებით გაგვანებივრა. ჩემი მიზანია, გუნდს მივცე ის, რაც მას სჭირდება და არაფერი მეტი", - განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე 50 წლის ლოპეტეგიმ.

ესპანეთის ნაკრებს ბელგიასთან თამაში მუნდიალის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად სჭირდება, თუმცა "ფურია როხას" პირველი მეტოქე 2018 წლის ციკლში მეტისმეტად სუსტი ჰყავს - ლიხტენშტაინის ნაკრები. ამ ჯუჯა ქვეყნის გუნდს მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონი ქალაქ ლეონში 5 სექტემბერს უმასპინძლებს.

ბრიუსელში ესპანელ მწვრთნელთა დუელი გველის, რადგან "წითელ ეშმაკებში" რობერტო მარტინესის დუელი გველის, რომელსაც კიდევ უფრო საინტერესო ასისტენტი ჰყავს - ტიერი ანრი. "ევერტონის", "სუონსისა" და "უიგანის" ყოფილი თავკაცი ლოპეტეგის მეგობარია:

"დიახ, ის ჩემი კარგი მეგობარია. მან ინგლისში დაამტკიცა თავისი მაღალი კვალიფიკაცია. ახლა კი მას წარმატებას ვუსურვებ ბელგიის ნაკრებში. ბელგია და ესპანეთი ორი დიდი გუნდია და თამაშიც შესაბამისად, მაღალი დონის უნდა იყოს. ეს მატჩი ნოემბერში არასაფეხბურთო ამბების გამო გაუქმდა, ახლა კი მაყურებელი ჩვენგან კარგ სანახაობას უნდა ელოდოს", - განაცხადა ლოპეტეგიმ.

იკერის არყოფნაში "ფურია როხას" სერხიო რამოსი უკაპიტნებს, კარში კი "მანჩესტერის" გოლკიპერი დავიდ დე ხეა ჩადგება.

"მარკამ" მკითხველების გამოკითხვა მოაწყო, თუ როგორი შემადგენლობით სურთ ფანებს ითამაშოს ესპანეთის ნაკრებმა ბელგიასთან.

ყველაზე მყარად მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ კარში დე ხეა უნდა იდგეს (ხმების 92%). დაცვა ასე გადანაწილდა: კარვახალი (20%), რამოსი (22), პიკე (21), ალბა (21). ნახევარდაცვა: ბუსკეტსი (15), კოკე (10), ტიაგო (9,5), სილვა (11). წინ უპირატესობა ნოლიტოსა (10,5) და მორატას (11,5) დუეტს ენიჭება.

სავარაუდო შემადგენლობები ("მარკას" მიხედვით)
ბელგია (4-4-2): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - აზარი, ნაინგოლანი, დემბელე, დე ბრუინი - ლუკაკუ, ბენტეკე
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ს. რობერტო, პიკე, ს. რამოსი, ალბა - კოკე, ბუსკეტსი, საული - ნოლიტო, მორატა, ვიტოლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული