სატრანსფერო ზაფხული 2016: მოვიდნენ, წავიდნენ, მოვიდნენ...

AutoSharing Option
მუდამ ასე იყო და ასე იქნება - ფეხბურთელები კლუბებს იცვლიან და თავიანთთვის საუკეთესო გარემოს ეძებენ, ოღონდ ყოველთვის ყველაფერი მათზე როდია დამოკიდებული.

ზოგს ნების საწინააღმდეგოდ ყიდიან, ზოგს ამისკენ გამოუვალი სიტუაცია უბიძგებს, ზოგჯერ თვითონ კლუბებიც ცდებიან - ყიდიან ფეხბურთელებს ვითომდაც უსარგებლობის გამო და მერე უკან ასტრონომიულ ფასად იბრუნებენ.

გადავხედოთ ამ ზაფხულის ხმაურიან დაბრუნებებს...

...ამის კლასიკური მაგალითი იყო პოლ პოგბას ისტორია. 2011 წელს ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიიდან მთავარ გუნდში დააწინაურეს, თუმცა იმ სეზონში სერ ალექს ფერგიუსონმა პერსპექტიული საყრდენი ნახევარმცველი მხოლოდ სამ მატჩში ათამაშა,
სეზონის ბოლოს კი "იუვენტუსს" კაპიკებში დაუთმო.

2012-დან 2016 წლამდე პოგბამ "იუვენტუსში" 124 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა, იქცა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად და აგერ, ცოტა ხნის წინ "იუნაიტედმა" 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა.

* * *
დავიდ ლუისის "ჩელსიში" დაბრუნებას თითქოს არაფერი მოასწავებდა. ბრაზილიელმა თმახუჭუჭამ "სტემფორდ ბრიჯზე" 2011-დან 2014 წლამდე ითამაშა, 81 მატჩში 6 გოლი გაიტანა და პსჟ-მა 62 მილიონ ევროდ იყიდა.

გავიდა დრო, "ჩელსიში" მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე მივიდა და ნახა, რომ დაცვაში პრობლემები ჰქონდა. და ვინ დაეხმარებოდა "ჩელსის" ამ პრობლემების მოგვარებაში, თუ არა ძველი ნაცნობი?

ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა და დავიდ ლუიზი "არისტოკრატებში" 45 მილიონ ევროდ დაბრუნდა.

* * *
მარიო გიოტცე 2009 წელს 17 წლისა მივიდა "დორტმუნდში", სადაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა. რა თქმა უნდა, არ ეძინა "ბაიერნს", რომელიც ყოველთვის ნადირობდა კონკურენტი გუნდების ტალანტებზე და 2013 წელს მოინადირა კიდეც გიოტცე 37 მილიონ ევროდ.

მაგრამ გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავბიჭუნამ "ბაიერნში" ეგრეც ვერ იპოვა მყარი ადგილი, ვერა და ვერ იქცა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიურ მუნდიალზე მისმა გოლმა გერმანიას ტრიუმფი მოუტანა...

ამ ზაფხულს გუნდში მისულმა კარლო ანჩელოტიმ გიოტცეს გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო. "დორტმუნდმაც", მანამდე მატს ჰუმელსი 38 მილიონ ევროდ რომ გაუშვა "ბაიერნში", სიკაშკაშედაკარგული ვარსკვლავი 25 მილიონ ევროდ დაიბრუნა.

* * *
ისევ მიუნხენურ-დორტმუნდულ ისტორიაზე. 2008 წელს 20 წლის მატს ჰუმელსი "ბაიერნმა" ერთი სეზონით "დორტმუნდს" ათხოვა. პერსპექტიულმა ცენტრალურმა მცველმა "ვესტფალენშტადიონზე" ფეხი მოიკიდა, წარმატებული სეზონი ჩაატარა და 2009 წლის ზაფხულში დორტმუნდელებმა ის თავიანთ საკუთრებად აქციეს.

დადგა შესანიშნავი შვიდწლიანი პერიოდი - 225 მატჩი და 19 გოლი, 2010 წელს კი დებიუტი გერმანიის ნაკრებში, რომელიც დღეს ჰუმელსის გარეშე წარმოუდგენელია.

ესეც პოგბას ისტორიის ანალოგია - დაწუნებული ფეხბურთელი "ბაიერნმა" ამ ზაფხულს 38 მილიონ ევროდ მიაბრუნა.

* * *
სანამ 23 წლის ალვარო მორატამ "იუვენტუსში" თავი არ გამოიჩინა, "რეალი" მის ტალანტში ვერ დარწმუნდა. სწორედ "იუვეში" ყოფნისას მიიწვიეს ის ესპანეთის ნაკრებში, სადაც აქამდე 13 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

"რეალმაც" ვეღარ გაუძლო ცდუნებას და თავისი აღზრდილი ამ ზაფხულს 30 მილიონ ევროდ დაათმობინა "ბიანკონერის".

* * *
2007 წელს ფერნანდო ტორესმა "ატლეტიკო" "ლივერპულზე" გაცვალა. მადრიდში ის ნამდვილი მეფე იყო - 6 წელიწადში 214 მატჩი ჩაატარა და 82 გოლი შეაგდო.

ტორესი ერთხანს რაფა ბენიტესის "ლივერპულშიც" ტორესობდა, მაგრამ წავიდა "ჩელსიში" და იქიდან დაეწყო კარიერის ნგრევა. მერე იყო დაკარგული სეზონი "მილანში" და 2015 წელს განათხოვრება მშობლიურ "ატლეტიკოში".

რა თქმა უნდა, ეს ის "ელ ნინიო" აღარ იყო, მაგრამ სეზონნახევარში 49 მატჩი და 14 გოლი ერთგვარ რეაბილიტაციად შეიძლება ჩავთვალოთ.

ახლა ტორესი უკვე სრულფასოვანი "როხიბლანკოა". ცოტა ხნის წინ "ატლეტიკომ" "მილანისგან" ის საბოლოოდ გამოისყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული