ამასწინათ "ლელომ" დაბეჭდა პატარა ფრაგმენტი ინგლისელი ჟურნალისტის რობერტ ბიზლის წიგნიდან - "ჟოზე მოურინიო, ახლოს და პირადად" რომელშიც "რეალში" მისი მუშაობის დროინდელ ამბებზე იყო ლაპარაკი...
დღეს ეს წიგნი უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ჟურნალისტი რობერტ ბიზლი თითქმის 10 წლის განმავლობაში
სწორედ ამ ურთიერთობის ნაყოფია ეს წიგნიც. ამ ფაქტს ვერც "ლელო" აუვლის გვერდს და აგერ, გთავაზობთ სახელგანთქმული მწვრთნელის ცხოვრების ამსახველი ისტორიების შემოკლებულ თარგმანს...
არ ვარ საინტერესო ინგლისის ნაკრებისთვის?..
...2007 წლის ნოემბერში, როცა ინგლისის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი სტივ მაკლარენი თავის ბოლო პრესკონფერენციას მართავდა ამ რანგში, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტ რობერტ ბიზლის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა: "არ ვარ საინტერესო ინგლისის ნაკრებისთვის"? - სწერდა ჟოზე. ბიზლიმ მაშინვე დაკარგა ინტერესი მაკლარენის პრესკონფერენციის მიმართ და ეგრევე დაუკავშირდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ედრიან ბივინგტონს, აჩვენა მოურინიოს sms, მისცა მისი ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი...
გავიდა რამდენიმე დღე. საფეხბურთო ასოციაცია არ ჩქარობდა მაკლარენის შემცვლელის დასახელებას. ამ დროს, ბიზლის ტელეფონზე ჟოზესგან ახალი შეტყობინება მოვიდა - "საფეხბურთო ასოციაციისგან ჯერ არაფერის ისმის".
საპასუხო მესიჯში ჟურნალისტმა პირობა მისცა მოურინიოს, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდებოდა ასოციაციის მაღალჩინოსნებს. ზუსტად იმ მომენტში მიმდინარეობდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.
დაპირებისამებრ, ბიზლი შეხვდა იმავე ბივინგტონსა და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ბრაიან ბერვიკს და მოურინიოს sms წააკითხა. მათ მოუცლელობა მოიმიზეზეს, თუმცა შეჰპირდნენ ჟურნალისტს, რომ მოურინიოს მალე დაუკავშირდებოდნენ...
...და დაუკავშირდნენ კიდეც. ჟოზე, რომელიც იმ დროისთვის "ჩელსის" მწვრთნელი აღარ იყო, საიდუმლოდ ჩაფრინდა ლონდონში, რათა მოლაპარაკებები გაემართა.
7 დეკემბრის საღამოს მან მორიგი მესიჯი მისწერა ბიზლის: "მე მზად ვარ სამუშაოდ, თუ ისინი დადებითად გადაწყვეტენ ჩემს საკითხს. არ მინდა, ასოციაციის ხელმძღვანელები წნეხში მოვაქციო. ეს ისეთი თანამდებობაა, ყველა თანახმა უნდა იყოს - ასოციაციაც, გულშემატკივრებიც, ფეხბურთელებიცა და მედიაც. დაველოდები და ვნახავ, რას გადაწყვეტენ".
შობის დღესასწაულის წინ მოურინიო კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ბიზლის და აცნობა, რომ რამდენიმე დღით ოჯახთან ერთად აპირებდა დასვენებას, ხოლო 1 იანვრისთვის მზად იქნებოდა ლონდონში ჩასასვლელად, თუ ასოციაციიდან დაუკავშირდებოდნენ...
...დ აი, ინგლისური ფეხბურთის მამებმა მოლაპარაკება გააბეს მოურინიოს აგენტ ჟორჟე მენდეშთან. ჟოზეს გეგმა ასეთი იყო - ის აპირებდა, პირველ ასისტენტად რომელიმე ინგლისელი, ავტორიტეტული ფიგურის კანდიდატურა განეხილა, ვთქვათ - ალან შირერის ან ტონი ადამსის...
მოკლედ, საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და როცა News of the world-მა უკვე მოამზადა პუბლიკაცია მოურინიოს მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე, ბიზლიმ ახალი sms მიიღო. ჟოზე წერდა, რომ მისი გეგმები რადიკალურად შეიცვალა, რომ ერთ-ერთი იტალიური გრანდისგან (მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს "ინტერი" იყო) ფანტასტიკური წინადადება მიიღო, რომ კლუბში მუშაობა ამ ეტაპზე მისთვის უფრო მისაღები იყო და ასე შემდეგ...
იქვე, ის თხოვდა ჟურნალისტს, ასე დაეწერა - თითქოს, ეს ინფორმაცია მოურინიოს ახლო მეგობარმა მიაწოდა...
ასე დამთავრდა ჟოზეს "ბრძოლა" ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სავარძლისთვის...
ჯენიფერ ენისტონი და შუშისთვალებიანი ზომბები
2005 წლის ზაფხულის ერთ დღეს, აშშ-ში წინასასეზონო ტურნეს დროს, "ჩელსის" მწვრთნელები და მოთამაშეები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს მოსაცდელში ისხდნენ და ავტობუსს ელოდნენ. ბიზლი და მოურინიო განცალკევებით ისხდნენ. ჟურნალისტი იხსენებს, როგორი აღტაცებით უყვებოდა მოურინიო ბრაზილიაში გატარებული შვებულების პერიპეტიებზე...
...და უცებ, ჟოზე გაჩუმდა. "ჩელსის" მთელი დელეგაცია შემოსასვლელ კარს მიშტერებოდა - სასტუმროს ვესტიბიულში ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი შემობრძანდა...
"ჩვენ მას შუშის თვალებით შევცქეროდით, - იხსენებს ბიზლი, - ნამდვილ ზომბებს ვგავდით. ჯენიფერმა ყველას თვალი შეგვავლო, გაგვიღიმა და გაუჩინარდა".
სიჩუმე მოურინიომ დაარღვია: "ღმერთო ჩემო, რა იდიოტია ბრედ პიტი! ჯენიფერ ენისტონი პირველი ქალია, ანჯელინა ჯოლი კი მასთან შედარებით - ნული".
ლონდონში სახლი უკვე მაქვს, ახლა მჭირდება კლუბი...
"ტოტენჰემი" მზად იყო, მიეწვია მოურინიო, როგორც კი ის პირველად დაითხოვეს "ჩელსიდან". თუმცა ჟოზე მოლაპარაკებული იყო "არისტოკრატებთან", რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგლისურ კლუბებთან არ უნდა ეკონტაქტა. ამიტომ, "ტოტენჰემი" მერე ხუანდე რამოსზე გადაერთო, მაგრამ მანამდე....
2012 წლის ზამთარში ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მოურინიო სეზონის ბოლოს "რეალიდან" უნდა აბარგებულიყო. ამ დროს ბიზლის დაუკავშირდა "ტოტენჰემის" უფროსებთან დაახლოებული, ვინმე ტონი ხიმენესი და სთხოვა, გაეგო - იყო თუ არა ჟოზე მზად, დაეწყო მოლაპარაკებები.
მოურინიო ლონდონში ჩაფრინდა ინგლისის ლიგის თასის ერთ-ერთ მატჩზე დასასწრებად. ხიმენესმა "უემბლიზე" მისთვის სპეციალურად დაჯავშნა კერძო ლოჟა, "ტოტენჰემის" მფლობელი დენიელ ლევი კი ფინიქსიდან გამოფრინდა, რათა პირადად ეწარმოებინა მოლაპარაკებები პორტუგალიელ სპეციალისტთან...
"ვიცი, რომ ლევის ძალიან ვუყვარვარ, - უპასუხა ჟოზემ ბიზლის, როცა "ტოტენჰემის" ინტერესის თაობაზე გაიგო, - როგორც კი "ჩელსიდან" წამოვედი, ის მაშინვე დამიკავშირდა, მაგრამ მაშინ კონტრაქტით მეკრძალებოდა ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებები, ახლა კი არაფერი მაფერხებს და მზად ვარ, შევხვდე მისტერ ლევის".
მაშინ მოურინიოს გარშემო ტოპკლუბი ბუზებივით ირეოდნენ - "მანჩესტერ იუნაიტედი", "სიტი", პსჟ... შეიძლება, უკვე "ჩელსიც" მზად იყო, მეორე ვადით მიეწვია ძველი ნაცნობი... ამიტომ, ჟოზე არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას - ფიქრობდა და წონიდა წინადადებებს, თან თავსაც იფასებდა. ეს ხომ მისი სტილია...
ის ახალ შეტყობინებას სწერს ბიზლის: "დაველოდები და ვნახავ, რა მოხდება პრემიერლიგაში, ვინ გახდება ჩემპიონი... დარჩება თუ არა ჰარი (რედნაპი, რომელიც იმ მომენტში "ტოტენჰემის" მწვრთნელი იყო - რედ)... როგორც ვხვდები, ანდრეს პრობლემები აქვს".
ბოლო წინადადებაში მან იგულისხმა ანდრე ვილაშ-ბოაში, მის თანამემამულე და ყოფილი ასისტენტი "ჩელსიში" მუშაობის პირველ წლებში, რომელსაც მერე სწორედ "ჩელსი" ჩააბარეს, მაგრამ რთულ სამსახურს თავი ვერ გაართვა. როგორც ჩანს, მოურინიო უკვე ემზადებოდა "სტემფორდ ბრიჯზე" დასაბრუნებლად და ამიტომაც ითრევდა ფეხს სხვა შეთავაზებებზე.
იმავე მესიჯში მოუმ დასძინა, რომ "რეალიდან" მისი წასვლა ეჭვს აღარ იწვევდა: "ეს ასე იქნება! ლონდონში უკვე სახლიც ვიყიდე. არ მინდოდა ამის აფიშირება... იმ სახლის პატრონმა რომ გაიგოს, პრობლემები შემექმნება. მაგრამ რამდენიმე კვირაში უკვე გავაფორმებთ საბუთებს და მერე ყველა ყველაფერს გაიგებს. მოკლედ, ლონდონში სახლი უკვე მაქვს, ახლა მჭირდება კლუბი"...
ამ მესიჯის შემდეგ მოურინიომ კიდევ წელიწადი და 3 თვე დაჰყო მადრიდში...
გაყარე ეგენი მანდედან!..
2013 წლის იანვარში რობერტ ბიზლი მადრიდში კრიშტიანო რონალდოსთან ინტერვიუსთვის ჩაფრინდა. სანამ "რეალის" ვარსკვლავს კითხვებს დაუსვამდა, ბიზლი მოურინიოს შეხვდა. ჟოზემ სტუმარს "სამეფო კლუბის" ბაზა დაათვალიერებინა.- საოცარია, აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, - უთხრა ბიზლიმ მასპინძელს.
- მართალი ხარ, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ გვაკლია გუნდური სულისკვეთება, - დაიწუწუნა მოურინიომ და იქვე დასძინა, რომ "რეალი" სპორტული კი არა, უფრო მეტად პოლიტიკური კლუბია.
ის გულისხმობდა იმას, რომ "რეალის" პრეზიდენტის ხშირი არჩევნები ხელს უშლიდა კლუბის განვითარების ხანგრძლივი, სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებასა და მის ხორცშესხმას, რომ ყოველი მომდევნო პრეზიდენტი რადიკალურად ცვლის პოლიტიკას და რაღაც ამდაგვარი...
ჟოზეს მოსაზრება ნამდვილად არ არის სიმართლისგან შორს, თუმცა ეს სხვა თემაა. მან ბიზლის მოუყვა ისტორია, რომელიც ასახავს "რეალში" არსებულ ურთიერთობებს...
2012 წლის 3 დეკემბერს მაიკლ ესიენს 30 წელი შეუსრულდა. მას უნდოდა, "მრგვალი" თარიღი განსაკუთრებულად აღენიშნა და თანაგუნდელები შინ მიიპატიჟა, თუმცა დათქმულ დროს მასთან მხოლოდ რამდენიმე მათგანი მივიდა.
მოკლედ, საღამო, როგორც იუბილარს ჰქონდა ჩაფიქრებული, არ შედგა. ნახეთ, როგორ ახსნა მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელთა დიდი ნაწილის უპატივცემულობა თანაგუნდელის მიმართ:
"ისინი განა იმიტომ არ მივიდნენ მაიკლთან, რომ არ მოსწონთ ის, ან უბრალოდ იმ საღამოს სხვაგან უკეთესი გასართობი ნახეს. არა, საქმე ისაა, რომ აქ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მათ აქვთ სუპერვარსკვლავის "ეგო", რომელიც ტალანტებს ხშირ შემთხვევაში თან სდევს".
ამ ლაპარაკიდან ბიზლი მიხვდა, რომ ანალოგიურ პრობლემას მოურინიო საკუთარ თავზეც გრძნობდა. გრძნობდა, რომ "რეალის" ფეხბურთელების მოზრდილი ნაწილი საკუთარ პერსონას მწვრთნელზე მაღლა აყენებდა. "რეალიდან" მოურინიოს წასვლის მიზეზიც ეს იყო - კონფლიქტი გუნდის ლიდერებთან, ჟოზეს კიდევ ერთ მესიჯში ჩანს:
"პრეზიდენტს (ფლორენტინო პერესს) ვუყვარვარ. ის თანახმაა, რომ გუნდში დიდი წმენდა ჩავატარო, გავყარო ეს განავლები - კასილიასი, პეპე, რამოსი, მარსელო... მაგრამ მე ვუთხარი პერესს, რომ უკვე დაგვიანებულია, რომ ახლა ამის გაკეთება არ შემიძლია"...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"