1989 წლის 21 იანვარს სომხეთის დედაქალაქ ერევანში სანიშანსვეტო ძეობა მოხდა. ჰამლეტ მხითარიანისა და მარინა ტაშიანის ოჯახში ვაჟი დაიბადა, რომელსაც ჰენრიხი დაარქვეს. სხვათა შორის, მამა - მხითარიანი თავის დროზე სომხეთში ძალიან ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ. თამაშობდა "არარატში" და საბჭოეთი რომ დაიშალა,
ჩვენი წერილის გმირი პატარა იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. პატარა ჰენრიხი უყურებდა, თუ როგორ თამაშობდა მამა ფეხბურთს საფრანგეთის ერთ-ერთ დაბალ ლიგაში. ბიჭი მამის არც ერთ ვარჯიშს არ აცდენდა. მოკლედ, "კოჭებში ეტყობოდა", რომ მისგან ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო.
მხითარიანების ოჯახი ერევანში 1995 წელს დაბრუნდა. მამამ შვილი "პიუნიკის" საფეხბურთო აკადემიაში მიაბარა. 14 წლის იყო ჩვენი წერილის გმირი, როცა ის ბრაზილიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, "სან პაულოში" გაგზავნეს სტაჟირებაზე.
პატარა მხითარიანი იქ ბურთს თანატოლ ბრაზილიელ ბიჭებთან, ერნანდესთან და ოსკართან ერთად თამაშობდა. ჰენრიხმა დაამთავრა ფიზკულტურისა და ეკონომიკის ფაკულტეტები. უნდა, რომ მომავალში იურიდიული განათლებაც მიიღოს.
ჰენრიხს შესანიშნავი სეზონები ჰქონდა "პიუნიკში". ცხადი იყო, ამ კლუბში მას დიდხანს არავინ გააჩერებდა. გადავიდა კიდეც უკრაინულ პრემიერლიგაში, დონეცკის "მეტალურგში", სადაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.
2010 წლის 30 აგვისტოს, 7,5 მილიონ დოლარად, მხითარიანი დონეცკის "შახტარს" შეუერთდა. სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში გაიცნო იგი საფეხბურთო მსოფლიომ. "შახტარიდან" გადავიდა "დორტმუნდში" მას შემდეგ, რაც ყველა შესაძლო უკრაინული ჯილდო მოიგო.
ახლა სიტყვა მივცეთ "შახტარის" მაშინდელ მწვრთნელს, მირჩა ლუჩესკუს, ვინც ყოფილ შეგირდზე აღმატებით ხარისხში საუბრობს.
"ის ფეხბურთისთვისაა დაბადებული. მინდორზე მე უზომოდ მხიბლავს მისი სისწრაფე და აზროვნება. სხვა მხარეა მისი შრომისმოყვარეობა. მასთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთა." - ამბობს ლუჩესკუ.
მართლაც, უკრაინაში ლეგენდები დადიოდა მხითარიანის შრომისმოყვარეობაზე. მაგალითად იმაზე, რომ იგი საათობით რჩებოდა ვარჯიშის შემდეგ და ხვეწდა კომპონენტებს, რომლებიც მისი აზრით, აუცილებლად საჭიროებდნენ გაუმჯობესებას.
დადგა დრო და ყველა მიხვდა, რომ "შახტარში" სომეხის შესაძლებლობები ამოიწურა. 2013 წლის 25 ივლისს "დორტმუნდმა" მხითარიანში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. ჰენრიხს გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადასვლა არ უნანია. მან კლუბთან ერთად მხოლოდ ერთი ჯილდო, გერმანიის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ამის ერთადერთი მიზეზი "ბაიერნის" ზეობაა. სამაგიეროს, მხითარიანის თამაში უფრო დაიხვეწა, სხვა დონეზე ავიდა.
ახლახან "მანჩესტერმა" ფეხბურთელში 27 დან 30 მილიონ ევრომდე გადაიხადა. ჟოზე მოურინიოს ძალიან უყვარს მშრომელი და ამასთან ერთად, ნიჭიერი ფეხბურთელები. წესით, ძალიან კარგი ტანდემი უნდა შედგეს.
...ზოგადად, მხითარიანი მთელი სომხეთისათვის სამაგალითო კაცია. მამის გარდაცვალება ჰენრიხმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. "მე მჯერა, რომ ის კვლავ ცოცხალია, ამაყობს ჩემით და ყველაფერს ხედავს. ამიტომ არ მაქვს უფლება, დავნებდე." - ამბობს ის.
მხითარიანი ნამდვილი პოლიგლოტია: მან იცის სომხური, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური და იტალიური (შედარებით ცუდად) ენები. კარგად ცეკვავს.
სხვათა შორის, როცა მხითარიანს "დონბას არენაზე" შახტარის რიგებში გაჰქონდა გოლები, ყოველთვის ირთვებოდა ნაწყვეტი სომხური ნაციონალური ცეკვიდან და მხითარიანი ამ პარტიას ძალიან კარგად ასრულებდა.
სამშობლოში ჰენრიხი ძალიან დაფასებული კაცია. არის ერევნის საპატიო მოქალაქე და, ამასთან ერთად, მინიჭებული აქვს სპეციალური ჯილდოები სომხეთის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლებისაგან.
ვინ არის მხითარიანის კერპი ფეხბურთში? "ასეთი არის და ესა არის ზინედინ ზიდანი.მე მის ფეხბურთზე გავიზარდე და ეს არის საუკეთესო ფეხბურთი." - ამბობს ის.
ვინ იქნებოდა ჰენრიხი, ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო? "ჩემი თავი ძალიან ძნელად წარმომიდგენია ფეხბურთის გარეშე, მაგრამ ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი, აუცილებლად ვიქნებოდი სპრინტერი." - მიიჩნევს ჩვენი წერილის გმირი.
წინსვლა გრძელდება. მხითარიანს "იუნაიტედში" ტიტულები ელიან. ფეხბურთს შეწირული პოლიგლოტი, ვინც უფეხბურთოდაც მშვენიერ კარიერას აიწყობდა, საყვარელ საქმეს არ უღალატებს!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"