ევროუქმეების წინ: ნაცნობი სტუმარი "სტემფორდ ბრიჯზე"

AutoSharing Option
გერმანიაში "ბაიერნისა" და "გლადბახის" დუელია; იტალია გენუური დერბითა და "მილანი"-"იუვენტუსით" იწონებს თავს; საფრანგეთში სულაც "კლასიკია"; ინგლისში ჟოზე მოურინიო თავისი ახალი გუნდით ძველის წინააღმდეგ მიდის; ესპანეთში კი მეტად საინტერესო ტური, სადაც ერთბაშად რამდენიმე თამაშის გამორჩევა შეიძლება. მოკლედ, ამ უქმეებზე ფეხბურთის გულშემატკივრები არ მოიწყენენ.

ლა ლიგა: (არა)ჩვეულებრივი ტური
მართლაც რომ ასეა - ტურში ორი ცენტრალური შეხვედრაა - "მესტალიაზე" "ვალენსია" ჩემპიონ "ბარსელონას" მასპინძლობს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. არაფერი დაეწუნება "სანჩეს პისხუანზე" გასამართავ შეხვედრას, სადაც ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია" ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ "ატლეტიკოს"
მასპინძლობს. თითქოს, ეს სამი მატჩი ცოტა იყოს და ტურში გალისიური და ბასკური დერბებიც გვაქვს.

ტურის წინ ევროპის საუკეთესო გოლეადორისთვის განკუთვნილი "ოქროს ბუცი" საზეიმო ვითარებაში გადასცეს ლუის სუარესს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ამ სეზონში "ოქროს ბუცს" ის ვეღარ მოიგებს, მაშინ, პრიზი ნეიმარს ან ლეო მესის შეხვდებათ. "ვალენსიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს ჩეზარე პრანდელი, რომელმაც გამარჯვებით დაიწყო ესპანურ კლუბში მოღვაწეობა. "მესტალიაზე" ლიგის ბოლო მატჩის ტრიუმფატორი, სწორედ ამ მატჩის გამო, ჟერარდ პიკესა და ჟორდი ალბას მოისაკლისებს. ასე რომ, "ბარსას" დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს.

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მონტოია, გარაი, მანგალა, გაია - მ. სუარესი, ე. პერესი - კანსელო, პარეხო, ნანი - როდრიგო.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, მატიო - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.

"რეალს" "ატლეტიკთან" შეხვედრაში ვერ დაუბრუნდება კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელმაც ინდივიდუალური ვარჯიში უკვე დაიწყო. აი, ფაბიო კოენტრაომ კი სრულყოფილად ივარჯიშა, მაგრამ არა გვგონია, ზიდანს პორტუგალიელი ამ მატჩისთვის დასჭირდეს. კოენტრაო დიდი ხანია უთამაშებელია და ბუნებრივია, მისი ბასკურ გუნდთან დაყენება არ შეიძლება.

რეალი (სავარაუდო): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა, რონალდო.

"ატლეტიკოს" სამშობლოში დაბრუნება დაუგვიანდა, რადგან კლუბის თვითმფრინავი რუსეთში შეაყოვნეს. "სანჩეს პისხუანი" კი მადრიდელთა დასახვედრად უკვე ემზადება, ყველა ბილეთი გაყიდულია. "სევილიაც" და "ატლეტიკოც" დიდებულ ფორმაში არიან. ამიტომაც, ბრწყინვალე მატჩს ველით. "სევილიას" ფორვარდმა ლუსიანო ვიეტომ განაცხადა, რომ თუ "ატლეტიკოს" გაუტანს გოლს არ იზეიმებს. მოგეხსენებათ, არგენტინელი "ატლეტიკოდან" გადავიდა ანდალუსიაში.

პრემიერლიგა: განსაკუთრებული სტუმარი
გათამაშების ლიდერი "სიტი", რომელიც "ბარსელონასთან" მწარედ შერცხვა, მოყოჩაღებულ "საუთჰემპტონს" მასპინძლობს. თანალიდერ "არსენალს" უფრო სუსტი მეტოქე ჰყავს - "მიდლსბრო". მათ სულ ქულით ჩამორჩება "ტოტენჰემი", რომელსაც "ბორნმუთთან" გასვლა ელის. მეოთხეადგილოსანი "ლივერპული" კი "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს. თუმცა ტურის ცენტრალური მატჩი სულ სხვაა - ლონდონში "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ზედიზედ მეორე საგარეო მატჩი უწევს პრემიერლიგის ერთ-ერთ გრანდთან. უგოლო ლივერპულური ფრის შემდეგ, ჟოზე მოურინიო განსაკუთრებული სტუმარი იქნება "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც მისთვის ესოდენ ახლობელ "ჩელსის" უნდა დაუპირისპირდეს.

ისიც და ანტონიო კონტეც, ჯერჯერობით, ვერ ამართლებენ გაცემულ ავანსებს. პირველ რიგში, ეს ეხება იტალიელ სპეციალისტს, რომელიც ახალი კაცია იმ აურზაურში, სადაც ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, გამოცხადოს ბიზნესმენი, რომელიც მერე ჟურნალისტი აღმოჩნდება და ყველაფერს დაგაფქვევინებს.

ჟოზეს კი პრემიერლიგაში ყველაფერი აქვს ნანახი - აღზევებაც და დაცემაც, ამიტომ, "მანჩესტერი", შესაძლოა, უფრო ადრე დადგეს ფეხზე, ვიდრე "ჩელსი". დრო კი არ ითმენს, "სტემფორდ ბრიჯზე" სწრაფად ითხოვენ შედეგს და კარგ თამაშს. აკი უკვე ალაპარაკდნენ კიდეც ახალ წლამდე კონტეს გათავისუფლებაზე, რაზეც ბუქმეიქერებმა ცოტა ხნის ფსონების მიღებაც დაიწყეს.

"ლესტერთან" ბოლო უქმეებზე ლამაზად მოგებული (3:0) თამაშის შემდეგ კონტემ ბევრი იცინა ამაზე და ფსონის დამდებნი ბრიყვებად მონათლა. მაგრამ ამ ერთი თამაშით დასკვნებს ვერ გავაკეთებთ - "ჩელსის" სტაბილურობა სჭირდება, მით უფრო, რომ კონტემ არაერთხელ დაიჩივლა ახალი ფეხბურთელების საჭიროებაზე (განსაკუთრებით დაცვაში), შემადგენლობის დაუბალანსებლობაზე და ასე შემდეგ...

შემადგენლობის მხრივ, ჯერჯერობით, ბოლომდე მოურინიოც არ ჩამოყალიბებულა. ის სხვადასხვა ვარიანტებს სცდის და ნელ-ნელა მიდის ოპტიმალურ ვარიანტამდე. საკვირაო მატჩისთვის კვლავ ვერ იქნება მზად ფილ ჯოუნსი, ტრავმები აწუხებთ ანტონი მარსიალსა და მორგან შნეიდერლინსაც.

ამ მხრივ, მაინდამაინც გადაუჭრელი პრობლემები არც კონტეს აქვს. დაშავებულია სესკ ფაბრეგასი, ვისიც მომავალიც "გრაფის" ხელში ისედაც ბუნდოვანია. არ არის გამორიცხული, ძირითადში ვიხილოთ გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი, რომელიც კარგა ხანს მკურნალობდა და "ლესტერთან" მატჩში განაცხადშიც გამოჩნდა. თუმცა, უფრო დიდი ალბათობით, კონტე მას გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

"მანჩესტერისთვის" ეს იქნება 81-ე სტუმრობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, სადაც "ლურჯებისთვის" 33 მატჩი აქვს მოგებული, 19 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 28 დაპირისპირება მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა. ცხადია, ბურთების სხვაობაც "იუნაიტედის" სასარგებლოდაა - 133:118.

"წითელი ეშმაკების" ბოლო საგარეო გამარჯვება ისტორიამ 4 წლის წინათ, 2012 წლის 28 ოქტომბერს დააფიქსირა - 3:2. დრამატული მატჩი იყო "სტემფორდ ბრიჯზე" - დავიდ ლუიზის ავტოგოლი, ბრანისლავ ივანოვიჩისა და ფერნანდო ტორესის გაძევებები... სხვათა შორის, "ჩელსისგან" ერთი გოლი შეაგდო ხუან მატამ, რომელიც დღეს "იუნაიტედის" მაისურას ატარებს.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი, მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო, პედრო, აზარი, დიეგო კოშტა.
მანჩესტერი: დე ხეა, ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, ბლინდი, ანდერ ერერა, ფელაინი, რაშფორდი, პოგბა, იანგი, იბრაჰიმოვიჩი.

სერია A: იტალიური კლასიკა სატურნირო ინტრიგით
ტურში გენუური დერბია, რომელიც სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, მუდამ დაძაბულია. ამიტომაც არის დერბი დღისით დანიშნული, მაგრამ მთავარი მაინც სხვა დაპირისპირებაა.

ბოლო წლებში, სერია A-ს სატურნირო ცხრილში "იუვენტუსი" მუდმივად პირველ ადგილზეა, ხოლო "მილანი" ხუთეულს მიღმა. ამჯერად, იტალიური ფეხბურთის გრანდები შედარებით ახლოს არიან ერთმანეთთან - "იუვე" პირველია, "მილანი" მესამე, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა, ეს კი მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს.

ბოლო ტურებში, "მილანი" შესანიშნავად ათამაშდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სამეულში დამკვიდრდა - ვინჩენცო მონტელას გუნდს წინ დიდი გამოცდა ელის, რადგან "იუვენტუსმა" დანდობა არ იცის და კლასით რომ დღეს "მილანზე" უკეთესი გუნდია, თქმა არ სჭირდება. მოკლედ, ამ უქმეებზე დიდი ჯახია: შაბათს, "მილანი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს...

"როსონერის" ლუკა ანტონელი და რიკარდო მონტოლივო აკლია, მაგრამ შემადგენლობას მაინც ოპტიმალური ეთქმის - შეტევის წინა ხაზზე სავარაუდოდ, კარლოს ბაკას, სუსოს და მბაიე ნიანგს ვიხილავთ, ნახევარდაცვას ლოკატელი, კუცკა და ბონავენტურა გაამაგრებენ, დაცვაში კი აბატეს, პალეტას, რომანიოლის და დე შილიოს კვარტეტს ვიხილავთ. მონტელა ამჯერად 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეეცდება, რომ მეტოქეს პრობლემები ფლანგებიდან შეუქმნას.

"იუვენტუსი" 3-5-2 სქემით გაირჯება - დაცვაში ბონუჩის, ბარძალის და ბენატიას ვიხილავთ, რადგან კიელინი ჯერ კიდევ ტრავმირებულია და მატჩის განაცხადში არ იქნება. "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ფლანგებზე დანი ალვეში და ალექს სანდრო იმოქმედებენ, საყრდენ ხაზს კი ხედირა, ერნანესი და პიანიჩი გაამაგრებენ. შეტევაში პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი ითამაშებენ - მასიმილიანო ალეგრის სხვა გამოსავალი არც აქვს, რადგან მარიო მანჯუკიჩი და მარკო პიაცა ლაზარეთში არიან.

Sportall.Ge

წინ უაღრესად სააინტერესო მატჩი გველის - თამაშის ბილეთები თითქმის გაყიდულია და "სან სიროზე" ანშლაგი იქნება. ბოლოს, მწვრთნელების კომენტარებს გავეცნოთ.

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ სკუდეტოზე და უბრალოდ, ყოველი მომდევნო მატჩის მოსაგებად ვემზადებით. ამ შემთხვევაში, მიზანი განსაკუთრებულად რთულია, რადგან თვით "იუვენტუსს" ვეთამაშებით. მცირე შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს და ამიტომ, მაქსიმალური კონცნტრაცია და მობილიზება გვმართებს. თუ უკან დავიხევთ, აუცილებლად დავისჯებით. "იუვეს" ბურთი არ უნდა დავუთმოთ და ვეცადოთ, ჩვენი თამაში შევთავაზოთ მეტოქეს. გუნდი მზადაა ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის, ჩვენი მთავარი იარაღი კი გულშემატკივარი იქნება".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ბოლო ტურებში, "მილანი" კარგად გამოიყურება და აშკარაა, რომ მონტელას ხელში გუნდმა მკვეთრად მოუმატა. მიმდინარე სეზონში, "სან სიროზე" უკვე ვიწვნიეთ ერთი მარცხი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იგივე არ განმეორდეს. წინ ძალიან საინტერესო მატჩია, რომელიც გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ბუნდესლიგა: "ალიანც არენაზე"
ლიდერი "ბაიერნი", რომელმაც ბოლო ორ ტურში ვერ მოიგო, "გლადბახს" მასპინძლობს, რომელიც მას 6 ქულით ჩამორჩება. გერმანიის 26-გზის ჩემპიონს ხუთგზის ჩემპიონი დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგას ორივე გუნდი დიდებული განწყობით მიუბრუნდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ორივემ უპრობლემოდ იმარჯვა. კარლო ანჩელოტის მხოლოდ ერთი სერიოზული დანაკლისი აქვს - ჯერჯერობით, ისევ ტრავმირებული ფრანგი ფრანკ რიბერი. აი, სტუმრებს კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (დრმიჩი, დუკურე, დომინგესი, შულცი, კრისტენსენი) აკლიათ.

მეორეადგილოსანი "კიოლნი" მე-4 ადგილზე მყოფ "ჰერტას" სტუმრობს და სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოულოდნელი მესამეადგილოსანი "ლაიპციგი" "ვერდერს" მასპინძლობს. თომას ტუხელის "დორტმუნდის" მეტოქე ბუნდესლიგის აუტსაიდერი "ინგოლშტადტია".

ლიგა 1: ფრანგული კლასიკი
"ლე კლასიკი" ფრანგული ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება უნდა იყოს, მაგრამ "მარსელი" ცუდ დროებას განიცდის და 12 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა. "პარი სენ-ჟერმენს" ქულების დაკარგვის დრო აღარ აქვს, ისედაც 4 ქულით ჩამორჩება დაწინაურებულ "ნიცას". ლიგა 1-ში ეს რიგით 75-ე კლასიკია. აქამდე 31 "ოლიმპიკმა" მოიგო, ხოლო პსჟ-მ 26.

"მარსელის" ახალი მფლობელი ფრენკ მაკარტურ ჯუნიორი სწორედ ამ დუელის აღორძინებაზე ლაპარაკობს: "ჩვენ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს, როგორ მივაღწიოთ წარმატებას. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ კლუბს წარსულ დიდებას დავუბრუნებთ. ჩვენთვის პსჟ-სთან დაპირისპირება უმნიშვნელოვანესია. "მარსელის" მიზანი ამიერიდან, პსჟ-ს დამარცხება და საფრანგეთის ჩემპიონობა იქნება. ჩვენ აქ მეორე ადგილზე გუნდის გასაყვანად არ ჩამოვსულვართ", - ვერაფერს იტყვი ამერიკელი ბიზნესმენი დიდი გეგმებით მივიდა "მარსელში".

ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური
შაბათი. 22 ოქტომბერი
ბორნმუთი-ტოტენჰემი 15:30
არსენალი-მიდლსბრო 18:00
ბარნლი-ევერტონი 18:00
ჰალი-სტოკი 18:00
ლესტერი-კრ. პალასი 18:00
სუონსი-უოტფორდი 18:00
ვესტ ჰემი-სანდერლენდი 18:00
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 20:30

კვირა. 23 ოქტომბერი
სიტი-საუთჰემპტონი 16:30
ჩელსი-მანჩესტერი 19:00

ბომბარდირები: 7 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 6 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 5 - სერხიო აგუერო (სიტი), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი).

დისკვალიფიკაცია: გრეი (ბარნლი), ევანსი (ვესტ ბრომვიჩი)

ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური
პარასკევი. 21 ოქტომბერი
ოსასუნა-ბეტისი 22:45

შაბათი. 22 ოქტომბერი
ესპანიოლი-ეიბარი 15:00
ვალენსია-ბარსელონა 18:15
სოსიედადი-ალავესი 20:30
გრანადა-სპორტინგი 22:45

კვირა. 23 ოქტომბერი
სელტა-დეპორტივო 14:00
სევილია-ატლეტიკო 18:15
ვილიარეალი-ლას პალმასი 20:30
მალაგა-ლეგანესი 20:30
რეალი-ბილბაო 22:45

ბომბარდირები: 6 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის სუარესი (ბარსელონა); 5 - არიც ადურისი (ბილბაო), ლიონელ მესი (ბარსელონა).

დისკვალიფიკაცია: ლივაია (ლას პალმასი), ამორებიეტა (სპორტინგი).

გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტური
პარასკევი. 21 ოქტომბერი
ჰამბურგი-აინტრახტი 22:30

შაბათი. 22 ოქტომბერი
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 17:30
ჰერტა-კიოლნი 17:30
ინგოლშტადტი-დორტმუნდი 17:30
დარმშტადტი-ვოლფსბურგი 17:30
ფრაიბურგი-აუგსბურგი 17:30
ბაიერნი-გლადბახი 20:30

კვირა. 23 ოქტომბერი
ლაიპციგი-ვერდერი 17:30
შალკე-მაინცი 19:30

ბომბარდირები: 7 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 6 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 5 - ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

დისკვალიფიკაცია: ჰუსტი (აინტრახტი), როდრიგესი (მაინცი), ჰალიმი (მაინცი), მორი (დორტმუნდი), კლებერი (ჰამბურგი), შტოკერი (ჰერტა).

იტალია. სერია A. IX ტური
შაბათი. 22 ოქტომბერი
სამპდორია-ჯენოა 20:00
მილანი-იუვენტუსი 22:45

კვირა. 23 ოქტომბერი
უდინეზე-პესკარა 14:30
ატალანტა-ინტერი 17:00
კალიარი-ფიორენტინა 17:00
კროტონე-ნაპოლი 17:00
ემპოლი-კიევო 17:00
ტორინო-ლაციო 17:00
ბოლონია-სასუოლო 20:00
რომა-პალერმო 22:45

ბომბარდირები: 6 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), კარლოს ბაკა (მილანი); 5 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ანდრეა ბელოტი (ტორინო).

დისკვალიფიკაცია: ლაზოვიჩი (ჯენოა), კოდა (პესკარა), გასტალდელო (ბოლონია), რადუ (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. X ტური
პარასკევი. 21 ოქტომბერი
მონაკო-მონპელიე 22:45

შაბათი. 22 ოქტომბერი
ლიონი-გენგამი 19:00
ბორდო-ნანსი 22:00
ლილი-ბასტია 22:00
დიჟონი-ლორიანი 22:00
ანჟერი-ტულუზი 22:00
ნანტი-რენი 22:00

კვირა. 23 ოქტომბერი
კაენი-სტ. ეტიენი 17:00
მეცი-ნიცა 19:00
პსჟ-მარსელი 22:45

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), მევლუთ ერდინჩი (მეცი), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - მარიო ბალოტელი (ნიცა), კასიმირ ნინგა (მონპელიე), ლუკას მოურა (პსჟ).

დისკვალიფიკაცია: ჟანო (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული