ევროუქმეების წინ: ნამდვილი ლონდონური დერბი

AutoSharing Option
კუნძულზე ჩრდილოლონდონური დერბია; ანდალუსიაში "სევილიას" გამწარებული "ბარსა" სტუმრობს; ნეაპოლში, "სან პაოლოზე" "ნაპოლი" და "ლაციო" შეიბმებიან; "ბაიერნმა" გათავხედებულ "სოფლელებს" ჭკუა უნდა ასწავლოს...

პრემიერლიგა: კვირას დიდი მატჩია
ფეხბურთის მოყვარულებმა ძალიან კარგად იციან, რომ ლონდონის დერბებიდან ყველაზე დერბული დერბი ჩრდილოურია - "არსენალი" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.

სწორედ ეს გველის ჩვენ კვირას, არსენ ვენგერის კრებული მაურისიო პოჩეტინოსას დაუხვდება. ამ მატჩამდე გუნდები განსხვავებული განწყობით მივიდნენ - "არსენალი" 23 ქულით თანალიდერია, "ტოტენჰემს" კი ბოლო სამ ტურში ქულები რომ არ ეკარგა, ახლა ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა.

"დეზები" ცუდად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე,
სადაც "მეთოფეებს" ყველაფერი წესრიგში აქვთ. ამას დავუმატოთ, რომ ისტორიულად ამ დაპირისპირებაში "არსენალის" უპირატესობა აშკარაა.

მაგრამ ვენგერს სადარდებელი მაინც აქვს - გრანიტ ჯაკა. შვეიცარიელმა ჭკუა ვერაფრით ისწავლა და ბოლო 30 თვეში (სამ სხვადასხვა კლუბში) 8 წითელი ბარათი მიიღო. ეს კი ნელ-ნელა მოთმინების ფიალას უვსებს ფრანგ სპეციალისტს.

"დიახ, მე უკვე ჩამაფიქრა ამ პრობლემამ. დერბი ისეთი თამაშია, რომელშიც განსაკუთრებით უნდა იყო თავშეკავებული. არადა, გრანიტი ძირითადად მშვიდი ბიჭია, მაგრამ ხანდახან მას იმპულსური რეაქციები აქვს და ამის შესახებ მან კარგად იცის. მან მეტად უნდა გააკონტროლოს საკუთარი თავი მოედანზე", - განაცხადა დიდი დაპირისპირების წინ ვენგერმა.

წლეულს ამ გუნდებმა ერთხელ ითამაშეს, გასული სეზონის მატჩი მარტში. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და 2:2 დასრულდა. "არსენალმა" შინ "ტოტენჰემს" ბოლოს სამი წლის წინათ მოუგო. ბოლო შეხვედრაში "დეზების" ერთი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, რომელიც საკმაო ხნის იძულებითი პაუზის მერე უბრუნდება გუნდს. ითამაშებს თუ არა კეინი პირველი წუთებიდან, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"ტოტენჰემის" გოლკიპერმა უგო ლორისმა განაცხადა, რომ ამაზე ცუდ სიტუაციაში დერბისთვის ვერც იქნებოდნენ. "მალევე უნდა მოვეგოთ გონს, რადგან კვირას დიდი მატჩია", - განაცხადა ლორისმა.

Sportall.Ge

პეპ გვარდიოლას "სიტი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" დამარცხებით გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა, "მიდლსბროს" მასპინძლობს. ლიდერთა ტრიუმვირატის მესამე წევრი, "ლივერპული" კი "უოტფორდს" მასპინძლობს. მოკლედ, ყველაზე მძიმე ამოცანა აშკარად ვენგერს აქვს გადასაჭრელი.

პრემიერლიგის საინტერესო დაპირისპირებები ამით არ რჩება "ლურჯების" "დერბიში" - "ჩელსი" "ევერტონს" მასპინძლობს. დიდებულ ფორმაშია მასპინძელთა ფორვარდი დიეგო კოშტა. არანაკლებ ათამაშდა სტუმართა ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ, რომელიც ვერაფრით მოერგო სწორედ იმ ადგილს, რომელსაც ახლა ესპანელი შემტევი იკავებს. ანტონიო კონტეს გუნდი ლიდერებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება, "ევერტონიც" კარგად ასპარეზობს და მე-6 ადგილზეა.

აქვე ვიტყვით, რომ ჩემპიონ "ლესტერს" კარგა ხნით დააკლდება მეკარე კასპერ შმეიხელი. დანიელმა მშობლიურ ქალაქში, ჩემპიონთა ლიგის მატჩისას ხელი მოიტეხა.

ლა ლიგა: ბასტიონი
ამ უქმეებზე ესპანეთში ყველა გზა "სანჩეს პისხუანზე" მიდის, რომელიც "სევილიას" ბასტიონია. სწორედ ამ ბასტიონის დასამხობად მიემგზავრება ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა", რომელიც მანჩესტერში ძალზე გააბრაზეს. ლეო მესის კარგად გამოსდის "სევილიას" გამწარება და ხორხე სამპაოლის გუნდი უპირველესად "ლა პულგას" უნდა უფრთხოდეს. ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლოს აგვისტოში დაამარცხა ესპანეთის სუპერთასზე "სევილია" და ტიტულს დაეუფლა.

რატომ არის "სანჩეს პისხუანი" ბასტიონი? სამპაოლის გუნდმა ამ სეზონში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა (!) მატჩი მოიგო აქ. ყველაფერი კი აგვისტოში ფეერიული 6:4-ით დაიწყო "ესპანიოლის" წინააღმდეგ. მოკლედ, სუპერთასის იმ მატჩს (2:0) თუ არ ჩავთვლით, "სევილია" ამ სტადიონზე დაუმარცხებელია.

"ბარსა" უკვე შეუდგა ამ მატჩისთვის მზადებას, მაგრამ ლიგის თამაშის გამო ლუის ენრიკემ ვარსკვლავები ნაკლებად დატვირთა, ხოლო სარეზერვო გუნდიდან 5-6 ფეხბურთელი გამოიხმო. ლუის ენრიკეს სევილიაში არ ეყოლება პიკე, ალბა და ინიესტა.

სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (5-4-1): ს. რიკო - მარიანო, კარიშო, რამი, პარეხა, ესკუდერო - ვასკესი, იბორა, ნ'ზონზი, ვიტოლო - ვიეტო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დინი - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინია - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

Sportall.Ge

"სამეფო კლუბს" ისტორიაში პირველი მადრიდული დერბი ელის ლა ლიგაში "ლეგანესთან". ესპანეთის დედაქალაქის გუნდი ხომ დებიუტანტია. ამ მატჩში "რეალი" აშკარა ფავორიტია, მაგრამ ამას "ლეგანესის" პრეზიდენტი მარია ვიქტორია პავონი (დიახ, ის ქალია) არ უშინდება:

"თუნდაც ერთი წლის წინათ ვინ იტყოდა, რომ ჩვენ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვითამაშებდით? ეს ისტორიული მოვლენაა ჩვენთვის და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ჩვენ იქ სათამაშოდ უშიშრად გავალთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს".

მადრიდის "ატლეტიკო" "ანოეტას" სტუმრობს, რომელიც ასევე სტუმართათვის პირქუში არენაა. "რეალ სოსიედადი" 16 ქულით მე-6 ადგილზეა და ამ სეზონში ევროთასების საგზურისთვის ბრძოლას აპირებს.

ბუნდესლიგა: "სოფლელების" წინააღმდეგ
ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს. ორივე გუნდი დაუმარცხებელია, რაც სტუმართათვის არის საკვირველი, თორემ რეკორდმაისტერისთვის ამ ეტაპზე ჩვეულებრივი ამბავია.

"ბაიერნის" ბანაკში ყველაზე დიდი დანაკლისი ხავი მარტინესი და ფრანკ რიბერია, თუმცა ანჩელოტი უკვე მიეჩვია ესპანელის გარეშე თამაშს. არიენ რობენი, სავარაუდოდ, სათადარიგო იქნება, ხოლო "ბაიერნი" თომას მიულერის, დუგლას კოშტასა და რობერტ ლევანდოვსკის ტრიოთი შეუტევს.

Sportall.Ge

სეზონის სენსაცია "ლაიპციგი", რომელიც მეორე ადგილზეა და ჩემპიონს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, "მაინცს" მასპინძლობს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასული "დორტმუნდი" ბოლოადგილოსან "ჰამბურგს" სტუმრობს. ტუხელმა განაცხადა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგს მეტად აღარ დასჯის და "ჰამბურგთან" მატჩში ათამაშებს.

სერია A: იმობილე "ნაპოლის" წინააღმდეგ
სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "ლაციოს" უმასპინძლებს. ერთმანეთის წინაშე სატურნირო ცხრილში მეოთხე და მეხუთე ადგილზე მყოფი გუნდები წარდგებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის აპირებენ ბრძოლას, "ნაპოლის" კი, სავარაუდოდ, სკუდეტოზეც უჭირს თვალი. მატჩს სატურნირო ინტრიგა არ აკლია და წესით, ნეაპოლში დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ორივე მწვრთნელი 4-3-3 ტაქტიკას და შემტევ სტრატეგიას აარჩევს. ნეაპოლელთა მხრიდან ხოსე კალეხონი, დრის მერტენსი და მანოლო გაბიადინი შეუტევენ, რომაელებს კი წინა ხაზზე ფელიპე ანდერსონი, ბალდე კეიტა და ჩირო იმობილე ეყოლებათ. დანაკლისზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან ფეხბურთელები ორივე გუნდს აკლია - ამ მხრივ, ნეაპოლელებს მაინც განსაკუთრებულად არ გაუმართლათ, რადგან გონსალო იგუაინის შემცვლელი, არკადიუშ მილიკი დიდი ხნით დაკარგეს.

ბოლო მატჩებში "ნაპოლი" არასტაბილურად ასპარეზობს, "ლაციო" კი აღმავლობის გზაზეა - შესაბამისად, მაურიციო სარის ხშირად აკრიტიკებენ, სიმონე ინძაგის კი პირიქით, აქებენ.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "ბევრი ქულა დავკარგეთ და ლიდერს ჩამოვრჩით, ვითარებას კი გამოსწორება სჭირდება. "ლაციო" შესანიშნავ ფორმაშია და იოლად არაფერს დათმობს. მნიშვნელოვანია გულშემატკივართა მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ ქომაგები გვერდში დაგვიდგებიან. "ლაციოსთან" გამარჯვება საკუთარი თავის რწმენას გაგვიმყარებს და რა თქმა უნდა, მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ".

სიმონე ინძაგი (ლაციო): "წინ უმნიშვნელოვანესი გამოცდა გველის, რადგან ნეაპოლში თუნდაც ქულის აღება ურთულესი საქმეა. თუმცა, ჩვენ ვითამაშებთ მოსაგებად და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მე შემტევი ფეხბურთი მიყვარს და "ლაციოც" სწორედ ამ ფილოსოფიის მატარებელი გუნდია. სადაც არ უნდა ვიყოთ, ყრუ დაცვაში არ ჩავჯდებით. ჩირო იმობილე ბრწყინვალე ფორმაშია და მისი გვეიმედება, მაგრამ თამაშს იგებს გუნდი და არა ერთი ფეხბურთელი".

ჯერ კიდევ გასულ სეზონში, მაურიციო სარის და ლორენცო ინსინიეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ფეხბურთელი ერთი მატჩით მოკვეთეს მთავარი გუნდიდან. მაშინ, "ნაპოლი" "ჯენოას" ეთამაშებოდა, როდესაც მწვრთნელმა ინსინიეს შეცვლა გადაწყვიტა, ფეხბურთელმა კი სარის ხელი არ ჩამოართვა და მოედანი გაბრაზებულმა დატოვა.

იგივე განმეორდა სერია A-ს გასულ ტურში, როდესაც "ნაპოლი" "იუვენტუსს" სტუმრობდა და სარიმ ინსინიეს შეცვლა გადაწყვიტა - ლორენცო მართლაც კარგად ირჯებოდა და საგოლე პასიც მიითვალა აქტივში, მაგრამ სარიმ მაინც ის მოხსნა ბრძოლიდან და მის ნაცვლად, მოედანზე ემანუელე ჯაკერინი შეუშვა.

ინსინიე წყობიდან გამოვიდა, ისევ არ ჩამოართვა ხელი მწვრთნელს და პასუხი იქვე, სათადარიგოთა სკამზე მოსთხოვა. მოკლედ, ვითარება გამწვავდა და ამად არის, რომ ლორენცო "ლაციოსთან" მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრება.

Sportall.Ge

ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი "იუვენტუსი" "კიევოს" ესტუმრება, რომელმაც კარგად დაიწყო სეზონი, მაგრამ მერე მოუკლო. მეორეადგილოსანი "რომა" "ბოლონიას" მასპინძლობს. ლიდერთა მარაქაში ყველასთვის მოულოდნელად გარეული "მილანი" კი საშინელ კრიზისში მყოფ "პალერმოს" სტუმრობს.

ლიგა 1: პსჟ-მ ჩემპიონატისთვის მოიცალა
"ნიცა" სეზონის მოულოდნელი ლიდერია, ლუსიენ ფავრის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "კაენს" სტუმრობს. რივიერელთა შეტევაში შესანიშნავად ირჯებიან ალესან პლეა და მარიო ბალოტელი. ტურის ცენტრალური მატჩი პარიზშია, სადაც უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენი" მე-5 ადგილზე მყოფ "რენს" მასპინძლობს.

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე თავი ქუდში აქვს და ახლა შინაურ პირველობას უნდა მიხედოს, სადაც "ნიცასთან" ჩამორჩენა უკვე 6 ქულაა. შედარებით იოლი მატჩი ელის პარიზელთა კონკურენტ "მონაკოს", რომელიც "ნანსის" მასპინძლობს.

"მონაკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ ლიგაზე დუბლი შეასრულა და კარგ ფორმაშია.

ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური
შაბათი. 5 ნოემბერი
ბორნმუთი-სანდერლენდი 19:00
ბარნლი-კრ. პალასი 19:00
სიტი-მიდლსბრო 19:00
ვესტ ჰემი-სტოკი 19:00
ჩელსი-ევერტონი 21:30

კვირა. 6 ნოემბერი
არსენალი-ტოტენჰემი 16:00
ჰალი-საუთჰემპტონი 18:15
ლივერპული-უოტფორდი 18:15
სუონსი-მანჩესტერი 19:00
ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი 20:30

ბომბარდირები: 8 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 6 - ალექსის სანჩესი (არსენალი).

დისკვალიფიკაცია: გრეი (ბარნლი), კრესველი, რიდი (ვესტ ჰემი), არნაუტოვიჩი (სტოკი), რამირესი (მიდლსბრო), აგუერო, ნოლიტო, ბრავო (სიტი), გიე (ევერტონი), ჟირუ, ჯაკა (არსენალი), ალი, სისოკო (ტოტენჰემი), ელმოჰამადი (ჰალი), სახო (ლივერპული), ანდერი (მანჩესტერი), ვასილევსკი (ვესტ ბრომ.)

ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური
პარასკევი. 4 ნოემბერი
მალაგა-სპორტინგი 23:45

შაბათი. 5 ნოემბერი
გრანადა-დეპორტივო 16:00
სოსიედადი-ატლეტიკო 19:15
ოსასუნა-ალავესი 21:30
ლას პალმასი-ეიბარი 23:45

კვირა. 6 ნოემბერი
რეალი-ლეგანესი 15:00
ესპანიოლი-ბილბაო 19:15
სელტა-ვალენსია 19:15
ვილიარეალი-ბეტისი 21:30
სევილია-ბარსელონა 23:45

ბომბარდირები: 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 6 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

დისკვალიფიკაცია: კონე, ხუანპი, კასტრო (მალაგა), ლორა, ამორებიეტა (სპორტინგი), ვეზუ (გრანადა), ფახრი, ალბენტოსა, სანაბრია (დეპორტივო), ზალდუა, ელუსტონდო, მარტინესი (სოსიედადი), კოკე, სავიჩი (ატლეტიკო), ბონინი, რივიერი (ოსასუნა), ერნანდესი, დეივერსონი (ალავესი), ბოატენგი, ლივაია (ლას პალმასი), იოელი, გარსია, რიესგო (ეიბარი), ნაჩო, კარვახალი (რეალი), ტიმორი (ლეგანესი), კარიშო, კოლოძეიჩაკი, სირიგუ, მერკადო (სევილია), მატიო (ბარსელონა), გომესი, მალიო (სელტა), პერესი (ვალენსია), ხიმენესი (ბეტისი), კაისედო (ესპანიოლი), ბალენზიაგა (ბილბაო).

გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური
პარასკევი. 4 ნოემბერი
ჰერტა-გლადბახი 23:30

შაბათი. 5 ნოემბერი
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 18:30
ლევერკუზენი-დარმშტადტი 18:30
ჰამბურგი-დორტმუნდი 18:30
ინგოლშტადტი-აუგსბურგი 18:30
ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 18:30
აინტრახტი-კიოლნი 21:30

კვირა. 6 ნოემბერი
ლაიპციგი-მაინცი 18:30
შალკე-ვერდერი 20:30

ბომბარდირები: 11 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 7 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 6 - ვედად იბიშევიჩი (ჰერტა).

დისკვალიფიკაცია: შტარკი, შტოკერი (ჰერტა), ფოლანდი (ლევერკუზენი), კლებერი, დიკმაიერი, ვუდი (ჰამბურგი), კორბი (გლადბახი), მორი (დორტმუნდი), კრისტიანსენი (ინგოლშტადტი), ობინა, ნიმაიერი, გუვარა (დარმშტადტი), ბრუმა (ვოლფსბურგი), ჰექტორი, ჰუსტი (აინტრახტი), იოჰანსონი (ვერდერი).

იტალია. სერია A. XII ტური
შაბათი. 5 ნოემბერი
ტორინო-კალიარი 21:00
ნაპოლი-ლაციო 23:45

კვირა. 6 ნოემბერი
პესკარა-ემპოლი 15:30
კიევო-იუვენტუსი 18:00
ჯენოა-უდინეზე 18:00
პალერმო-მილანი 18:00
სასუოლო-ატალანტა 18:00
ფიორენტინა-სამპდორია 21:00
ინტერი-კროტონე 21:00
რომა-ბოლონია 23:45

ბომბარდირები: 10 - ედინ ჯეკო (რომა); 9 - ჩირო იმობილე (ლაციო); 8 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 6 - კარლოს ბაკა (მილანი), ანდრეა ბელოტი (ტორინო).

დისკვალიფიკაცია: ვივესი, აკუა (ტორინო), სტორარი, დესენა (კალიარი), გაბიადინი (ნაპოლი), რადუ (ლაციო), ძამპანო, კოდა, კამპანიარო, ბრუგმანი (პესკარა), ლაურინი, ბელუში (ემპოლი), გაცი, სალაი (პალერმო), კუცკა, ნიანგი, პალეტა (მილანი), ველოზო, პანდევი, ედენილსონი, ჯენტილეტი, ლაზოვიჩი (ჯენოა), ტერო (უდინეზე), დანკანი (სასუოლო), კარმონა, კესი (ატალანტა), კასტრო (კიევო), ლემინა (იუვენტუსი), ბანეგა, რანოკია, მედელი (ინტერი), დუსენე (კროტონე), ალვარესი, ბერეტო (სამპდორია), ემერსონი, დე როსი (რომა), კრაფტი, დი ფრანჩესკო, ჯემაილი, გასტალდელო (ბოლონია).

საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური
პარასკევი. 4 ნოემბერი
მონპელიე-მარსელი 23:45

შაბათი. 5 ნოემბერი
მონაკო-ნანსი 20:00
ბორდო-ლორიანი 23:00
ლიონი-ბასტია 23:00
დიჟონი-გენგამი 23:00
ანჟერი-ლილი 23:00
ნანტი-ტულუზი 23:00

კვირა. 6 ნოემბერი
კაენი-ნიცა 18:00
მეცი-სტ. ეტიენი 20:00
პსჟ-რენი 23:45

ბომბარდირები: 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - ალესან პლეა (ნიცა); 6 - მარიო ბალოტელი (ნიცა), მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), მევლუთ ერდინჩი (მეცი), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

დისკვალიფიკაცია: ჟანო, ტურე (ლორიანი), მაშაში, ანგისა, მასედო (მარსელი), ჰილტონი, მონიე (მონპელიე), ბაკაიოკო (მონაკო), ლენგლი, ბადილა (ნანსი), როლენი, უნა, პალოა (ბორდო), გონალონი, იანგა-მბივა, ფეკირი, და სილვა (ლიონი), კრიველი, მარანჟი, მოსტეფა (ბასტია), დუკურე, კოადი, ფალე (მეცი), ტაბანუ, მალკუიტი, რუფიე (სტ. ეტიენი), ვერატი, ორიე, კიმპემბე (პსჟ), ფერნანდეში, ანდრე (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული