სუპერამხანაგურები დღეს: "სან სიროზე" და "უემბლიზე" გრანდთა ჯახებია

AutoSharing Option
მუნდიალის ევროშესარჩევებს რომ შეშურდება, ორი ისეთი ამხანაგური დაპირისპირებაა დღეს - მილანში "სან სირო" იტალიისა და გერმანიის ჯახს მასპინძლობს, ხოლო ლონდონში "უემბლი" - ინგლისისა და ესპანეთის დაპირისპირებას.

46 წლის გარეთ საუთგეიტი უკანასკნელად გაიყვანს "სამ ლომს" სათამაშოდ დროებითი თავკაცის სტატუსით. ამის შემდეგ ორი გზაა, მას ან ახალგაზრდულ ნაკრებში მიაბრუნებენ, ან ინგლისის ნაკრების სრულუფლებიან მწვრთნელად დაასახელებენ.

საუთგეიტმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, როცა რამდენიმე დღის წინათ იმავე "უემბლიზე" 3:0 დაამარცხა შოტლანდია, ახლა კი მას ბოლო გამოცდა აქვს. ეტყობა, სკოტებთან მატჩით გულმოცემულმა საუთგეიტმა განაცხადა, რომ
მისი სურვილია, საკითხი მალე გაირკვეს და პასუხი დროულად მიიღოს, რადგან ლოდინი მის გეგმებში არაა.

გადაწყვეტილია, რომ მცირე ტრავმის გამო ძირითადში არ იქნება კაპიტანი უეინ რუნი; შინ გაუშვეს ჰარი კეინი, რომ მან კარგად აღიდგინოს ნატკენი კოჭი. საუთგეიტმა უკვე გამოაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი ესპანეთთან მატჩში ჯორდან ჰენდერსონი იქნება, ხოლო ჰარი კეინის ნაცვლად გუნდში არავის გამოიძახებენ.

ხულიენ ლოპეტეგი მხოლოდ ხუთი მატჩია, რაც "ფურია როხას" წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდს არ წაუგია, 17 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. ესპანეთისა და ინგლისის ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4 "როხამ" მოიგო. ალვარო მორატამ მაკედონიასთან მატჩში მცირე ტრავმა მიიღო და არ გამოვრიცხავთ, რომ 35 წლის არიც ადურისი სულაც სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდეს.

ხულიენ ლოპეტეგი (ესპანეთი): "ინგლისური ფეხბურთი ჩემს აღფრთოვანებას იწვევს. ინგლისური პუბლიკის ემოციები, ატმოსფერო, ვნება, პატივისცემა, ყველაფერი დიდებულია. პრემიერლიგაში 30-ზე მეტი ესპანელი თამაშობს, 7 მათგანი კი დღეისათვის ნაკრებშია".

* * *
მილანური მატჩის წინ გერმანიის ნაკრები თითქმის სრული შემადგენლობით რომის პაპს შეხვდა. გერმანელებმა ფრანცისკს ავტოგრაფებიანი მაისურა უსახსოვრეს.

თამაშის წინ იტალიელთა ფორვარდმა ჩირო იმობილემ, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, განაცხადა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ამ ასაკშიც კი სჯობს მანუელ ნოიერს და რომ ის მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია. დიდი დღეა ანდრეა ბელოტისთვის, 22 წლის ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. არადა, უკვე ოთხი თვეა, რაც გერმანიის ნაკრებს გოლი არ გაუშვია (ხუთ მატჩში). შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ბოლოს ევრო 2016-ზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც 1:1-ის შემდეგ გერმანიამ პენალტების სერია მოიგო - 6:5.

სამშაბათი. 15 ნოემბერი
რუსეთი-რუმინეთი 20:00
მალტა-ისლანდია 22:00
უნგრეთი-შვედეთი 22:45
უკრაინა-სერბეთი 23:00
ჩეხეთი-დანია 23:30
ავსტრია-სლოვაკეთი 23:45
იტალია-გერმანია 23:45
ჩრ. ირლანდია-ხორვატია 23:45
ინგლისი-ესპანეთი 00:00
საფრანგეთი-კოტ დ'ივუარი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაეგეგმა ერთი ამხანაგური ჩვენს ფედერაციას ამ ფანჯრის ფარგლებში და გამოეცადა უახლოესი რეზერვი... რა დროს იციან ხოლმე რაა ეს არჩევნები, ვერაფერს დაგეგმავ კაცი
Irakli apkhaidze
13:59 15-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული