იტალია-გერმანია: უფერული, მაგრამ სასარგებლო სპარინგი [VIDEO]

AutoSharing Option
"სან სიროზე" მეტად საინტერესო ამხანაგური მატჩი შედგა, რომელშიც იტალია და გერმანია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თამაში უგოლოდ დასრულდა და სანახაობრივი თვალსაზრისით, დიდი ვერაფერი გამოდგა.

თუმცა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ იტალია და გერმანია დგანან, თუნდაც გადახალისებული შემადგენლობით, ეს უკვე საინტერესოა.

მწვრთნელებმა ახალი ტაქტიკური მონახაზები გამოსცადეს და ბევრი ისეთი ფეხბურთელი ათამაშეს, რომლებსაც ოფიციალურ პაექრობებში ჯერ ნაკლებად ენდობიან. თავად მწვრთნელები ამ სპარინგით კმაყოფილნი დარჩნენ.

ჯამპიერო ვენტურა (იტალია): "ჩვენც გვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და გერმანიასაც, თუმცა ისინი მსოფლიოს ჩემპიონები არიან და ნებისმიერი შემადგენლობით, დიდ ძალას წარმოადგენენ. გერმანელებს
ბევრი არაფრის საშუალება მივეცით, ჩვენ კი გვქონდა რეალური საგოლე მომენტები. დასანანია, რომ ბელოტის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და მატჩის მიწურულს, გამარჯვების კარგი შანსი გავუშვით ხელიდან.

მომეწონა ფეხბურთელების განწყობა ამ მატჩის მიმართ და ზოგადად, მათი გარჯით კმაყოფილი ვარ. ისრაელთან 3-5-2 ტაქტიკით ვითამაშეთ, ლიხტენშტაინთან 4-2-4-ზე შევაჩერეთ არჩევანი. გერმანიას კი 3-4-3 სქემით დავუპირისპირდით და ეს ყველაფერი იმ პირობებში, რომ თამაშებამდე 2-3 დღე გვაქვს მოსამზადებლად. ვამაყობ ამ ბიჭებით და მჯერა, რომ იტალიის ნაკრებს დიდი მომავალი აქვს".

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "საინტერესო ტაქტიკური დუელი იყო, რომელიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ იტალიური ვიზიტით და როგორც შედეგებით, ისე თამაშის ხარისხით. ბოლო 6 შეხვედრაში კარი მშრალად შევინახეთ, რაც ასევე შესანიშნავია.

გვსურს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩავარდნის გარეშე გავიაროთ და გულშემატკივრები არ ვანერვიულოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რადგან იტალიასთან თამაში ასეთი გულშემატკივრების წინ განსაკუთრებული მოვლენაა. ამ მატჩისგან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ და ეს სპარინგი აუცილებლად წაგვადგება".

ალესიო რომანიოლი (იტალია): "შესვენებაზე ჩემი შეცვლის მიზეზი ტრავმა იყო, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს ფეხში ტკივილი ვიგრძენი. წინ მილანური დერბია და მწვრთნელებმა ჩემი ჯანმრთელობით არ გარისკეს. სამედიცინო ტესტი ჩამიტარდება და გაირკვევა, რა სახის ტრავმაა.

დიდი იმედი მაქვს, რომ "ინტერის" წინააღმდეგ ვითამაშებ. რაც შეეხება გერმანიასთან დაპირისპირებას, რთული მატჩი იყო, რომელშიც ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა, თუმცა ბელოტის შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა და იმ ეპიზოდში უბრალოდ, არ გაგვიმართლა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუფონი კასილიასს დაეწია
გერმანიასთან შეხვედრაში, იტალიის ნაკრების კარს პირველ ტაიმში ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, მეორე ნახევარში კი ის ჯიჯი დონარუმამ შეცვალა. ბუფონმა 167-ე მატჩი გამართა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ამ მაჩვენებლით იკერ კასილიასს გაუთანაბრდა. ამრიგად, ბუფონი და კასილიასი რეკორდსმენები არიან და ევროპის მასშტაბით, სწორედ მათ აქვთ ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ჩატარებული. მოკლედ, ბუფონი ესპანელ კოლეგას დაეწია და დიდი ალბათობით, გაასწრებს კიდეც.

მსოფლიოს რეკორდის დამხობამდე ბუფონს 17 მატჩი აშორებს - აჰმედ ჰასანს ეგვიპტის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 184 მატჩი აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ბუფონმა პირველი სანაკრებო მატჩი 1997 წლის 29 ოქტომბერს გამართა, როდესაც იტალია გასვლაზე რუსეთს ეპაექრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული