ევროუქმეების წინ: "ვისენტე კალდერონის" უკანასკნელი დერბი

AutoSharing Option
წლის უკანასკნელი სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი შესანიშნავი დაპირისპირებებით ბრუნდება. იტალიაში მილანური დერბია, ხოლო ესპანეთში - მადრიდული; ინგლისში "ოლდ ტრაფორდი" "იუნაიტედისა" და "არსენალის" ჯახს მასპინძლობს; ცოტაა? - ინებეთ, გერმანიაში "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" სუპერმატჩია.

პრემიერლიგა: ვენგერი ჟოზეს ხელს ჩამოართმევს
ჟოზე მოურინიო თავის ერთ-ერთ ყველაზე "საყვარელ" მეტოქეს, არსენ ვენგერს დაუპირისპირდება და თუ მოუგებს, მისი "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის ზონამდე სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებს. თუმცა ეს რთული იქნება, რადგან "მეთოფეები" ამჟამად უკეთეს ფორმაში ჩანან, ვიდრე "წითელი ეშმაკები". მეორე მხრივ, ვინ იცის, ვისზე როგორ იმოქმედებს სანაკრებო
პაუზა.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. პირველ რიგში, ის ვახსენოთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მოურინიოს მოსაფიქრებელი ექნება, რა გააკეთოს და საინტერესოა, რაშფორდი-მარსიალი-ლინგარდი-მხითარიანი-რუნის ხუთეულიდან რამდენი მოხვდება ძირითადში. მოსაფიქრებელია დაცვის ხაზიც და მოკლედ, "განსაკუთრებულს" ბევრი რამ აქვს მოსაფიქრებელი.

დაცვის ხსენებაზე არ გამოგვრჩეს ერთი ცუდი ახალი ამბავი "არსენალისთვის" - ექტორ ბელერინი, რომელიც დაახლოებით წელიწადნახევარია, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და ახლახან მხარეებმა ახალი კონტრაქტიც გაფორმეს, "ტოტენჰემთან" დერბისას დაშავდა და ეს ტრავმა სერიოზული გამოდგა. ექიმებმა ესპანელს დაახლოებით 4-კვირიანი უქმობა გამოუწერეს.

პატარ-პატარა გამოწვევების წინაშეა ვენგერიც. ფრანგმა, ალბათ, ზუსტად იცის, რომ ალექსის სანჩესი და მესუთ იოზილი ძირითადში იქნებიან. სავარაუდოდ, თეო უოლკოტსაც ვნახავთ. დანარჩენი კი გადასაწყვეტი აქვს, თუნდაც ის, თუ ვინ დადგება ნახევარდაცვის ცენტრში.

გუშინ არსენმა თქვა, რომ ჟოზესთან "ნორმალური" ურთიერთობა აქვს და მას მატჩის წინ ხელსაც ჩამოართმევს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში კლუბებმა 3-3 ქულა გაცვალეს და თავთავიანთ კედლებში იმარჯვეს.

Sportall.Ge

კონკურენტების ურთიერთშეხვედრით სხვები შეეცდებიან სარგებლის ნახვას. ლიდერ "ლივერპულს" "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონთან" აქვს მძიმე სტუმრობა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ადამ ლალანას თამაშია საეჭვო, იგი სანაკრებო შეხვედრაში დაშავდა. "ტოტენჰემს" "ვესტ ჰემთან" ელოდება მორიგი დერბი. ესპანეთის ნაკრებთან დასვენებული ჰარი კეინი მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაში უნდა იყოს და ეს დიდი ძალაა. სლავენ ბილიჩს კი უკან დასახევი გზა არ აქვს - მის გუნდს გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს.

რონალდ კუმანის "ევერტონი" "სუონსის" მასპინძლობს, ხოლო ლიდერების რისხვად შერაცხილი "მიდლსბრო" რივერსაიდზე ფორმაში მყოფ "ჩელსის" დაუხვდება. ანტონიო კონტეს ზედიზედ 5 მატჩი გოლგაუშვებლად აქვს მოგებული და პირველ ადგილს ქულა აშორებს.

სერია A: ნანატრი მადონინა
მე-13 ტურში მთელი ყურადღება მილანური დერბისკენ არის მიპყრობილი. წინ მართლაც უაღრესად საინტერესო მატჩია, რადგან ერთმანეთის პირისპირ "მილანი" და "ინტერი" წარდგებიან. "როსონერი" კარგ ფორმაშია, წარმატებით ასპარეზობს და ბევრისთვის მოულოდნელად, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია, "ნერაძური" კი კრიზისშია, ბევრი ქულა დაკარგა და ცხრილის შუაგულშია გაჭედილი. თუმცა, სტეფანო პიოლის სახით, "ინტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს და შესაბამისად, გულშემატკივრებიც ახალი იმედებით შეჰყურებენ მოახლოებულ პაექრობას...

იტალია-გერმანიის შეხვედრაში ალესიო რომანიოლიმ კუნთი გაიჭიმა და შესაძლოა, მილანური დერბი გამოტოვოს. ეს საკითხი მალე გაირკვევა და ექიმებიც საბოლოო დასკვნას დადებენ. რომანიოლი "მილანისთვის" დიდი დანაკლისი იქნება, რადგან დაცვის ცენტრში ის შეუცვლელი ფიგურაა. "მილანს" რიკარდო მონტოლივო და ანდრეა ბერტოლაჩი აკლია, რომლებიც დიდი ხანია, ლაზარეთში არიან და ჯერ ვერც დაბრუნდებიან.

"ინტერს" როდრიგო პალასიო არ ეყოლება, დანარჩენები კი მწყობრში არიან. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სტეფანო პიოლის გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ვინჩენცო მონტელა ნაცად 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში კი სუსოს, ნიანგს და ბაკას გაამწესებს. ნახევარდაცვას კუცკა, ლოკატელი და ბონავენტურა გაამაგრებენ, დაცვაში კი აბატეს, პალეტას, დე შილიოს და ან რომანიოლის, ან გომესს ვიხილავთ.

"მილანი" ფორმალური მასპინძელია, გაცილებით მეტი გულშემატკივარი ეყოლება და სავარაუდოდ, პირველ ნომრად შეეცდება თამაშს.

კიდევ უფრო საინტერესოა თუ რა ტაქტიკა-შემადგენლობას შეარჩევს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი.

ჟურნალისტები სტეფანო პიოლის ვარჯიშებს არ აცდენენ და შესაბამისი დასკვნებიც აქვთ გამოტანილი - დიდი ალბათობით, "ნერაძური" 4-2-3-1 ტაქტიკით გაირჯება. შეტევის წინა ხაზზე მაურო იკარდის ვიხილავთ, რომელსაც სიღრმიდან პერიშიჩი, ბანეგა და კანდრევა დაეხმარებიან. საყრდენ ხაზს მედელი და ჟოაო მარიო გაამაგრებენ, დაცვაში კი, სავარაუდოდ, ასეთ ოთხეულს ვიხილავთ: ანსალდი, მირანდა, მურილიო, სანტონი. "ინტერს" უკან დასახევი გზა არ აქვს, ქულები ჰაერივით სჭირდება და ყველა ლოგიკით, შემტევი ფეხბურთი უნდა შესთავაზოს მეტოქეს...

სტეფანო პიოლი (ინტერი): "მნიშვნელოვანია, თუ როგორ ფორმაში დაბრუნდებიან ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებებიდან. წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველის. "ინტერი" ლიდერებში უნდა დაბრუნდეს, ამისთვის კი პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. "მილანის" დამარცხება საკუთარი თავის რწმენას გაგვიმყარებს.

დღეს მეტოქე უკეთეს ფორმაშია და ეს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს, მაგრამ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, მილანურ დერბის ფავორიტი, უბრალოდ, არ ჰყავს. როგორ ფეხბურთს ითამაშებს "ინტერი"? - ჩვენი მიზანია, რომ საკუთარი ფეხბურთი მოვახვიოთ მეტოქეს თავს და თამაში გავაკონტროლოთ. "მილანს" ძლიერი ფლანგები ჰყავს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ტაქტიკურად საინტერესო დუელი იქნება".

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "ყველა ტურში უნდა ვამტკიცოთ, რომ მაღალი მიზნებისთვის ვაპირებთ ბრძოლას და სატურნირო ცხრილის სამეულში შემთხვევით არ ვართ. კარგი ტემპი ავკრიფეთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა "მილანის" მაქსიმუმი, რაშიც მალე დავრწმუნდებით. "ინტერი" კრიზისშია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მეტოქედ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს.

ჩემი აზრით, შემადგენლობით "ინტერი" მხოლოდ "იუვენტუსს" თუ ჩამორჩება. აშკარაა, ეს გუნდი სკუდეტოსთვის უნდა იბრძოდეს, რადგან ამის რეალური რესურსი აქვს. სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა, თუ 12 ტურის შემდეგ "მილანი" სამეულში იქნებოდა, "ინტერი" კი მხოლოდ მეცხრე. წინ საინტერესო და ძალიან დაძაბული მატჩი გველოდება".

Sportall.Ge

ლა ლიგა: დერბი სიმეონემდე და სიმეონესთან ერთად
მადრიდის დერბის "სამეფო კლუბი" ლიდერის რანგში ხვდება და 6 ქულით უსწრებს მე-4 ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს", მაგრამ თამაში "ვისენტე კალდერონზეა", ეს კი ბევრ რამეს ცვლის, თუნდაც იმას, რომ ამ შეხვედრის წინ "რეალი" ფავორიტი არ არის. ყველამ კარგად იცის, როგორ კარგად შეუძლია დიეგო სიმეონეს გუნდის "რეალის" წინააღმდეგ სათამაშოდ მომართვა.

ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ვარაუდობს, რომ თამაში თანაბარი იქნება. "ატლეტიკოს" კაპიტანი გაბი კი ამბობს, რომ სიმეონემდე უბრალოდ არ იცოდნენ, რატომ ვერ უგებდნენ "რეალს", ამის მიზეზს ვერ პოულობდნენ. "ახლა "ატლეტიკო" გაცილებით ძლიერია და მეტი კლასიც აქვს", - დასძინა მან.

სიმეონეს არ ეყოლება დიდი ხნით დამტვრეული აუგუსტო ფერნანდესი, კითხვის ნიშნებია ლიდერ ანტუან გრიზმანთან დაკავშირებით, ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო მან შეიძლება დერბი გამოტოვოს. ასეთ შემთხვევაში, სასტარტოში ფერნანდო ტორესს ვიხილავთ, რომელიც კევინ გამეიროს შეუწყვილდება.

ზინედინ ზიდანს არ ეყოლება კაზემირო და ტონი კროოსი. მცირე ტრავმები აქვთ გარეთ ბეილს, პეპეს და კოვაჩიჩს. ქარიმ ბენზემამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, აი, ალვარო მორატა კი ნაკრებში თამაშისას დაშავდა და დერბის გამოტოვებს. როგორც ხედავთ, დერბის წინ მეტი საკადრო პრობლემა "სამეფო კლუბს" აქვს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ბოლო დერბია "ვისენტე კალდერონზე" ჩემპიონატის ეგიდით - ახალი სეზონიდან "ატლეტიკო" ახალ სტადიონზე გადადის სათამაშოდ. თუ ყველა მატჩს ავიღებთ მხედველობაში, "რეალმა" 108 დერბი მოიგო, "ატლეტიკომ" - 54, 51 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, გამეირო
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო - ბეილი, ბენზემა, რონალდო

ჩემპიონი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "მალაგას" მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკემ ლეო მესის ერთი დღით დასვენება შესთავაზა, არგენტინელმა იუარა და შორეული მგზავრობის მიუხედავად (მან სამშობლოში, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა), ივარჯიშა. პაკო ალკასერს შესანიშნავი შანსი მიეცემა - დიდი ალბათობით, ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება დისკვალიფიცირებული ლუის სუარესის ნაცვლად, რომელმაც წინა ტურში სეზონში მე-5 გაფრთხილება მიიღო.

ბუნდესლიგა: Der Klassiker
ბუნდესლიგის კლასიკაში დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. არც ისე დიდი ხანია, რაც თომას ტუხელს "ბაიერნის" წინააღმდეგ გაჰყავს გუნდი, გაცილებით უფრო გამოუცდელია ამ საკითხში, სხვა მხრივ, ძალზე გამოცდილი კარლო ანჩელოტი. თუმცა ტუხელმა და ანჩელოტიმ ერთი "კლასიკი" უკვე გაითამაშეს, ეს იყო გერმანიის სუპერთასის შეხვედრა, რომელიც 14 აგვისტოს ამავე სტადიონზე შედგა და ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:0. მაშინ გოლები არტურო ვიდალმა და თომას მიულერმა გაიტანეს.

"დორტმუნდი" 6 ქულით ჩამორჩება კონკურენტს. სწორედ ასეთ თამაშებს უწოდებენ ექვსქულიანს.

მატს ჰუმელსი "სიგნალ იდუნა პარკზე" მტრის ბანაკში ბრუნდება. თამაშის შანსი მიეცა მარკო როისს, რომელიც დიდი ხანი იყო ლაზარეთში.

"ზეწოლა მარტო ჩვენზე არ იქნება, ასეთივე დღეში იქნებიან მასპინძლებიც. რაც შეეხება გოლეადორებს, რობერტ ლევანდოვსკიც და პიერ-ემერიკ ბოატენგიც უმაღლესი კლასის ფორვარდები არიან, მაგრამ ლევანდოვსკი უფრო სრულყოფილია", - განაცხადა ჟერომ ბოატენგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. თავად ბოატენგმა ნაკრების მატჩები გამოტოვა, მაგრამ "ბაიერნის" მცველი ახლა ფორმაშია და კლასიკს აუცილებლად ითამაშებს. სტუმართა ბანაკში ფრანკ რიბერისთვის ამზადებენ ახალ კონტრაქტს, რაც ფრანგს ფრთებს შეასხამს.

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, გერეირო - ვაიგლი - დემბელე, კასტრო, გიოტცე, შიურლე - ობამეიანგი
ბაიერნი (4-1-2-2-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო - ტ. ალკანტარა, ვიდალი - რობენი, მიულერი - ლევანდოვსკი

Sportall.Ge

ლიგა 1: ნიცა-მილანი-სენტ ეტიენი
ისეთი გამორჩეული შეხვედრა, როგორც ტოპ-ლიგებშია, საფრანგეთში არ არის. ლიდერი "ნიცა" გაცილებით ტრადიციულ გუნდს, "სენტ ეტიენს" სტუმრობს და სწორედ ეს თამაშია ტურში ცენტრალური. მარიო ბალოტელი სამშობლოში იყო და გერმანიის ნაკრებთან თამაშს დაესწრო "სან სიროზე", თუმცა საფრანგეთში დაბრუნდა და ამ შეხვედრისთვის მზად არის. მდევარი პსჟ შინ "ნანტს" მასპინძლობს, კიდევ ერთი მდევარი "მონაკო" კი "ლორიანს" ხვდება.

ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური
შაბათი. 19 ნოემბერი
მანჩესტერი-არსენალი 16:30
კრ. პალასი-სიტი 19:00
ევერტონი-სუონსი 19:00
საუთჰემპტონი-ლივერპული 19:00
სტოკი-ბორნმუთი 19:00
სანდერლენდი-ჰალი 19:00
უოტფორდი-ლესტერი 19:00
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 21:30

კვირა. 20 ნოემბერი
მიდლსბრო-ჩელსი 20:00

ორშაბათი. 21 ნოემბერი
ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი 00:00

ბომბარდირები: 9 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - სერხიო აგუერო (სიტი); 7 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ედენ აზარი (ჩელსი); 6 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), სადიო მანე (ლივერპული).

დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), ბერი (ევერტონი), პიენაარი (სანდერლენდი), დიომანდე (ჰალი), ოლებასი (უოტფორდი), ნოუბლი (ვესტ ჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
პარასკევი. 18 ნოემბერი
ბეტისი-ლას პალმასი 23:45

შაბათი. 19 ნოემბერი
დეპორტივო-სევილია 16:00
ბარსელონა-მალაგა 19:15
ეიბარი-სელტა 21:30
ატლეტიკო-რეალი 23:45

კვირა. 20 ნოემბერი
ალავესი-ესპანიოლი 15:00
ვალენსია-გრანადა 19:15
სპორტინგი-სოსიედადი 21:30
ბილბაო-ვილიარეალი 23:45

ორშაბათი. 21 ნოემბერი
ლეგანესი-ოსასუნა 23:45

ბომბარდირები: 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 6 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) ვილიან ჟოზე (სოსიედადი).

დისკვალიფიკაცია: სეხუდო (ბეტისი), დ. სუარესი (ბარსელონა), ნაჩო კამაჩო (მალაგა), კიკე (ეიბარი), ასპასი (სელტა), ლილიო (სპორტინგი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური
პარასკევი. 18 ნოემბერი
ლევერკუზენი-ლაიპციგი 23:30

შაბათი. 19 ნოემბერი
გლადბახი-კიოლნი 18:30
მაინცი-ფრაიბურგი 18:30
ვოლფსბურგი-შალკე 18:30
აუგსბურგი-ჰერტა 18:30
დარმშტადტი-ინგოლშტადტი 18:30
დორტმუნდი-ბაიერნი 21:30

კვირა. 20 ნოემბერი
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 18:30
ვერდერი-აინტრახტი 20:30

ბომბარდირები: 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ანტონი მოდესტე (კიოლნი); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 6 - ვედად იბიშევიჩი (ჰერტა).

დისკვალიფიკაცია: ფოლანდი (ლევერკუზენი), შტოკერი (ჰერტა), კრისტიანსენი (ინგოლშტადტი), ვუდი (ჰამბურგი).

იტალია. სერია A. XIII ტური
შაბათი. 19 ნოემბერი
კიევო-კალიარი 18:00
უდინეზე-ნაპოლი 21:00
იუვენტუსი-პესკარა 23:45

კვირა. 20 ნოემბერი
სამპდორია-სასუოლო 15:30
ატალანტა-რომა 18:00
ბოლონია-პალერმო 18:00
კროტონე-ტორინო 18:00
ემპოლი-ფიორენტინა 18:00
ლაციო-ჯენოა 18:00
მილანი-ინტერი 23:45

ბომბარდირები: 10 - ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი); 8 - ჩირო იმობილე (ტორინო), ანდრეა ბელოტი (ტორინო), მოჰამედ სალაჰი (რომა); 7 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 6 - კარლოს ბაკა (მილანი).

დისკვალიფიკაცია: დაინელი (კიევო), დესენა (კალიარი), ბიონდინი (სასუოლო), კონტი (ატალანტა).

საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტური
პარასკევი. 18 ნოემბერი
ლორიანი-მონაკო 22:00
ლილი-ლიონი 23:45

შაბათი. 19 ნოემბერი
პსჟ-ნანტი 20:00
ნანსი-დიჟონი 23:00
ბასტია-მონპელიე 23:00
ტულუზი-მეცი 23:00
რენი-ანჟერი 23:00

კვირა. 20 ნოემბერი
გენგამი-ბორდო 18:00
მარსელი-კაენი 20:00
სტ. ეტიენი-ნიცა 23:45

ბომბარდირები: 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), ალესან პლეა (ნიცა). D

დისკვალიფიკაცია: მესლუბი (ლორიანი), კვატენგი, სალა, ჰარიტი (ნანტი), კაუზაკი, ლეკა (ბასტია), დურმაზი (ტულუზი), კოადი (მეცი), პალოა (ბორდო), ლ. დიარა (მარსელი), ტანანე (სენტ ეტიენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული