პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო მიღწევებზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ სინამდვილეში, ფარდის მიღმა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც იმალება, რამაც უდიდესი როლი ითამაშა 45 წლის კატალონიელი სპეციალისტის აღზევებაში.
წლების განმავლობაში გვარდიოლას ირგვლივ ბევრი რამ იცვლებოდა - კლუბები, ფეხბურთელები, დირექტორები... მაგრამ რჩებოდა ერთი მუდმივად - მანელ ესტიარტე.
სპორტის სამყარო მას "წყლის მარადონას" სახელით იცნობს. მას წყალბურთში 25-წლიანი წარმატებული კარიერა ჰქონდა, თუმცა მისი
ის ერთ-ერთი იყო იმ 9 კატალონიელიდან ესპანეთის 13-კაციან გუნდში, რომელიც 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიადის ფინალში ოქროს მედალს ვერ შესწვდა. მაგრამ სწორედ ამ ფიასკომ დაუდო სათავე ესპანეთის წყალბურთის ნაკრების ტრიუმფს 4 წლის შემდეგ და ეს იყო ამ ქვეყნის ერთადერთი ოქროს მედალი ატლანტის ოლიმპიადაზე. ამ თამაშებზეც და მერეც ესტიარტე იყო გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ძლიერი ინდივიდუალისტი და გამარჯვებების სულის ჩამდგმელი.
ატლანტის ოქროს გარდა, კარიერის ბოლოსთვის მის ხელთ იყო 1998 წელს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი პერსონალური ჯილდოები - ესტიარტე შვიდჯერ დასახელდა წლის საუკეთესო წყალბურთელად...
გულის ამაჩუყებელი სანახავი იყო თვალცრემლიანი ესტიარტე 1992 წლის ოლიმპიადის ფინალში წაგების შემდეგ, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ მანამდე გაცილებით დიდი ტკივილი ჰქონდა გადატანილი...
ამ დღემდე 7 წლით ადრე ესტიარტეს უფროსი და, რომელიც მასზე დედასავით ზრუნავდა, მანრესაში ოთხსართულიანი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და დაიღუპა. მანელს დიდი ხანი დასჭირდა სტრესიდან გამოსასვლელად. მის პირად ტრაგედიაზე ხალხმა გაიგო მხოლოდ 2009 წელს, როცა წყალბურთიდან უკვე 9 წლის წასული იყო...
ესტიარტემ თავისი გრძნობები ასახა ავტობიოგრაფიულ წიგნში, სადაც ძალიან ცოტას ლაპარაკობს თავის სპორტულ მიღწევებზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს წიგნი მან თავისთვის დაწერა და არა - ხალხისთვის, რომლისთვისაც მანელი ძალიან დიდი სპორტსმენი იყო...
სწორედ ამ წიგნში დაწერა მან პირველად დის თვითმკვლელობაზე. მეტიც - თქვენ წარმოიდგინეთ, მანელის დისშვილებმაც კი, უკვე ზრდასრულ ასაკში, სწორედ ბიძის ავტობიოგრაფიიდან გაიგეს დედის ტრაგიკულ აღსასრულზე.
ვიდრე წიგნი გამოვიდოდა, ესპანეთშიც და მის გარეთაც ცოტამ თუ იცოდა ესტიარტეს კიდევ ერთი პირადი ტრაგედიის დეტალებზე. ხესუს როლანი - მისი უახლოესი მეგობარი, ნიჭიერი მეკარე, რომლის მხარდამხარ მანელმა ხუთ ოლიმპიადაზე ითამაშა, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ტერასიდან გადმოვარდა და სული განუტევა...
ესტიარტეს ავტობიოგრაფიული წიგნის წინასიტყვაობა გვარდიოლას ეკუთვნის. ის ამ წინასიტყვაობაში წერს:
"როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებდი, პირველი ამას მანელი იგებდა და ის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო, ჩემთვის ეთქვა - "არა, შეჩერდი! ასე არ ივარგებს"! მან უდიდესი დახმარება გამიწია იმაში, რომ ფეხბურთისთვის სხვა თვალით, შორიდან შემეხედა".
მათ ერთმანეთი 1991 წელს გაიცნეს და უმალ დამეგობრდნენ. გვარდიოლა და ესტიარტე გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ ბარსელონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში...
მოგვიანებით, მათი მეგობრობა პროფესიულ სიახლოვეშიც გადაიზარდა - 2008 წელს, როცა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდა, პეპმა თანაშემწის სტატუსი სწორედ ესტიარტეს შესთავაზა.
წიგნის გამოსვლამდე მანელმა საკმარისად დიდი დრო დაჰყო "კამპ ნოუზე" საიმისოდ, რათა "ბარსას" ყველა საიდუმლოებას ჩაწვდენოდა, სცოდნობა შიდა სამზარეულოს ყველა დეტალი და ნიუანსი, თუმცა მას არც უფიქრია, ეს საჯარო მსჯელობის საგნად ექცია. სწორედ ამის გამო პეპი მას უდიდეს პატივს სცემს, გვერდიდან არ იშორებს და თვალდახუჭული ენდობა. ამიტომაც იყო ესტიარტე მასთან ერთად იმავე "ბარსელონაში", მერე "ბაიერნში", ახლა კი "მანჩესტერ სიტიშია"...
პეპი იხსენებს "ბაიერნში" მისვლის პირველ დღეებს, როცა "რეკორდმაისტერის" ბოსებთან ერთად სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებაზე ბჭობდა. "ბაიერნის" თავკაცებს, რომელთაც ერთდ დროს დიდი ფეხბურთი უთამაშიათ, ვერ გაეგოთ, რატომ უნდა ყოფილიყო გვარდიოლას შტაბში ყოფილი წყალბურთელი, თუნდაც - ვარსკვლავი. პეპმა დირექტორებს ეს ისე აუხსნა, კითხვები აღარ დაუტოვა:
"...იმიტომ, რომ მჭირდება. საერთოდ, მწვრთნელები არიან ძალიან, ძალიან მარტონი. ამიტომაც უნდა იყოს აქ მანელ ესტიარტე, სწორედ აქ, ჩემს გვერდით".
საინტერესოა ესტიარტეს ფუნქციები. სხვა საქმესთან ერთად, "სიტიში" მას განსაკუთრებით ესპანურ მედიასთან ურთიერთობა ევალება. ამა თუ იმ თამაშის შემდეგ ის ერთი საათის (და ხშირად მეტიც) განმავლობაში მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თანამემამულე ჟურნალისტებს რეპორტაჟის დაწერაში დაეხმაროს, აუხსნას თამაშის ყველა დეტალი და ასე შემდეგ...
ამას გარდა, უშუალოდ ესტიარტე წყვეტს, რომელი ფეხბურთელი უნდა დაელაპარაკოს ინგლისელ ჟურნალისტებს მატჩისშემდგომ მიქს-ზონაში. გაგიკვირდებათ და, ის ფილტრავს გვარდიოლას ინტერვიუებსაც...
აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - მანელმა, შეიძლება, იმაზე გაცილებით მეტიც იცის გუნდის შიგთავსზე, ვიდრე თავად გვარდიოლამ. აქ ერთი საინტერესო ისტორიაც უნდა გავიხსენოთ: აგვისტოში, "ვესტ ჰემთან" მოგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მას ჰკითხეს, რით იყო გამოწვეული ჯონ სტოუნსის შეცვლა - ტრავმით ხომ არა?
გვარდიოლამ ახსნა, რომ გადაწყვეტილება წმინდა ტაქტიკური ხასიათის იყო, არადა, მან მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინა სტოუნსის დაზიანებული თვალი. პრესკონფერენციის დროს პეპი საცოდავად შესცქეროდა ესტიარტეს, რომელსაც აბეზარი ჟურნალისტებისთვის პასუხი გამზადებული ჰქონდა: "შეგიძლიათ, დამშვიდდეთ. აქ სანერვიულო არაფერია".
ჩანს, ესტიარტეს გავლენა გაცილებით მეტია, ვიდრე - უბრალო თანაშემწისა. გავიხსენოთ ფრაზა გვარდიოლას წინასიტყვაობიდან: "მანელი ხშირად მეუბნება: არა, ასე არ შეიძლება! შეჩერდი"!.. ამიტომაც ადვილია იმის ვარაუდი, რომ ესტიარტეს, როგორც "რუხი კარდინალის", ხელი ერია ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებშიც, როგორებიც იყო სამუელ ეტო'ოს გაყიდვა "ბარსელონიდან", ჯო ჰარტის აბარგება "მანჩესტერ სიტიდან" და სხვა.
რამდენად სერიოზული იქნება მომავალშიც ესტიარტეს გავლენა გვარდიოლაზე, მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე? ამას ყველაზე კარგად დრო და ისტორია შეაფასებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"