ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: "ლაიპციგი" ევროპის ტოპ-გუნდია!

AutoSharing Option
ევროუქმეებზე ტოპ-5 ლიგაში 48 თამაში გაიმართა, ერთი ჩაიშალა, ერთზე კი უკვე ისედაც ბევრი დაიწერა (მხედველობაში კლასიკო გვაქვს). მოდი, ვნახოთ საინტერესო ფაქტები და ციფრები სხვა 47 დაპირისპირებიდან...

პრემიერლიგა: 22:2
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე 7 ქულა დაკარგა ამ სეზონში ბოლო 10 წუთში გაშვებული გოლების გამო. ადრე პირიქით იყო, "იუნაიტედი" მატჩის მიწურულს უფრო ყოჩაღობდა.

* ლეიტონ ბეინსმა (ევერტონი) 19 პენალტიდან 17 გაიტანა პრემიერლიგაში.

* მას მერე, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (მანჩესტერი) ზედიზედ 6 ტურში ვერ გაიტანა, მან ბოლო 3 ტურში 4 გოლი შეაგდო.

* 2000
წლის მერე "ლივერპული" პირველად დამარცხდა პრემიერლიგაში 3:4 ანგარიშით.

* ემრე ჯანმა (ლივერპული) პრემიერლიგის მატჩში პირველად გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა ერთდროულად.

* 2009 წლის შემდეგ პირველად, ჯეიმს მილნერმა (ლივერპული) პრემიერლიგის მატჩში "აიკიდა" პენალტი.

* მას მერე, რაც გუნდმა ტაიმი 2:0 მოიგო, პრემიერლიგაში 1061 შემთხვევიდან მხოლოდ 22-ში დამარცხდა დაწინაურებული გუნდი.

* "ბორნმუთმა" აქამდე "ლივერპულთან" ცხრა მატჩი გამართა და მხოლოდ პირველად მოუგო ინგლისური ფეხბურთის გრანდს.

* ალექსის სანჩესის ჰეთ თრიკი (14 წუთში) "არსენალის" ისტორიაში ყველაზე სწრაფ ჰეთ თრიკებში მე-3 ადგილზეა. პირველ ადგილზე იან რაიტის ჰეთ თრიკია - 9 წუთი 1995 წელს "იფსვიჩის" წინააღმდეგ.

* მესუთ იოზილმა (არსენალი) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) უკვე 8 გოლი გაიტანა, რამდენიც მთელ წინა სეზონში.

* შინჯი ოკაზაკი (ლესტერი) პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე მეტი გოლის გამტანი იაპონელი გახდა 7 გოლით.

* ჯერმეინ დეფოს (სანდერლენდი) ანგარიშზე დეკემბერში 24 გოლია, მეტი მხოლოდ შირერს (39), ფაულერსა (33) და რუნის (31) გაუტანიათ.

* 2016 წელს ჰარი კეინს (ტოტენჰემი) 20 გოლი დაუგროვდა პრემიერლიგაში, მეტი მხოლოდ სერხიო აგუეროს (სიტი) აქვს - 27.

* კრისტიან ბენტეკე (კრისტალ პალასი) გახდა მე-4 ფეხბურთელი, ვინც ამ სეზონში საკუთარ დაბადების დღეზე გაიტანა (კოსიელნი, იოზილი, ნოლიტო).

* "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა კუთხურის მოწოდების შემდეგ (7), მაშინ, როცა "უოტფორდმა" ყველაზე მეტი გაუშვა - 8.

* "სიტი" პირველი გუნდი გახდა ამ სეზონში, რომელმაც პრემიერლიგის ერთ მატჩში ორი წითელი ბარათი მიიღო.

* დიეგო კოშტას (ჩელსი) უკვე 20 გუნდისთვის გაუტანია პრემიერლიგაში (23-ს ეთამაშა).

* მას მერე, რაც "ჩელსი" 3-კაციან დაცვაზე გადაეწყო, გუნდმა ზედიზედ 8 მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით 22:2.

* "ლესტერ სიტიმ" 14 ტურის მერე მოქმედი ჩემპიონისთვის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა - 15 ქულა.

* "ვესტ ჰემი" ყველაზე არაზუსტად ურტყამს პრემიერლიგაში - სიზუსტე 30%.

ლა ლიგა: ლოპესის მშრალი სერია
* ამ სეზონში "მალაგამ" ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა იმ თამაშებში, რომლებშიც თავიდან მარცხდებოდა - 15.

* ხოაკინ კაპაროსს (ოსასუნა) უკვე 17 თამაშია, ვერ მოუგია ლა ლიგაში.

* ალექსის რუანომ (ალავესი) ზუსტად ერთწლიანი პაუზის მერე გაიტანა ლა ლიგაში, 2015 წლის 5 დეკემბერს მან "რეალს" გაუტანა "ხეტაფეს" მაისურით.

* 2011/12 წლების სეზონიდან მოყოლებული, ბენიატმა (ბილბაო) 10 გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით, მეტი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს (13) და ლიონელ მესის (14) აქვთ ამ პერიოდში გატანილი.

* "ბეტისმა" ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩი ვერ მოუგო "სელტას".

* იაგო ასპასმა (სელტა) ბოლო 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

* რუბენ კასტრო გაუტოლდა "ბეტისის" ყველა დროის ბომბარდირ ალფონსო პერესს - 69 გოლი.

* იაგო ასპასმა ამ სეზონში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა ესპანელ ფეხბურთელთა შორის - 9 გოლი, 2 საგოლე პასი.

* კიკე სანჩეს ფლორესი (ესპანიოლი) 7-ჯერ დაუპირისპირდა "ატლეტიკოს", როგორც მწვრთნელი და ჯერ ერთხელაც არ დამარცხებულა.

* დიეგო ლოპესს (ესპანიოლი) 496 წუთია, გოლი არ გაუშვია ლა ლიგაში. ეს ამ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.

* "ვილიარეალის" ბოლო 9 ვიზიტი მადრიდში მოუგებლად დასრულდა.

* ანდრეას პერეირამ (გრანადა) ლა ლიგაში პირველი გოლი 31-ე დარტყმის შემდეგ გაიტანა.

* ინიაკი ვილიამსმა (ბილბაო) ამ სეზონში ორჯერ გაიტანა და ორჯერვე ბასკური კლუბების კარში.

* პაბლო ფორნალსის დუბლის წყალობით, "მალაგამ" წაუგებელი სერია 4 მატჩამდე გააგრძელა.

* ნეიმარი ერთადერთი ფეხბურთელია ლა ლიგაში, რომელიც ასზე მეტჯერ შეეცადა, მეტოქეს დრიბლინგით გასცდენოდა.

* ასიერ ვილიალიბრე გახდა "ბილბაოს" პირველი ფეხბურთელი გაიზკა ტოკეროს (2009 წ.) შემდეგ, ვინც ლა ლიგის დებიუტში საგოლე პასი მიითვალა.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: ევროპაში მოუგებელი არავინაა
* რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) პირველია ბუნდესლიგაში, ვინც ზედიზედ მეოთხე საგარეო მატჩში გაუტანა ორი გოლი ერთსა და იმავე მეტოქეს, პოლონელი "მაინცის" სპეციალისტად ჩამოყალიბდა. სულ კი მან "მაინცს" 10 გოლი გაუტანა.

* 15 საათზე (ზუსტი დრო მოედანზე) მეტია, რაც თომას მიულერს ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია.

* ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა ამ სეზონში პირველად დაიწყეს ერთად "ბაიერნში". რობენისთვის ეს 150-ე მატჩია ბუნდესლიგაში.

* "ლაიპციგი" საშუალოდ 2,54 ქულას აკეთებს თამაშში, რაც ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

* მატიაშ ოსტჟოლეკმა (ჰამბურგი) ბუნდესლიგის პირველი გოლი 133-ე თამაშში გაიტანა.

* ნიკოლაი მიულერმა (ჰამბურგი) ბუნდესლიგაში 150-ედ ითამაშა.

* ზეად კოლოშინაცმა (შალკე) "შალკეს" ბოლო 6 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა. ცუდი ისაა, რომ მან ერთიც საკუთარ კარში დაამატა.

* "ჰამბურგმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. რადგან "გრანადამაც" მოიგო, ევროპის ტოპ-ლიგებში მოუგებელი გუნდი აღარ დარჩა.

* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) უკვე სამი პენალტი მოიპოვა სეზონში, მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი) ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ ორ სეზონში მოახერხა საწყის 13 ტურში მინიმუმ 15 გოლის გატანა.

Sportall.Ge

სერია A: "რომას" კომპლექსი
* სამი და მეტი გოლის სხვაობით "ნაპოლიმ" ბოლოს მაისში მოიგო ("ფროზინონესთან" - 4:0).

* პირველ ტაიმში "ნაპოლიმ" "ინტერის" კარში ზუსტად 11-ჯერ დაარტყა. ეს ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია ჩემპიონატში.

* მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" მაისურით 104-ე გოლი გაიტანა და კლუბის გოლეადორებში ედინსონ კავანის გაუთანაბრდა.

* ბაბაქარმა (ფიორენტინა) თავისი 16 გოლიდან ნახევარი მატჩების ბოლო 20 წუთში გაიტანა.

* ფედერიკო ბერნარდესკიმ (ფიორენტინა) ბოლო 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 40 შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი შეაგდო.

* "რომა" "ლაციოსთან" ბოლო 8 თამაშში წაუგებელია. ამასთან, გუნდმა ბოლო 4 დერბი მოიგო. როგორც ჩანს, "ლაციოს" "რომას" კომპლექსი აქვს.

* ჯანლუკა ლაპადულამ (მილანი) პირველად გაიტანა "სან სიროზე", სასტარტო შემადგენლობაში.

* "კროტონეს" ბოლო 7 გოლიდან 5 დიეგო ფალჩინელის ანგარიშზეა.

* "იუვენტუსის" მცველების ანგარიშზე ამ სეზონში 8 გოლი მოდის, მეტი, ვიდრე სხვა რომელიმე გუნდის მცველების გოლები.

* 15 ტურის შემდეგ ყველა გუნდს აქვს წაგებული სამი თამაში მაინც. ასეთი რამ არ მომხდარა 1942/43 წლების სეზონის შემდეგ.

ლიგა 1: პლეას 400
* 18 წლისა და 4 თვის იანიკ კარამო "კაენის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ბოლო დეკადაში, ვინც ლიგა 1-ის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

* "ნიცას" ისტორიაში პირველად აქვს 16 ტურის მერე 39 ქულა.

* ალასან პლეამ (ნიცა) ლიგა 1-ის ამ სეზონის მე-400 გოლი გაიტანა.

* "მარსელმა" ლიგა 1-ში 2015 წლის მერე პირველად მოიგო 3 და მეტი გოლის სხვაობით.

* ედინსონ კავანი (პსჟ) "მონპელიესთან" მატჩის პირველ ტაიმში სულ რაღაც 8-ჯერ შეეხო ბურთს.

* "მონპელიეს" პსჟ-სთვის არ ჰქონდა მოგებული ბოლო 12 დაპირისპირებაში.

* "მონაკოს" საუკეთესო შეტევა ჰყავს ტოპ-5 ლიგაში - 16 მატჩში 49 გოლი.

* პსჟ ერთადერთი კლუბია ლიგა 1-ში, რომლის შემადგენლობაშიც გოლი არ გაუტანია აფრიკელ ფეხბურთელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული