ჯანი ინფანტინო: დიახ, სამწუხაროდ, ხალხს ფიფა ეზიზღება...

AutoSharing Option
Football Leaks-ის მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა საფეხბურთო საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა, მაგრამ არამხოლოდ საფეხბურთო - როცა საქმე ეხება ათეულ და ასეულ მილიონობით გადასახადების დამალვას, საეჭვო სატრანსფერო ოპერაციებს და სხვა მაქინაციებს, იქ ვერც სახელმწიფო დარჩება გულგრილი...

მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესოა, როგორ უყურებს პრობლემებს ფიფა და, კერძოდ, მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ვისთანაც theblacksea.eu-მ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...

- ყოველწლიურად იზრდება სატრანსფერო თანხები და, შესაბამისად, იზრდება იმ შუამავალთა შემოსავლებიც, რომლებიც ამ ტრანსფერების უკან დგანან. არ ხართ შეშფოთებული იმით, რომ სატრანსფერო ბაზარზე აგენტები სულ უფრო მეტ გავლენას
ახდენენ?
- მე მგონი, ამ შემთხვევაში "შეშფოთება" ზუსტ განსაზღვრებად არ ივარგებს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ თავიდან უნდა დავიწყოთ სატრანსფერო საკითხების შესწავლა, უფრო სიღრმისეულად უნდა დავინტერესდეთ ამ თემით... წარმოიდგინეთ, რამდენი ტრანსფერი ხორციელდება წლის განმავლობაში ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე - ლაპარაკია დაახლოებით 2-3 მილიარდის ბრუნვაზე, რაც ძალიან დიდი თანხაა. თქვენ სწორად შენიშნეთ ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება შუამავალთა შემოსავალი და დროა, ამ ყველაფრის ანალიზი გაკეთდეს.

- ფიქრობთ, რომ აგენტებისკენ დიდი ფული მიდის?
- მე არ ვიცი, ეს დიდი ფულია თუ ცოტა. იქნებ ცოტაა და ისინი უფრო მეტს იმსახურებენ?! საქმე ისაა, რომ აქ არ არის სრული გამჭვირვალობა და სანამ ეს არ იქნება, მანამდე დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. აი, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაიწყო აგენტების შემოსავლების გამოქვეყნება და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, რაღაცნაირად გვეხმარება... თუ მოვინდომებთ, და სხვა გზა არც გვაქვს, ჩვენ შევძლებთ ამ სფეროში გამჭვირვალობის მიღწევას.

- ჩვენს ხელთ არის ძალიან ბევრი დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ კლუბები კონტრაქტებს უფორმებენ ფეხბურთელების აგენტებს. შემდეგ ამ აგენტს შეუძლია, ურჩიოს "თავის" ფეხბურთელს, იმ კლუბში გადავიდეს, რომელთანაც თავად აკავშირებს კონტრაქტი. ეს ხომ ინტერესთა კონფლიქტია?
- დიახ, რა თქმა უნდა, ეს ინტერესთა კონფლიქტია და საქმეც ისაა, როგორ დავარეგულიროთ ეს საკითხი. თქვენ იცით, რომ 2015 წლამდე საერთოდ არ არსებობდა შუამავლობის რეგულაციები, ახლა კი აგენტები ვალდებულნი არიან, მოლაპარაკების პროცესის დასაწყისშივე განაცხადონ და დაამტკიცონ, რომ ამა თუ იმ ტრანსფერში პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი არ არის, ოღონდ ამას ყველა მხარე უნდა დაეთანხმოს.

- ისე, რამდენად რეალურია, რომ აგენტი ორივე მხარისთვის ერთნაირად მუშაობდეს?
- ეს რეალობაა, თუ არის გამჭვირვალობა. ამით ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი. ახლა ვიცი, რომ დამისვამთ კითხვას - საკმარისია ეს? რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, თუ ყველა დაინტერესებული მხარე არ იაქტიურებს. მე ძალიან ვაფასებ მედიის როლს, მაგრამ აქ მთავარი აქტორები არიან ფეხბურთელები, კლუბები, შუამავლები, ევროკომისიის ავტორიტეტული სტრუქტურები... ჩვენ უკვე შევქმენით ფიფას ეგიდით ერთიანი კომიტეტი, რომელიც ახალი წლის დასაწყისში პირველად შეიკრიბება.

- რას იტყვით იმაზე, რომ 2015 წლის რეგულაციების თანახმად, საფეხბურთო აგენტებზე კონტროლის მექანიზმი ეროვნულ ასოციაციებს გადაეცათ? ანუ რამდენად სწორედ მოხდა ამ საკითხის დელეგირება ასოციაციებზე?
- როცა ეს მოხდა, მაშინ მე ჯერ არ ვიყავი ფიფას პრეზიდენტი...

- ...და ეს იმას ნიშნავს, რომ გადახედავთ ამ წესს?
- არა, რატომ? ჩვენ ჯერ კარგად უნდა გამოვცადოთ ეს გზა. გულუბრყვილობა იქნება, ვიფიქროთ, რომ ფიფა ციურიხიდან ყველას და ყველაფერს გააკონტროლებს მთელ მსოფლიოში. პრინციპულია ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საფეხბურთო ასოციაციებმა და კონფედერაციებმა მეტი პასუხისმგებლობა გაიზიარონ აგენტების საქმიანობაზე.

- მაგრამ რეალობაში რამდენად იმუშავებს ეს? მაგალითად, ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ უკვე განაცხადა, რომ ძალიან ბევრი კონტრაქტისა და სხვადასხვა კომპლექსური დოკუმენტაციის პირობებში, შეუძლებელია ყველაფრის კონტროლი. ფიქრობთ, რომ ეს განცხადება ადეკვატურია ფიფას პოლიტიკის?
- წარმოიდგინეთ სიტუაციის მთელი სირთულე, როცა ამას ამბობს თვით ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაცია - ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული სტრუქტურა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ფიფაში 211 ასოციაციაა და თუ ასე მიდგება საქმე, სრული კონტროლის დასამყარებლად ჩვენ პოლიციური ძალებიც დაგვჭირდება... ეს ხუმრობით, მაგრამ მაშინ რა გზა შეიძლება ავირჩიოთ? დისციპლინარული სანქცია კონკრეტული მხარის მიმართ, ან ამ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება, თუ წესები მრავალგზის ირღვევა... მაგრამ თქვენ გგონიათ, ეს იქნება საკმარისი? ალბათ, არა, მაგრამ ჯერჯერობით სხვა გზას ვერ ვხედავთ.

- 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, აგენტების ანაზღაურება იზრდება, საპირისპიროდ ფეხბურთელების ხელფასებისა, რომელმაც აშკარად იკლო. ეს არ არის საგანგაშო ფაქტი?
- განგაშის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ეს შეიძლება ერთჯერადი სტატისტიკა იყოს. კი ბატონო, ეს არის აგენტების შემოსავლების ზრდის ერთგვარი ინდიკატორიც, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამ არის - ეს არ უნდა იყოს ტენდენცია. ამიტომ, სანამ განგაშს ავტეხდეთ, ჯერ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე.

- სხვათა შორის, კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრ სატრანსფერო ოპერაციაში აგენტის როლი არ ფიქსირდება. როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარე შეგნებულად აკეთებს ამას, რათა აგენტების შემოსავალი და სატრანსფერო ოპერაციის რეალური თანხა არ გამოჩნდეს. როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევითია?
- ძალიან კარგი კითხვაა. თუ ვიღაც რაღაცას მალავს, ესე იგი, მას აქვს რაღაც დასამალი.

- ჩანს, რომ ბევრია ამ სატრანსფერო ბიზნესში ისეთი, ვინც რაღაცას მალავს...
- მე არ ვიცი, ბევრია თუ ცოტა. თქვენ საიდან იცით, რომ ბევრია? მე კი მგონია, რომ ამ ბიზნესში უმრავლესობა პატიოსანია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვეძებოთ კონტროლის ახალი მექანიზმები, არ უნდა გავამკაცროთ არსებული სანქციები... მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ არ ვართ სამართალდამცავი ორგანო.

- საგადასახადო ორგანოებმა გადასახადების დიდი რაოდენობით დამალვის გამო დააჯარიმეს ფეხბურთელები და მწვრთნელები. რატომ ხდება, რომ ფიფას წესები სხვადასხვაგვარად არის ინტერპრეტირებული სხვადასხვა ქვეყანაში?
- მე არ მგონია, რომ ეს ფიფას წესების ბრალია. ყველა იხდის გადასახადს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სისტემის მიხედვით. რა შუაშია აქ ფიფა? ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელნი იმაზე, თუ ვინ იხდის გადასახადს და ვინ - არა. ერთადერთი, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ საგადასახადო ორგანოებს, ეს გამჭვირვალობაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

- ...მაგრამ გადასახადების დამალვაში მხილებულები არიან ისეთი დიდი საფეხბურთო ფიგურები, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო... როგორ ფიქრობთ, ეს არ უქმნის საფრთხეს ფეხბურთის მთლიანობას?
- ვიღაც არ იხდის გადასახადებს, ვიღაც სწრაფად ატარებს თავის ავტომობილს... ფიფა ვერ იქნება ამაზე პასუხისმგებელი. კიდევ ვიმეორებ - ჩვენ შეგვიძლია და გვსურს კიდეც თანამშრომლობა, როგორც ეს გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული "მესამე მხარის მფლობელობის" აკრძალვით.

- "მესამე მხარის მფლობელობა" პრობლემატურია, რადგან ამით შესაძლებელი ხდება კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაში ჩარევა. თქვენ გაქვთ ამის საწინააღმდეგო მექანიზმები?
- არა, ჯერ არა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ...

- ფინანსურ ეფექტს თუ ელოდებით ამ აკრძალვისგან?
- მე ვფიქრობ, ეფექტი, პირველ რიგში, იქნება იმ მხრივ, რომ თავიდან ავიცილებთ ბევრ უკანონობას, რაც აქამდე იყო. იქნება ფინანსური ეფექტიც, რადგან ის, რაც აქამდე დაფარული იყო, ზედაპირზე ამოვა და გამჭვირვალე გახდება.

- მისტერ ინფანტინო, ხალხს უყვარს ფეხბურთი, მაგრამ სძულს ფიფა...
- დიახ, სამწუხაროდ, ასეა...

- ...და ამაში მთავარი როლი ითამაშა კორუფციული ფაქტების გამომზეურებამ. რა უნდა გააკეთოს ფიფამ ისეთი, რომ ავტორიტეტი და ნდობა დაიბრუნოს?
- მგონი, უკვე ხედავენ გულშემატკივრები, რომ სერიოზულად და პატიოსნად ვმუშაობთ ფეხბურთის ინტერესების დასაცავად. ფეხბურთი გლობალური ფენომენია და ის ვერ იქნება ჩაკეტილი სისტემა. ჩვენ წავედით გამჭვირვალობის, სამართლიანობის გზით... დანარჩენიც, ნდობის აღდგენა იქნება ეს თუ ავტორიტეტის, მხოლოდ დროის საკითხია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერე ვისი ბრალია, რომ ფიფა ხალხს ეზიზღება? ისევ თქვენი! ბლატერიდან დაწყებული, მსაჯებით დამთავრებული, ყველა მექრთამე და კორუმპირებულია. ეს ინფანტინოც მშვენივრად აგრძელებს ბლატერის ტრადიციებს, რაც რუსეთში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა დაგვანახა
არჩილ
22:20 18-08-2018
0
ფიფა ვერ უვლის ამ თამაშს, რომელიც ფაქტიურად მითვისებული აქვს. კლუბების მდგომარეობა ფინანსურ პირამიდასავით არამდგრადია
და ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიქცევა.
დროის ამბავია მხოლოდ. ჩვენ ეს არ
გვეხება, სხვა განზომილებაში ვართ.
ბრიტანელები დროზე მიხვდებოდნენ
გამოვიდოდნენ ფიფა-დან და თვითონ
აიღებდნენ ფუტბოლის მენეჯმენტს
კარგი იქნებოდა.
ვეტერანი
20:00 25-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული