ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ

AutoSharing Option
მომავალ ზაფხულს დიდ სატრანსფერო ორომტრიალს უნდა ველოდოთ. არაერთ ვარსკვლავს უმთავრდება კლუბთან კონტრაქტი. მათ შორის არიან სუპერვარსკვლავებიც. მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და არიენ რობენი.

სანტი კასორლა, 32 წლის
"არსენალის" თანამედროვე ისტორიაში კასორლას ტრანსფერი ერთ-ერთი საუკეთესოა. ოთხი წლის წინ "ვილიარეალიდან" მოსული ფეხბურთელი ძირითადის უცვლელი წევრია. სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ოქტომბერში აქილევსის მყესის ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე ლაზარეთშია და იქ ელის კლუბისგან ახალ სატრანსფერო შეთავაზებას.

ხესუს ნავასი, 31 წლის
სეზონის დასაწყისში ყველა ელოდა, რომ ესპანელი გარემარბი აუცილებლად დატოვებდა "მანჩესტერ სიტის". მით უმეტეს, მის პოზიციაზე "ქალაქელებმა"
სოლიდურ თანხად შეიძინეს ლეროი სანე. ბოლო დროს პეპ გვარდიოლა ესპანელს უფრო და უფრო ხშირად ენდობა. ეს გუნდში მისი დარჩენის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ტიაგო სილვა, 32 წლის
ბოლო დროს ფრანგულ პრესაში ძალიან ხშირად იწერება, რომ ტიაგო სილვამ შეიძლება გუნდი დატოვოს. ნოემბრის დასაწყიში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლუბი და ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არაფერი ისმის. ამ დროისათვის გუნდის კაპიტანი და წამყვანი მცველია. რთული წარმოსადგენია, "პარი სენ-ჟერმენი" იოლად შეელიოს.

ტაისონი, 28 წლის
უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს დონეცკის "შახტარიდან" წასვლა სურს. მისი აგენტის განცხადებით, ბრაზილიელ შემტევს მშობლიურ "ინტერნასიონალში" სურს დაბრუნება. არის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტაისონი ახალ კონტრაქტს გააფორმებს დონეცკურ კლუბთან, ამის შემდეგ კი იჯარით დაბრუნდება სამშობლოში.

იაია ტურე, 33 წლის
ცნობილია, რომ პეპ გვარდიოლასთან ცუდი უთიერთობა აქვს. თავიდან კატალონიელ მწვრთნელთან კონფლიქტი შეემთხვა, მაგრამ ტურემ ბოდიში მოიხადა და გუნდში დაბრუნდა. მეტიც, ილქაი გიუნდოგანის ტრავმამ მას ძირითადი შემადგენლობისკენ გაუხსნა გზა. ამბობენ, რომ შეიძლება გვარდიოლას გარდაქმნებს შეეწიროს. მეორე მხრივ, თუ "სიტიმ" კვალიფიციური საყრდენი არ დაიმატა, მასთან შელევა თვით გვარდიოლასაც კი გაუჭირდება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 35 წლის
35 წლის ზლატანი "მანჩესტერში" დიდებულად თამაშობს. ის გუნდში ჟოზე მოურინიოს პირადი მიწვევით მივიდა. სეზონის დასრულების შემდეგ ზლატანი წყნარად აპირებდა კარიერის დასრულებას ოკეანის გაღმა, მაგრამ ის ისეთ ფორმაშია, რომ ჟოზეს მომავალ სეზონშიც აუცილებლად დასჭირდება. სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს "იუნაიტედი" მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

არიენ რობენი, 32 წლის
"მე მხოლოდ დღევანდელობასა და ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. ბევრი ამას დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის მიზნით ამბობს, მაგრამ მე მართლა არაფერს ვმალავ", - ამბობს რობენი. როგორც ჩანს, ჰოლანდიელმა "რაკეტამ" მართლაც არ იცის, რა იქნება ზაფხულში. ხუთი გოლი და სამი შედეგიანი პასი ცხრა შეხვედრაში - რობენი მიმდინარე სეზონში აღარ არის "ბაიერნის" ლიდერი. ზამთარში რობენს "რეკორდმაისტერი" ვერ შეელევა. გუნდში ჰოლანდიელის შემცვლელი არ არის. ზაფხულში კი ყველაფერი კარლო ანჩელოტიზე იქნება დამოკიდებული.

ფერნანდო ტორესი, 32 წლის
მისი კონტრაქტი მომავალ წელს მთავრდება. დიდი ალბათობით, "ელ ნინიო" კარიერას მშობლიურ კლუბში დაასრულებს. როდის გადადგამს ფერნანდო ამ ნაბიჯს, ეს მის სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული. ამ სეზონში გამეიროსა და ფერეირა-კარასკოს შემცვლელია. ამის მიუხედავად, "ატლეტიკოში" თავს ბედნიერად გრძნობს.

ბრანისლავ ივანოვიჩი, 32 წლის
სერბ მცველს ძალიან უნდა "ჩელსიში" კარიერის გაგრძელება, მაგრამ, როგორც ჩანს, "სტემფორდ ბრიჯზე" მას ზაფხულიდან არავინ გააჩერებს. ივანოვიჩმა პრემიერლიგა ძირითად მცველად დაიწყო, თუმცა "არსენალთან" განადგურების შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ამას დაემატა ისიც, რომ ანტონიო კონტე სამ მცველზე გადავიდა. ასპილიკუეტა, ლუიზი და კეჰილი ამ დროისათვის ხელშეუხებლები არიან "არისტოკრატთა" დაცვაში.

პერ მერტეზაკერი, 32 წლის
ამ სეზონში ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია. ჯერაც მუხლის ტრავმას ებრძვის. ამასობაში "არსენალის" დაცვაში მისი ადგილი კიდევ ერთმა გერმანელმა, ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა და მეწყვილემ, შკოდრან მუსტაფიმ დაიკავა. "არსენალის" შესაძლო დატოვებას პერი ჯიუტად უარყოფს, თუმცა კოსიელნი-მუსტაფის წყვილის "დანგრევა" მას ძალიან გაუჭირდება. ამასობაში, გაბრიელ პაულისტაც არ უნდა დავივიწყოთ.

ასევე ზაფხულში უსრულდებათ კონტრაქტები: ჯონ ობი მიკელის (ჩელსი), პაბლო ზაბალეტას (სიტი), ლუკას ლეივას (ლივერპული), გაელ კლიშის (სიტი), ბაკარი სანიას (სიტი), ანტონიო ვალენსიას (მანჩესტერი), კეისუკე ჰონდას (მილანი), პეპეს (რეალი), დანიელე დე როსის (რომა), მარიო ბალოტელის (ნიცა), კლას-იან ჰუნტელაარს (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული