ბურთის ფლობა აქტუალური აღარ არის
უეფას მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ წერილში, რომელიც ევრო 2016-ს ეძღვნება ბევრ საინტერესოს ნახავთ. მაგალითად, იმას, რომ ვინც ყველაზე ცოტა ირბინა იმ გუნდებიდან ჯგუფური ეტაპი მხოლოდ ბელგიამ და ირლანდიამ გაიარეს. მაგრამ ყველაზე საგულისხმო იმ რეპორტაჟში ბურთის ფლობის შესახებ ინფორმაციაა - გუნდებმა, რომლებიც ამ მაჩვენებლებით დომინირებდნენ თამაშების მხოლოდ 31% მოიგეს! რა თქმა უნდა, ფეხბურთში არ არსებობს თამაშის მოგების უნივერსალური საშუალება (გარდა იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი გოლი უნდა გაიტანო), მაგრამ ფაქტია, 2016 წელს ისეთმა გუნდებმა მიაღწიეს წარმატებას (მაგალითად, "ლესტერმა", პორტუგალიის ნაკრებმა), რომელთა თვითმიზანი სულაც არ არის ბურთის აქეთ-იქით გორება. სავსებით საკმარისია მძლავრი დაცვა, გარდამავალ ფაზაში კარგი თამაშის უნარი და უსწრაფესი კონტრშეტევები.
გერმანელი მასკერანო
ერთ-ერთი ფუნდამენტალური მიზეზი, რის გამოც იულიან ნაგელსმანის "ჰოფენჰაიმმა" ბუნდესლიგაში იხმაურა, მისი დაცვის შესანიშნავი თამაშია. გუნდმა კარგ შემადგენლობას მოუყარა დაცვაში თავი. "სოფლელები" დაცვაში სამი კაცით თამაშობენ (ფოგტი, ზიულე, ჰუბნერი). ამ ტრიოს დაცვითი ფუნქციები გადანაწილებული აქვს, ხოლო შემტევი სამივესთვის ერთია - თითოეულ მათგანს შესაშური "პირველი პასი" აქვს. კევინ ფოგტი "ჰოფენჰაიმამდე" სულაც საყრდენ ზონაში თამაშობდა. ის, ასე ვთქვათ, გერმანული ყაიდის მასკერანოა. როცა გრანდი მცველს ყიდულობს, უკვე განსაკუთრებით ფასობს ფეხბურთელის უნარი ამ კომპონენტში. "ბარსელონამ" ასეთი სამუელ უმტიტი იშოვნა და ჯერ მასთან ერთად თამაშს მეორეხარისხოვანი გუნდების წინააღმდეგ ამუშავებს. "არსენალმა" შკოდრან მუსტაფი შეიძინა, რომელიც მერტეზაკერივით მაღალი არ არის, მაგრამ შეტევის დაწყებაში თანამემამულეს ერთი თავით სჯობს. "დორტმუნდმა" მარკ ბარტრა დაიმატა. მოკლედ, ყველა ცნობილი გუნდი, რომელიც კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, დაცვას მხოლოდ ასეთი ფეხბურთელებით აკომპლექტებს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ამართლებს. მაგალითად, "სიტიში" მცველები ვერ ამართლებენ.
ცენტრალური მცველი - გამთამაშებელი
ოდესღაც ჰოლანდიელებმა მსოფლიო ტოტუალური ფეხბურთით "მოწამლეს". ახლა მათ ტაქტიკური იდეები ნაკლებად აქვთ ხოლმე, თუმცა არის გამონაკლისებიც. ფილიპ კოკუს "ეინდჰოვენს" მთელი სეზონი პრობლემები ჰქონდა დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის, გუნდის პლეიმეიკერი დევი პრიოპერი მეტოქეებს კარგად ჰყავდათ "დაკეტილი". ასე დაიბადა იდეა, ცენტრალური მცველის პლეიმეიკერობის - ექტორ მორენო სწორედ ასეთია. ცენტრალური მცველი, რომელიც სიღრმინდა ათამაშებს ბურთს საყრდენ ზონამდე მაინც, ეს რაღაც ახალია. მექსიკელი ერედივიზიეს საუკეთესო მეპასეების ტოპ-15-ში მოხვდა. კოკუ ხანდახან, მორენოსთვის მოქმედების თავისუფლების მისანიჭებლად გუნდს 5-2-3 სქემით ათამაშებს ხოლმე.
შეშლილი მეკარეები
Juego de Posicion-ის კონცეპციის კიდევ ერთი ტრენდი, რაც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირი ხდება, ის არის, რომ მეკარესაც შეუძლია ფეხით თამაში და მან ეს აუცილებლად უნდა აკეთოს. სწორედ ამ პრინციპს შეეწირა ჯო ჰარტი, რომელიც "სიტიდან" "ტორინოში" გაუშვეს, რადგან ხოსეპ გვარდიოლას აზრით, ფეხით თამაში არ იცის. მანჩესტერში კლაუდიო ბრავო მივიდა და მისი რეგულური სულელური შეცდომები მაყურებელს ახალისებს, თუმცა პეპი რომ ზაფხულში დააბრუნო, იმავეს გაიმეორებდა. სწორედ ასეთი ტაქტიკის გამო ევრო-2016-ზე უნგრეთი-პორტუგალიის თამაშში ყველაზე მეტი პასი მსოფლიოში ყველაზე "მოდურმა" მეკარემ, გაბორ კირაიმ შეასრულა.
როდესაც მეტოქე მუდმივად წნეხში გაქცევს და ხშირად აუცილებელია მეკარისთვის ბურთის დაბრუნება, მართლაც, ერთი-ორად მნიშვნელოვანია, რომ მეკარემ ბურთი უაზროდ კი არ მოიგერიოს პანიკაში, არამედ, გუნდის შეტევა დაიწყოს. ეს გუნდს საჭირო წამებს მოუგებს, მეტოქეს კი გადაწყობის საშუალებას არ მიცემს.
მსოფლიო "მოიწამლა" მანუელ ნოიერის მაგალითით, მაგრამ ჯერჯერობით, ტოპმეკარეებიც კი ხშირად ცდებიან. იგივე ბრავო, ტერ შტეგენი...
ახალი სტატისტიკა
შტეფან რაინარტცმა ხშირი ტრავმიანობის გამო ადრე დაასრულა კარიერა. მან და მისმა კოლეგამ "ბაიერში" იენს ჰეგელერმა გადაწყვიტეს, რომ მთელი ეს საფეხბურთო სტატისტიკა, თავისი კარში დარტყმებითა და ბურთის ფლობით ძალიან მოსაწყენია. რაღაც ახალია საჭირო. ასე დაიბადა ერთბაშად ორი სტატისტიკური მაჩვენებელი.Packing - ეს არის მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა რაოდენობა, რომლებიც ბურთის "ხაზის" უკან აღმოჩნდებიან პასის ან წარმატებული დრიბლინგის შემთხვევაში. ამ მაჩვენებლით იმათი მონაცემების დათვლაც შეიძლება, ვინც პასს აკეთებს და იმათიც, ვინც პასს იღებს. შედეგად, კარგად ჩანს ნახევარმცველის რეალური წვლილი შეტევაში და ფორვარდის უნარი "გაიხსნას" სათამაშო ხაზებს შორის.
Impect - ეს მაჩვენებელი ითვლის თუ კარგმა პასმა ან დრიბილნგმა მეტოქის რამდენი ფეხბურთელი "მოტეხა".
სატელევიზიო გამოსვლაში რაინარტცმა თავისი შექმნილი პროგრამა წარადგინა, რომელიც ამ მაჩვენებლებს ავტომატურად ითვლის.
გაირკვა, რომ ევრო 2016-ზე ტონი კროოსი მეტოქეთა დაცვის "გაჭრის" საუკეთესო სპეციალისტია. ასეთი პასების მიღებაში კი საუკეთესო გრაციანო პელეა. აი, ანტუან გრიზმანი კი უნიკალურია, რადგან ორივე ეს მაჩვენებელი უმაღლეს დონეზე აქვს. ამაშიც გამოიხატება გრიზმანის ტოპფეხბურთელობა.
3-4-3 მსოფლიოს იპყრობს
ლონდონის "ჩელსი" ანტონიო კონტემ ახალ ტაქტიკაზე გადააწყო და მას მერე გუნდი მხოლოდ იმარჯვებს. ჯან პიერო გალსპერინის "ატალანტა" სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდია, იქ გაიხსნა ფრანკ კესი, აფრიკელი, რომელიც ცენტრალურ ნახევარმცველად მხოლოდ ამ ზაფხულს იქცა. კრის კოულმენის უელსმა ევრო 2016-ის ნახევარფინალში გააღწია...მგონი, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ახლა 3-4-3 ტაქტიკით თამაში არა მარტო მოდური, არამედ წარმატებულია.
ყველა გუნდი ასე ვერ ითამაშებს, რადგან 3-4-3-ით თამაში რთულია და გარკვეულ კონტინგენტს საჭიროებს. მაგალითად, კონტე ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა, რომ არა ვიქტორ მოზესი, რომელსაც აქამდე "ჩელსის" დონის ფეხბურთელად საერთოდ არ თვლიდნენ. კოულმენს ასეთი კრის განტერი ჰყავდა, "შავი მუშა" ჩემპიონშიპიდან, თითქოს, არც ისე ნიჭიერი.
3-4-3-ის თამაში ძნელია, თუმცა თუ გუნდი ამას ისწავლის ის დაუმარცხებელი ხდება, რადგან ჯერჯერობით, მეტოქეებმა ალღო ვერ აუღეს ამ სისტემას.
ევრო 2016-ის ანომალიები
ევრო 2016-ზე იყო რამდენიმე საინტერესო ტაქტიკური აღმოჩენა: ნანი ხანდახან, სუფთა ფორვარდს თამაშობდა, ბუნებით "ათიანი" გილფი სიგურდსონი საყრდენ ზონას ამაგრებდა, მარცხენა მცველი დავიდ ალაბა ხანდახან, ცრუ "ცხრიანად" გვევლინებოდა და ასე შემდეგ. პრემიერლიგა - ტაქტიკური პიონერი
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტი" გადააწყო - მან კლიში და საბალეტა ცრუ ფულბეკებად გადააკეთა, ნახევარდაცვა მძლავრი გახადა, "სიტი" ხშირად იყენებს სათამაშო ზონების გადატვირთვის მეთოდს, გუნდი მძლავრ პრესინგს თამაშობს.ანტონიო კონტემ ინგლისური ფეხბურთის კანონები დაარღვია - კუნძულზე სამი მცველით თამაში ლამის მკრეხელობად ითვლებოდა.
იურგენ კლოპი "ლივერპულში" პეპის "ბარსას" ყაიდის გუნდს აწყობს. ამას ყველაფერი უწყობს ხელს - ქარიზმატული მწვრთნელი, მუდმიმავად მოძრავი სამი შემტევი, ორი "ტვინი" ნახევარდაცვაში (ლალანა, ვეინალდუმი), გუნდს ჰყავს დაცვაში დახეული საყრდენიც მასკერანოს სტილში (ლუკასი).
მოკლედ, ასეთი პრემიერლიგა არასოდეს გვინახავს. ჩემპიონატში პრესინგით მოთამაშე გუნდების სიმრავლეა. ასეთი სტილის მოყვარულები არიან კუმანი, მაცარი, ჰაუ, დაიჩი, პოჩეტინო...
ასე შეიცვალა ახლო წარსულში ტაქტიკურად ღარიბი ჩემპიონატი მოდის მკარნახებლად ევროპულ ფეხბურთში. ახლა პრემიერლიგა აღარ არის გაიქეცი, ჩააწოდე და დაარტყის სტილის ფეხბურთის მქადაგებელი, იქ ესპანური, იტალიური და გერმანული ელემენტების მიქსია. ტოპმატჩები კი სულ უფრო ხშირად ემსგავსება "ჭადრაკის თამაშს", როგორც ეს იტალიაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს.