ზაალ ჩაჩავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ჩაჩავამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად ქუთაისის "ტორპედოს" მაისურს უსახსოვრებს. ბიზნესმენმა გიორგი ხაზარაძის შემდეგი კითხვა მოიწონა: "როგორ ფიქრობთ, ახლო მომავალში შესაძლებელია "ტორპედომ" იმ დონეს მიაღწიოს, რომ "დატაოტებულ" გისოსზე გადაპარვა დაგვჭირდეს?

კითხვებზე პასუხის გაცემამდე ჩაჩავამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს "დინამო არენაზე" სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, წარმატებები უსურვა: "მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ქუთაისის "ტორპედოს" მთელი გუნდისა და ფანების სახელით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სერბეთთან გასამართი მატჩის წინ წარმატებები ვუსურვო. რთული მეტოქე
გვყავს და მატჩიც მძიმე იქნება, თუმცა იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება".

მკითხველი:
- როგორ ფიქრობთ, ახლო მომავალში შესაძლებელია "ტორპედომ" იმ დონეს მიაღწიოს, რომ "დატაოტებულ" გისოსზე გადაპარვა დაგვჭირდეს? (როგორც ბავშვობაში) :))
- სანამ კლუბს არ შევისყიდი, ვერაფერს დაგპირდებით. გპირდებით, როგორც კი ვიყიდი კლუბს, ეს მალე მოხდება.

მკითხველი:
- გაქვთ თუ არა სტრატეგია "ტორპედოს" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად 2020 წლამდე? და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნებით ორიენტირებულები თუ გამოცდილ მოთამაშეებს მოიწვევთ?
- გვაქვს და ჩემპიონატში მუდმივად საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. ძალიან კარგი აკადემიის დაფუძნებას ვაპირებთ და წლების შემდეგ უკვე ამ აკადემიის ფეხბურთელებით დავკომპლექტდებით, მათ დავეყრდნობით, მანამდე კი აქცენტი გამოცდილ ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება. აუცილებლად გვეყოლებიან ლეგიონერებიც.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო ზაალ. თქვენს მიზნებში რამდენად შედის კლუბის გრძელვადიანი, სტაბილური პატრონობა და რამდენად გააზრებული გაქვთ ქართული საფეხბურთო გარემოს ავკარგიანობა, რადგან თქვენც არ იქცეთ "ახალ კოკაიად" და, შესაბამისად, "ტორპედომ" არ გაიზიაროს "ზესტაფონის" ბედი ქართულ ფეხბურთში?
- მერწმუნეთ, არ ვარ ის, ვისაც გუნდის შუა გზაში მიტოვება შეუძლია. ვიბრძოლებ მანამ, სანამ "ტორპედოს" ჩემპიონთა ლიგაზე არ ვნახავ!

მკითხველი:
- გულშემატკივრები ყველა ინვესტორს იმედის თვალით შევყურებთ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს არ იცნობენ ქართული ფეხბურთის პრობლემებს. ჩემთვის ეს არის არასაკმარისი ფიზმომზადება. თქვენ რა მიგაჩნიათ ძირითად პრობლემად და რა დროში გეგმავთ მის მოგვარებას?
- გეთანხმებით, რომ ფიზმომზადება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მაგ მიმართულებით "ტორპედოში" უცხოელი სპეციალისტი მუშაობს. ამას გარდა, კიდევ მილიონობით პრობლემაა. შესაძლოა, არ ჩანდეს, მაგრამ ასეა.

როგორც კი კლუბი კერძო გახდება, მენეჯმენტს დავალაგებ და "ტორპედო" ძალიან კარგ გუნდად იქცევა.

მკითხველი:
- მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობთ, ძალიან დიდ პატივს გცემთ, იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთი გიყვართ და გინდათ, თქვენი წვლილი შეიტანოთ მის წინსვლაში. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ხალხი. შეკითხვას რაც შეეხება: უკვე რა ხანია მიდის საუბრები იმის თაობაზე, რომ გსურთ "ტორპედოს" შეძენა. ეს ერთგვარ "საგად" იქცა, ბევრი ჭორ-მართალით, ბევრი წინაღობით, თუმცა მაინც არ ეგუებით, რაც მისასალმებელია. გასაგებია, რომ "ტორპედო" გიყვართ... და მაინც, თქვენი სიტყვებით, რას ნიშნავს ზაალ ჩაჩავასთვის "ტორპედო"?
- "ტორპედო" ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს მარტო ჩემი არა, ყველა ქუთაისელის კლუბია და მინდა, მე და ეს ხალხი "ტორპედოს" წარმატებისთვის ერთმანეთის გვერდიგვერდ დავდგეთ.

მკითხველი:
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ხართ კლუბის მფლობელი, "ტორპედოში" თქვენ გამოჩენას მაინც ბევრი დადებითი ძვრა მოჰყვა. თუნდაც ის რად ღირს, რომ გუნდში ძველი ტორპედოელები მოვიდნენ, დაწყებული სამწვრთნელო შტაბიდან, ფეხბურთელებით დამთავრებული. ეს ყველაფერი თქვენს მენეჯერულ თვისებებზე მეტყველებს. კიდევ რითი შეიძლება განმტკიცდეს "ტორპედოს" "სული", როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის?
- მინდა, "ტორპედოში" იმ ადამიანებმა იმუშაონ, რომლებმაც წლების განმავლობაში ამ კლუბისთვის ბევრი გააკეთეს. როგორც კი შევისყიდი "ტორპედოს", მეორე დღესვე გაგაცნობთ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ვიმუშავებ და თავადაც მიხვდებით, რომ ეს გუნდი "ტორპედოს" არაფერს მოაკლებს. აქ იმუშავებენ მხოლოდ ისინი, ვისაც "ტორპედოს" კეთილდღეობა სურს!

მკითხველი:
- რა არის თქვენი ოცნება, რომელიც "ტორპედოს" უკავშირდება და რომლის ახდენასაც უახლოეს მომავალში იმედოვნებთ?
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობთ, გარდა ფეხბურთის სიყვარულისა, რითი შეიძლება დააინტერესო ბიზნესი, რომ ფული ჩადოს საქართველოს ჩემპიონატში? არსებობს ბევრი აზიელი თუ აფრიკელი მილიონერი, ან თუნდაც მილიარდერი, რომელთაც უყვართ ფეხბურთი, შესაძლებელია თუ არა მათი მოზიდვა?
- ფეხბურთის სიყვარული მთავარია. ჩვენ "ტორპედოში" ჯერ არავინ მოგვყავს და არც არავის ვპატიჟებთ, მაგრამ თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც "ტორპედოში" ძალიან დიდ ინვესტიციას ჩადებს, სიამოვნებით. ოღონდ ხაზს ვუსვამ, ძალიან დიდ ინვესტიციას.

ისე კი, ინვესტიციების განხორციელებას ჩვენც ვაპირებთ და გვგონია, ჩვენითაც კარგად ვუპატრონებთ კლუბს.

მკითხველი:
- ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება არის იმის კეთება, რაც მას უყვარს. როდესაც ადამიანს უყვარს თავისი საქმე, ის ამ საქმეში გაცილებით უფრო წარმატებული ხდება. რა არის თქვენი საყვარელი საქმე?
- ჩემი საყვარელი საქმე შვილებთან ერთად დროის ტარებაა.

მკითხველი:
- ზაფხულში "ტორპედოს" ელის ევროტურნირზე გამოსვლა. იმედია, ამ დროისათვის გუნდი უკვე თქვენს ხელში იქნება და ძირეული ცვლილებების განხორციელებასაც მოასწრებთ. თქვენი აზრით, რეალურად რას უნდა ველოდოთ ამ ზაფხულს "ტორპედოსგან"? რამდენი ეტაპის გადალახვა იქნება შესაძლებელი?
- ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ეს სავსებით რეალურადაც მიმაჩნია.

მკითხველი:
- შიდა ჩემპიონატსა თუ თასზე, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ შეიძლება განაწყო გუნდი, მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს საზღვრებს გარეთ, აქ უკვე დამატებით მოტივაციაზე ზედმეტია საუბარი. თქვენთვის, როგორც "ტორპედოს" ერთ–ერთი ხელმძღვანელისთვის და პირველ რიგში, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივრისთვის, რას ნიშნავს გუნდის ევროტურნირებზე გამოსვლა?
- უპირველესად, საქართველოს ღირსების დაცვას. ასე მგონია, რომ "ტორპედოს" წარმატება ევროტურნირებზე მთელი ქვეყნის წარმატებაა.

მაგრამ ქუთაისელებს ეს წარმატება რომ განსაკუთრებით გაახარებთ, რად უნდა მაგას ჩემი თქმა?! აქ საერთოდ სხვა ხალხია: თბილისში, შესაძლოა, ვინმემ თბილისის "დინამოს" დღევანდელი გუნდის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდეს, ქუთაისში კი ყველა ადგილობრივმა იცის "ტორპედოს" შესახებ. აქ ხალხი ფეხბურთით სუნთქავს.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო ზაალ. რითი იქნება გამორჩეული თქვენი მოსვლა "ტორპედოში"? გეგმავთ თუ არა ინოვაციურ პროექტებს?
- ვგეგმავ ძალიან კარგი და თანამედროვე პროექტების განხორციელებას. იმდენად კარგი პროექტებია, რომ ყველა ქართველისთვის სტიმული იქნება.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო ზაალ. საიდუმლო არ არის, რომ ქართული კლუბებით ინვესტორი ნაკლებად ინტერესდება. თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ კლუბის შეძენა, თან ისეთი კლუბის, რომლისგანაც გულშემატკივარი ყოველთვის წარმატებით გამოსვლას ითხოვს? მით უფრო, როცა გვაქვს მაგალითი, სწორედ გულშემატკივრების ზეწოლის გამო წავიდა წინა მფლობელი და რამდენიმე მწვრთნელი თუ ხელმძღვანელი. რამდენად მზად ხართ ამისთვის?
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ასევე მიყვარს რთულ საქმეებთან შებრძოლება, ეს მიზიდავს, მომწონს.

"ტორპედოს" ასეთი ფანები რომ ჰყავს, სწორედ ამიტომ მაქვს სურვილი, რომ მათი საყვარელი კლუბი წარმატებული იყოს. აქამდე სადაც კი რამე ბიზნესი წამოვიწყე, ყველა წარმატებული იყო.

მკითხველი:
- ბატონო ზაალ, საქმე, რომლის წამოწყებასაც ახლა აპირებთ, მხედველობაში მაქვს "ტორპედოს" შეძენა, ფეხბურთის უზომო სიყვარულია უფრო თუ მომავალში წარმატებული ბიზნესის ინსტინქტი?
- ორივე ერთად. არ მოგატყუებთ, ამ საქმეში ბიზნესზეც ვფიქრობ, ოღონდ ასე, 5-7 წლის შემდეგ, მანამდე - არა!

მკითხველი:
- ბატონო ზაალ, პირველ რიგში, გისურვებთ წარმატებებს იმ საქმეში, რაშიც თქვენ სურვილი გაქვთ, მიაღწიოთ წარმატებებს. ბოლო წლებია ქართული ფეხბურთის პრობლემებზე საუბრით დაღლილი ქართველი გულშემატკივარი ეთიშება სპორტის იმ სახეობას, რისგანაც განვითარებულ ქვეყნებში უდიდეს სიამოვნებას იღებენ. ჩვენ, რიგითი ქუთაისელები, გულშემატკივრები, ყოველი სეზონის დაწყებას იმ იმედით ვხვდებით, რომ იქნებ ახლა მაინც იფეთქოს ქუთაისურმა ფეხბურთმა, დააბრუნოს ხალხი სტადიონზე და მთელ ქალაქში ერთხმად გაისმოდეს "ტორპედო", "ტორპედოს" ძახილი. გაქვთ თქვენ და თქვენს გუნდს იმის გამოცდილება, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" და მთლიანად ქუთაისი გახდეს იმ ევროპის ნაწილი, რომლის კარებიც ამ ეტაპზე ჩვენთვის დაკეტილია?
- კარგი ბავშვთა აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა. მე და ჩემს გუნდს აქამდე ფეხბურთში არ გვიმუშავია, მაგრამ სხვა ყველა ბიზნესი, რომელსაც ხელი მოვკიდეთ, წარმატებული იყო.

თანაც, დავით ყიფიანის სახელობის თასი ისე მოვიგეთ, რომ კლუბი ოფიციალურად არ ყოფილა ჩემს საკუთრებაში...

მკითხველი:
- ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის "დილა", შესაძლოა, უეფამ 3 წლის ვადით თავის ტურნირებზე არ დაუშვას, მიზეზი კი გორის საფეხბურთო კლუბის სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა და სხვა იურიდიულ პირად დარეგისტრირებაა. ხომ არ ემუქრება "ტორპედოს" იგივე და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ იგივე პრობლემა თქვენს გუნდსაც არ გაუჩნდეს?
- ეგ გამორიცხულია. კლუბს ჩვეულებრივ შევისყიდი.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო ზაალ. სასიამოვნოა, რომ ინტერესს გამოთქვამთ კლუბის ყიდვისა და განვითარებისთვის. თქვენ შესახებ ფართო აუდიტორიამ ნაკლები იცის. გაგვეცანით ახლო ხედით, ვის ხელში უნდა გადავიდეს ჩვენი საყვარელი კლუბი, ვინ არის ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა, რა აქტივებს ფლობს და რა რესურსით შეუძლია გუნდის გვერდში დგომა?
- ჩემს ბიზნესზე ასე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. მე მხოლოდ შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ თქვენს საყვარელ კლუბს არაფერს დავაკლებ.

მკითხველი:
- ბატონო ზაალ, მოგეხსენებათ ქუთაისის "ტორპედოს" მწარე გამოცდილება აქვს მფლობელებთან ურთიერთობის. "ვისოლი" რამდენიმე წელი პატრონობდა "ტორპედოს", მაგრამ გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ არასასურველი შედეგების გამო. რა გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ ახალი მფლობელი გუნდს წარმატებას მოუტანს?
- მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ: აგერ, ჩემმა შეკრულმა გუნდმა საქართველოს თასი მოიგო და ევროტურნირებზე გავიდა. გვერდში მიდგანან ფანებიც, რომლებთან ურთიერთობა პირველ რიგში დავალაგე. მათ ძალიან უყვართ "ტორპედო" და მის წარმატებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამიტომ მათი გვერდში დაყენება აუცილებელი იყო.

მკითხველი:
- პირველ რიგში, მადლობას გიხდით გარდამავალ ჩემპიონატში გუნდის გვერდში დგომისათვის. ვიცით, რომ თქვენი წვლილი საკმაოდ დიდია. რატომ გაიწელა თქვენი მოლაპარაკებები ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამდენ ხანს, რაში ვერ შეთანხმდით? რატომ არ გადმოგცეს კლუბი პირდაპირ? როდის დასრულდება ეს პროცესი საბოლოოდ? და საკითხის კიდევ უფრო გაჭიანურების შემთხვევაში, ხომ არ დაელოდებით თვითმმართველობის არჩევნებს? არადა, კლუბს ევროტურნირებისთვის აუცილებლად სჭირდება სტაბილური გარემო.
- პირველად ხდება, როცა კლუბი ამ ფორმით იყიდება. სხვა შემთხვევებში კლუბები "აიპი" იყო და მათი გადაფორმება ადვილად მოხდა. ჩემს შემთხვევაში კი ისეთი მოდელის შექმნა ისურვეს, რომლითაც კლუბები მომავალშიც გაიყიდება, ეს ყველაფერი კი დახვეწის პროცესშია. ალბათ დაახლოებით ერთ თვეში ყველაფერი დასრულდება.

მკითხველი:
- ბატონო ზაალ, თქვენ ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი 5 მილიონი იქნება. გასაგებია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლუბს იდეალურ შემთხვევაში შეუძლია საბაზისო, სპონსორების სტიმულირების, საპრემიო და საპრიზო თანხებით 2-დან 2,5 მილიონამდე მიიღოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან. თქვენ ამბობთ, რომ მილიონს დახარჯავთ. საიდან აპირებთ დანარჩენი თანხების მოძიებას და გყავთ თუ არა შეგულებული სხვა სპონსორები?
- კი, სპონსორები ბევრი გვყავს. ჩემი მეგობრები მზად არიან, "ტორპედოში" სოლიდური თანხა ჩადონ.

ის ერთი მილიონი ლარი, რომელიც ვახსენე, ვალდებულებად მაქვს, მაგრამ იმის ზემოთ ჩემი კეთილი ნებით კიდევ დავხარჯავ.

მკითხველი:
- ბატონო ზაალ, კლუბის შეძენის შემთხვევაში, თუ აპირებთ ცვლილებებს მენეჯმენტში? შეიყვანთ თუ არა აუდიტს კლუბში და იქნება თუ არა ცვლილება სტაფში? გადავა თუ არა კლუბი თანამედროვეობის რელსებზე ბრენდინგის, პიარისა და მარკეტინგის კუთხით? საქართველოში ამ კუთხით ყველაზე განვითარებული თბილისის "ლოკომოტივია". ჩვენი საიტი და "ფეისბუქფეიჯი" კი უკეთესის სურვილს ტოვებს.
- აუცილებლად, შტაბშიც იქნება ცვლილებები და შიდა აუდიტსაც ჩავატარებთ. ბრენდინგზე, პიარსა და მარკეტინგზეც ვიზრუნებთ აუცილებლად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მკითხველი:
- მიგაჩნიათ თუ არა ფანშოპის არსებობა საჭიროდ?
- კი, აუცილებლობაა და ფანშოპი იქნება კიდეც. მის გარდა, აქ იქნება "ტორპედოს" ფანების ბარი, სპორტული კაფეები, სადაც გათამაშებები იქნება და გამარჯვებულები პრიზებით დაჯილდოვდებიან. სტადიონის ტერიტორიაზე ჯიხურებიც აშენდება ახალგაზრდებისთვის. კიდევ ბევრი რამ იქნება...

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო ზაალ. თქვენი აზრით, "ზესტაფონის" მაგალითიდან გამომდინარე, არის თუ არა დიდი რისკი, საქართველოში ბიზნესმენმა გუნდი დააფინანსოს, წლები მილიონები ჩადოს და რა გარანტიები არის, რომ მასაც ილია კოკაიასავით არ მოექცევიან? რამდენად იცავს ფედერაცია და კანონი ბიზნესმენს და ფეხბურთელს?
- კერძო მფლობელი ვიქნები და კლუბში ყველაფერს ჩემებურად დავაწყობ. თუ რამე პრობლემა შეიქმნა, ე.ი. მე დავაკელი რამე და არა ვინმე სხვამ...

მკითხველი:
- ქუთაისელ გულშემატკივარს ბევრჯერ გამოუხატავს უკმაყოფილება გუნდის მაისურის ფერებთან დაკავშირებით. ეროვნულ ლიგაში კი "ტორპედო" თავისი ძირძველი შავ-თეთრი ფერის მაისურით გამოვიდა და ერთი თამაში ითამაშა. ვინც უნდა იყოს ამ იდეის ავტორი, მადლობა გულშემატკივართა თხოვნის გათვალისწინებისთვის. თქვენ რა აზრით ხართ ამ ფორმაზე?
- ფორმა მომწონს და სამომავლოდ ძველი ლოგოს დაბრუნებაც გვსურს.

მკითხველი:
- გამარჯობა, ზაალ. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თქვენ, როგორც ბიზნესმენი, დაინტერესებული ხართ ქართული ფეხბურთით. საინტერესოა, სახელმწიფოს მხრიდან თუ გრძნობთ იმავე სურვილსა და მონდომებას, როგორიც თქვენ გაქვთ ამ საქმეში?
- კი, რა თქმა უნდა. ამაზე საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიც მეტყველებს, რომელიც იდეალურია და დიდი მადლობა მისი შექმნის იდეის ავტორს.

მკითხველი:
- რა გაკავშირებთ ქუთაისთან? ასევე საინტერესოა, ვინ იქნება თქვენ გვერდით კლუბის მართვის პროცესში? როგორი კავშირები გაქვთ საფეხბურთო სამყაროსთან? ჯერ კიდევ შემოდგომისას კლუბის თამაშებზე გამოჩნდნენ გახოკიძე და ცქიტიშვილი, ჩაერთვებიან თუ არა ისინი კლუბის მართვაში?
- დავიცადოთ. თქვენ მიერ ხსენებული პიროვნებები ჩემი მეგობრები არიან და ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებიან, თუმცა კლუბში სხვა ხალხსაც განვიხილავ.

მკითხველი:
- წარმატებებს გისურვებთ ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად. მაინტერესებს, რა გამოცდილება გაქვთ საფეხბურთო მენეჯმენტის კუთხით, გქონიათ თუ არა აქამდე შეხება? იმიტომ გეკითხებით, რომ საქართველოში ვიცით ბევრი კლუბის ხელმძღვანელი, ვინც ფინანსების მიუხედავად, არაეფექტურად მართავენ კლუბებს: იგივი "ვისოლი", რომან ფიფია და ა.შ. რეალური შედეგი მხოლოდ ილია კოკაიას ჰქონდა. იქნება თუ არა თქვენი მმართველობა წარმატებული? ასევე საინტერესოა, თუ გყავთ მრჩევლები ქუთაისში და მოშორდებიან თუ არა კლუბის მენეჯმენტს გაბერილი შტატების გამო "მომუშავე" ადამიანები? იქნება "ტორპედოს" მენეჯმენტის გეზი ევროპული თუ კლუბი საბიუჯეტო ფულის ჭამის საშუალებად დარჩება?
- აუცილებლად უნდა იყოს წარმატებული, რადგან ვიმეორებ, რომ ყველაფერს, რასაც ხელი მოვკიდეთ, წარმატებული იყო. აუცილებლად ევროპული იქნება.

მკითხველი:
- როგორი ურთიერთობა აქვს ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრებთან, იქნება თუ არა მათი აზრი გათვალისწინებული კლუბის მართვისას და ასეთი სურვილის შემთხვევაში, დაუთმობდა თუ არა მეპატრონე აქციების მცირე ნაწილს გულშემატკივრებს? და ზოგადად, რას ფიქრობთ კლუბის პატრონობის ევროპულ მოდელზე, სადაც ხშირ შემთხვევაში კლუბები იმართება, როგორც სააქციო საზოგადოება და სამეთვალყურეო საბჭოში გულშემატკივრებსაც ჰყავთ წარმომადგენელი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- მაგ საკითხზე სერიოზულად ვფიქრობ. ფანებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მათი აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მინდა, "ტორპედო" ყველასი იყოს.

მკითხველი:
- გამარჯობა. ვიცით თქვენი დამოკიდებულება ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მიმართ და ისიც ვიცით, რომ აუქციონის მოგების შემთხვევაში წლიურად 5 მილიონის ინვესტიციას გეგმავთ, მაგრამ გვაინტერესებს, როგორია თქვენი დამოკიდებულება ქუთაისის მიმართ, მხოლოდ "ტორპედოა" თქვენი ინტერესის სფერო თუ სხვა გეგმებიც გაქვთ, რადგან ამ ოდენობის თანხის მობილიზებას გეგმავთ?
- სხვა გეგმებიც მაქვს. ვაპირებ სტადიონების, სასტუმროების, ბარების აშენებას და ა.შ. მინდა, ქუთაისში კარგი ბაზა, სასტუმრო იყოს, რომ უცხოური კლუბები შეკრებებზე აქ ჩამოვიდნენ და არა ჩვენ ვიმგზავროთ სადმე.

მკითხველი:
- მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც "ტორპედოსთვის" გააკეთეთ ამ მოკლე ხანში. მადლობა ისტორიული შავ-თეთრი ფორმების დაბრუნებისთვის. შესაძლებელია, რომ "ტორპედოს" დაუბრუნდეს ძველი, ისტორიული გერბი?
- შესაძლებელია, კი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული