გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, გეგუჩაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს უსახსოვრებს.

გეგუჩაძემ დავით ბურჯანაძის მიერ დასმული კითხვა მოიწონა: "დღევანდელი ქართული სანაკრებო ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული პრობლემა საბრძოლო ჟინი და სულისკვეთებაა. უამრავი მაგალითია, როცა კლასით ნაკლები კოლექტივი ჟინის ხარჯზე ამარცხებს უფრო სახელოვანს. გასათვალისწინებელია, რომ თქვენი გაწვრთნილი გუნდის ასაკიდან გამომდინარე, ეს პრობლემა მეტად სპეციფიკურია და თქვენ თუ გაქვთ დაგეგმილი სამუშაოები ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად?"

კითხვის ავტორს დეტალებთან დაკავშირებით რედაქცია
თავად დაუკავშირდება.

მკითხველი:
- პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი პატივისცემა დავაფიქსირო თქვენ მიმართ! მაინტერესებს, იქნებით თუ არა ჩართული საქართველოს ეროვნული ნაკრების საქმიანობაში ნაწილობრივ? ვფიქრობ, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც აუცილებლად მოგიწევთ ოდესღაც ჩვენი ნაკრების გაწვრთნა და ამიტომ თქვენი ნაწილობრივი ჩართულობა ეროვნული ნაკრების საქმიანობაში დაგეხმარებათ გამოცდილების მიღებაში...
- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩემი მხრიდან ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა ჩვეულებრივი რამ იქნება. როგორც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა ეროვნული ნაკრებისთვის ახალი კადრების მომზადება. ამდენად, ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბუნებრივი და გარდაუვალია. იმ შემთხვევაში, თუ ახალ მწვრთნელს დავჭირდი, აზრების გაზიარება გახდა საჭირო ან რაიმე სახის კონკრეტული დავალება, მე ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. მინდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ძლიერ, ანგარიშგასაწევ და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდეს!

ავთო:
- გამარჯობა, ბატონო გია. ჯგუფში ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამსვლელი ადგილების დაკავება გაჭირდება და მაინტერესებს, ეს ხომ არ იმოქმედებს ბიჭებზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და არიან თუ არა მზად ბოლომდე საბრძოლველად?
- მგონი, პირიქით, ფსიქოლოგიური წნეხი ახლა მოხსნილი უნდა გვქონდეს. თუმცა ვიტყვი, რომ ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური კუთხით ვმუშაობთ, გვინდა, რაც შეიძლება მალე მივიტანოთ ჩვენი აზრები მათთან, მალე განვავითაროთ ახალგაზრდული ნაკრები. პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, დრო სჭირდება ყველაფერს.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო გია. რა არის თქვენი მიზანი და მისია დაკავებულ პოსტზე, როგორია თქვენი მოლოდინები და, კონკრეტულად, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ ნაკრების გასავითარებლად?
- ალბათ, გეცოდინებათ, რომ მე არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, არამედ ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც ვიქნები. ყველა ნაკრები, რაც კი ქართულ ფეხბურთში არსებობს, გვსურს ერთ სისტემაში მოვაქციოთ და ლოგიკური გავხადოთ ამ ნაკრები გუნდების განვითარება. ამასთანავე, მსურს აღვნიშნო, რომ განვითარების გეგმა გვაქვს, რომელიც მრავალ საკითხს მოიცავს და გვსურს განვითარებას არა ვიწრო კუთხით შევხედოთ, არამედ მოვიცვათ მთელი რეგიონები; ასევე - მეთოდიკის განვითარება, როგორც შერჩევის, ისე შიგნით მუშაობის.

მკითხველი:
- ბატონო გია, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, როგორც ეს წარმატებით არის აპრობირებული ესპანეთსა და იტალიაში, უნდა თამაშობდნენ თუ არა იდენტური ტაქტიკით, რაც საშუალებას მისცემდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, შეჩვეოდნენ ეროვნული ნაკრების სათამაშო მოდელს?
- მე ამას ტაქტიკას ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ერთი ხელწერა უნდა გვქონდეს! უნდა ჩამოვყალიბდეთ რაღაც გარკვეულ პრინციპებზე, რომელსაც ყველა ნაკრებ გუნდში გავატარებთ. ამიტომ არსებობს სელექციის პრინციპები. სათამაშო სტილი და მანერა უნდა გვქონდეს ერთობლივი. ეს ყველაფერი გარკვეული მეთოდებით მიიღწევა.

შემტევი ფეხბურთი გვსურს, მაგრამ გასათვალისწინებელია ბევრი რამ - ნებისმიერ გუნდთან ასე ვერ ვითამაშებთ. თუმცა, ჩვენი მომავალი თაობები ისე უნდა გავზარდოთ, რომ იცოდნენ, როგორ იზრუნონ შეტევაზე თავის დაცვის დროსაც. შეიძლება ეს გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ამის განმარტება შემიძლია - ბევრი რამე ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული, მენტალიტეტზე, შემართებაზე და მჯერა, რომ ისეთი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, მალე გრანდებს ტოლ-სწორად ვეთამაშებით.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გია. რითი იქნება განსხვავებული თქვენი მწვრთნელობა სხვა წინამორბედებისგან?
- მე ვინც შემცვალა, ალბათ, რაღაც განსაკუთრებული შეიტანა გუნდში - ორი ერთნაირი მწვრთნელი არ არსებობს ისევე, როგორც ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ და თავისებურად ესმით ყველაფერი. ჩემს წინამორბედზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია იმიტომ, რომ გარკვეული ბირთვი დამხვდა გუნდში, რომელიც უკვე საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს და ბუნებრივია, რომ გარდაუვალია სხვაობა. მეც მაქვს გარკვეული ცვლილების შეტანის უფლება და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

მკითხველი:
- დღევანდელი ქართული სანაკრებო ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული პრობლემა საბრძოლო ჟინი და სულისკვეთებაა. უამრავი მაგალითია, როცა კლასით ნაკლები კოლექტივი ჟინის ხარჯზე ამარცხებს უფრო სახელოვანს. გასათვალისწინებელია, რომ თქვენი გაწვრთნილი გუნდის ასაკიდან გამომდინარე, ეს პრობლემა მეტად სპეციფიკურია და თქვენ თუ გაქვთ დაგეგმილი სამუშაოები ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად? ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ნაკრების წევრებთან ერთად, გარდა წმინდა საფეხბურთო ღონისძიებებისა, დაიგეგმოს სამოტივაციო ღონისძიებები, რამდენიმესაათიანი გასვლები ისტორიულ ადგილას ისტორიკოსებთან და ფსიქოლოგებთან ერთად.
- ეს ყველაფერი გვაქვს გეგმაში. შეიძლება მთლად ისე არა, როგორც რჩევის სახით გვაძლევთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოტივაცია უმნიშვნელოვანესია - უმოტივაციო ფეხბურთელი მოედანზე სუსტია. ამდენად, მოტივირებულ გუნდს ბევრი რამის კეთება შეუძლია და ვეცდებით მოტივაციის ამაღლებას, სულისკვეთების ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს ხელის ერთი მოსმით არ ხდება.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გია. 17-წლამდელთა ნაკრების ელიტრაუნდის შეხვედრისას ბოსნიის ნაკრებთან, ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ნერვიულობდა და, როგორც მინიმუმ, 4-ჯერ შეცდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მის შეცდომას გოლიც კი მოჰყვა. ასეთ დროს, როცა უმნიშვნელოვანესია ანგარიში და მეკარეს ნერვიულობას ატყობთ, როგორი იქნებოდა თქვენი გადაწყვეტილება - შეცვლიდით თუ არა მას?
- ძალიან რთულია ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. არ ვიცი, რას მოვიმოქმედებდი - იქ უნდა ვმჯდარიყავი და მეხელმძღვანელა მაშინ... მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა: მნიშვნელოვანი თამაში იყო და გარკვეული ნერვიულობა ბუნებრივი რამაა. უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ ფეხბურთელებს ნერვიულობის დაძლევა.

გუგეშაშვილი არ არის ურიგო ფეხბურთელი. თავის თავზე აქვს ბევრი სამუშაო და არ მინდა ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მას დავაბრალოთ, ეს არ იქნება სწორი. ვიმედოვნებ, რომ მომავალში თვითონაც დაფიქრდება, თუ როგორაა უკეთესი ყველაფრის კეთება.

ზოგადად, ნაკრებს რაც შეეხება, მათში დიდ პერსპექტივას ვხედავ. მიმაჩნია, რომ შესაძლოა, შედეგი მართლაც უარყოფითი იყო, მაგრამ მოჩანს, რომ მუშაობის შედეგად, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

მკითხველი:
- წლების მანძილზე ჩვენს ნაკრებს არ აკლდა პოტენციალი და მაღალი დონის მოთამაშეები, მაგრამ შედეგს ვერავინ მიაღწია და თაობების ნიჭიც განიავდა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. ამას კი ყოველთვის ერთი არგუმენტით ხსნიდნენ - მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდებააო. გთხოვთ, დაგვილაგოთ თქვენი მიზნები პრიორიტეტების მიხედვით. წარმატებებს გისურვებთ.
- მხოლოდ მომავლისთვის არ ვაკეთებთ საქმეს - მთლად ასეც არ არის. შედეგი ყოველთვის პირველ პლანზე გამოდის და ძალიან კარგად მესმის თქვენი, გინდათ 17-წლამდელთა ნაკრება გაიმარჯვოს, 19-წლამდელებმა იმარჯვონ, ჯგუფიდან გავიდნენ და ა.შ. მეც მიმაჩნია, რომ უმთავრესი რამ შედეგია! თავისთავად ცხადია, რომ კარგი შედეგი ეროვნულ ნაკრებში კარგ ფეხბურთელებსაც მიიყვანს.

მკითხველი:
- ბატონო გია, სამწვრთნელო კარიერა 17 წლის წინ დაიწყეთ. ნამუშევარი გაქვთ წამყვან ქართულ კლუბებში, მაგრამ ნაკრები წელს პირველად ჩაიბარეთ. რა განსხვავებაა საკლუბო და სანაკრებო დონეზე მწვრთნელობას შორის?
- ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგალითად, განსხვავებულია სპეციფიკა - ნაკრების მწვრთნელს არ ეძლევა ფეხბურთელის მომზადების საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია სელექცია - კონკრეტულ მომენტში ფეხბურთელის მზადყოფნა, მდგომარეობა, შესაძლებლობა ნაკრებში თამაშის და იმ ამოცანის შესრულება, რასაც მწვრთნელი მოითხოვს. შედეგი ერთია, მაგრამ მეორეა, ამ შედეგისთვის რამდენად მზად არიან ის ფეხბურთელები, ვისაც მწვრთნელი იძახებს. ამიტომაც მოკლე დროში ნაკრების მწვრთნელს უწევს ჯერ სწორი შემადგენლობის შერჩევა, შემდეგ კი ფეხბურთელებამდე მიტანა იმ თამაშის, რაც საჭიროა.

სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს წმინდა ტაქტიკური სახასიათო ვარჯიშებით განვითარება სჭირდებათ, რისი საშუალებაც არ გვაქვს. სულ ვუსვამთ ხაზს, რომ აი, ფიზიკურად არ არის სათანადო კონდიციებში. როცა ფეხბურთელი ნაკრებში მოუმზადებელი ჩამოდის, შეუძლებელია, 3-4 დღეში ის ფორმაში ჩააყენო.

არ მსურს, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს თავს ვიზღვევდე, ეს ასე არ არის. სრულიად შეგნებულად დავიწყე აქ მუშაობა, ვიცი, რა პრობლემებს შეიძლება დავეჯახო და ჩემი მიზანია გამოსწორდეს ეს ყველაფერი.

მკითხველი:
- ბატონო გია, მთელ ქვეყანაში მუსირებს აზრი, რომ ასაკობრივი ნაკრებები სულ იყო და არის ვიღაცის ინტერესების მატარებელი. დღეს იმას ამბობენ, რომ ნაკრები, ძირითადად, "საბურთალოსა" და "დინამოს" ბაზაზე ივსება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მინისტრიც და ვიცე-პრეზიდენტიც არიან კლუბის დამფუძნებლები და მათი ინტერესია სკოლის აღზრდილების დაწინაურება, საფუძველი ნამდვილად არის. რას მოუტანს ეს ქვეყანას?
- არაერთხელ მითქვამს, რომ ფეხბურთელის ნაკრებში მოხვედრა საუკეთესო მაჩვენებლებით ხდება და არა რომელიმე კლუბში ჩარიცხვით. უბრალოდ, დღეს მოხდა ისე, რომ თბილისის "დინამოში", "საბურთალოში", იგივე "ლოკომოტივში", რომელიც კერძო მფლობელობაშია და ყველაზე კარგად მიმდინარეობს სამწვრთნელო, სასელექციო პროცესი, თავს იყრიან ის ფეხბურთელები, ვინც მეტად ნიჭიერი, განვითარებული, მომზადებულია და საფეხბურთო განათლებაც მიღებული აქვს.

ჩემი სურვილია და დამიჯერეთ, ბევრად გამიმარტივდება მუშაობა, თუ ანალოგიური კლუბები იარსებებს, რაც შეიძლება მეტი როგორც თბილისში, ისევე რეგიონებშიც. ასეთ შემთხვევაში მეტი არჩევანის გაკეთების საშუალება მექნება და კონკურენციაც მოიმატებს. რაიმე ამის იქით არ არსებობს!

მკითხველი:
- გამარჯობა. რის ხარჯზე მოახერხეთ 2004 წელს ქართველებით დაკომპლექტებული "დინამოს" გაყვანა უეფა თასის ჯგუფურ ეტაპზე?
- ალბათ, თუნდაც იმის, რომ ეროვნული ჩემპიონატი დღევანდელზე ბევრად ძლიერი იყო. მე ყოველთვის ვამტკიცებდი და ვამტკიცებ, რომ ფეხბურთელს ვარჯიში ისე ვერ გაზრდის, როგორც ერთი თამაში. თუ ჩემპიონატი გაქვს ხარისხიანი, დაძაბული, გაცილებით გიადვილდება შემდეგ ევროასპარეზე გასვლა და თამაში. მაშინ მრავალი ფაქტორი მუშაობდა ჩვენ სასარგებლოდ.

მკითხველი:
- ბატონო გია, გაიხსენეთ ის ემოცია, რომელიც 2004 წლის 30 სექტემბერს დაგეუფლათ, როცა "დინამომ" "ვისლა" დაამარცხა. რა ხდებოდა მაშინ თქვენს გონებაში?
- საოცარი ემოცია მქონდა, რასაკვირველია. მთელი გუნდის ერთობლივმა მუშაობამ მოიტანა ეს შედეგი. სამწუხარო ისაა, რომ შემოსავალი, რომელიც გუნდს უნდა მიეღო ჯგუფურ ეტაპზე გასვლით, ვერ მიიღო - ახალი შეცვლილი იყო ფორმატი უეფას თასის, მოგვიანებით კიდევ შეიცვალა... ჩვენი მოლოდინი მეტი იყო, მაგრამ რა ვქნათ - მაინც კარგი იყო.

ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში იმ პროგრამით, რომელიც არსებობს უკვე, დევს, ქართულ ფეხბურთში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. ახლა სხვა რელსებზე გადავდივართ - მეტად ხელმისაწვდომი გახდება ჩვენთვის ისევ ასეთ ევროტურნირებზე მოხვედრა.

მკითხველი:
- 2004 წლის "დინამო" დღევანდელ "დინამოს" რომ დაპირისპირებოდა, თქვენი აზრით, ვის დარჩებოდა გამარჯვება და აქვს თუ არა ამ ფორმაციის თბილისურ გუნდს ევროტურნირზე მოხვედრის შანსი?
- თუკი დღეს რომელიმე ქართულ გუნდს ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი აქვს, ეს თბილისის "დინამოა" - ის პირობები, რომელიც ამ კლუბშია ფეხბურთელთა მომზადებისთვის, ხარისხს და შეთამაშებას ხელს უწყობს.

მსურს არა მხოლოდ "დინამოზე", არამედ სხვა გუნდებზეც ვისაუბროთ. უბრალოდ, იქამდე მისვლა საფუძვლის ჩაყრას საჭიროებს. უნდა გავიზარდოთ და მივუახლოვდეთ იმ სათამაშო პირობებს, სადაც კლუბებს ექნება მეტი დაძაბული თამაშები, მეტი სისწრაფე, მეტი ფიზიკური მომზადება. მჯერა ჩვენი ნიჭის და არა მგონია, ეს მიუწვდომელი ამოცანა იყოს.

ძველსა და ახალი ფორმაციის "დინამოს" დაპირისპირებაში არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებდა, რთული კითხვაა.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო გია. როგორ ფიქრობთ, ეროვნული ჩემპიონატის დაღმასვლა რით არის განპირობებული - ცუდი მოედნებით, ბაზებით, ფიზიკური და ტექნიკური მოუმზადებლობით თუ სხვა? მადლობა და წარმატებები, უფალი გფარავდეთ!
- ბევრი მიზეზია ამისი. დიდი ხანია განვიცდით ამ დაღმასვლას, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაგვიდგამს მაღალი ჩემპიონატის ქონისთვის. ინერციით მოვდიოდით, თავსაც ვიტყუებდით, რომ დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს. თუნდაც გაზრდა გუნდების რაოდენობის, მცდარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც სასიკეთოდ არ გამოგვადგა. არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ, მსურს ვხედავდე პოზიტივს და მჯეროდეს, რომ უკეთესი მომავალი გველის.

მკითხველი:
- ბატონო გია, რომელ მწვრთნელთან ერთად ისურვებდით გუნდის გაძღოლას და ნება რომ დაგრთონ, რომელ გუნდს გაწვრთნიდით საქართველოს ნაკრების შემდეგ?
- რთული კითხვაა. საერთოდ, ძალიან მომწონს პეპ გვარდიოლას მუშაობის მეთოდები, მისი გემოვნება. ამრიგად, ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, შემახედა და მასთან ერთად მომცემოდა მუშაობის საშუალება - ეს უდიდესი რამ იქნებოდა.

ეს გემოვნება მგონია, რომ კრუიფმა ჩამოუყალიბა, რომელმაც ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ კი ესპანეთში ითამაშა დიდი როლი და თუ დღეს რამე ესპანურ ფეხბურთში ხდება, მისი უდიდესი დამსახურებაა.

კი, შეიძლება განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია დავინახოთ მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის, მაგრამ ესპანური ფეხბურთია და მთლიანად რომ ავიღოთ ის, ძალიან დიდ სხვაობას ვნახავთ იტალიურ და სხვა ქვეყნების ფეხბურთთან. ვიმეორებ, რომ გემოვნების ჩამოყალიბებაში კრუიფმა დიდი როლი ითამაშა.

კლუბს რაც შეეხება, არ მიფიქრია ამაზე. უბრალოდ, ვიცი, დღეს რა მაქვს საკეთებელი და მომავალს ცხოვრება მიჩვენებს.

მკითხველი:
- როგორი შეგრძნება იქნება ზესტაფონში დაბრუნება უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტატუსით? თქვენ ამ ქალაქს უამრავი საფეხბურთო ზეიმი აჩუქეთ...
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ გვიწევს თამაში. გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია ნაკრების იქ თამაში და იმედი მაქვს, ქართულ საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონი თავის სიტყვას კიდევ ერთხელ იტყვის. კარგი მინდორი, კარგი გარემო, კარგი გულშემატკივარი - მეტი რა არის საჭირო?!

თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ზესტაფონის" მწვრთნელი ვიყავი, თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა ამხანაგურმა ნაკრებმა ზესტაფონში. ოთარ გაბელია იყო მთავარი მწვრთნელი და 4:0 დავამარცხეთ მეტოქე. ის ნაკრები ძლიერი იყო, მაგრამ ტრიბუნების მხარდაჭერით მოხდა ასეთი ანგარიშით გამარჯვება. ეს დიდი ძალაა!

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო გია. პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს თქვენი და გია ჭიაბრიშვილის დანიშვნა. ჩემი აზრით, თქვენი დუეტი საქართველოში უკონკურენტოა. უნდა იყოს თუ არა ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში ფასიანი?
- ახლა სხვა გამოსავალი არ არის. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ ასაკამდე უფასო უნდა იყოს, მაგრამ ვიღაცამ უნდა იტვირთოს ეს. შეგვიძლია სოციალური მიმართულება მივცეთ ფეხბურთს. ფეხბურთს სჭირდება დოტაცია, დოტაცია კი სახელმწიფოსგან უნდა წამოვიდეს. დღეს სახელმწიფოს ალბათ ამის საშუალება არ აქვს, რადგან უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ეს კარგად მესმის.

სურვილი მაქვს, რომ უფასო იყოს, მაგრამ რეალურად ამის შესაძლობლობა არ გვაქვს.

მკითხველი:
- თქვენი გუნდის მიერ ჩატარებული რომელი მატჩის შემდეგ იყავით ყველაზე ბედნიერი?
- "დინამოს" გამარჯვება "ვისლასთან" და როდესაც "ზესტაფონთან" ერთად ჩემპიონები გავხდით. შეიძლება ცოტა სხვა რამეა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიწია ფეხბურთში დაბრუნება, "ზესტაფონი" ჩავიბარე და ამ რელსებზე დადგომისას რომ გავჩემპიონდით, "დინამოსთან" ერთად ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე არანაკლებ სასიხარულო იყო.

მკითხველი:
- მაინტერესებს თქვენი აზრი, ფეხბურთელისთვის ასრულებს თუ არა ფიზიკური მომზადება უდიდეს როლს? გვაქვს 52-დღიანი ფიზიკური მომზადების პროგრამა და რატომ არ ვიყენებთ მას? პატივისცემით. გუჯა კახაძე.
- მეთოდები, რომლებსაც გვთავაზობს გუჯა კახაძე, განსხვავებულია. ჩვენ სხვა მიმართულებით ვართ გაზრდილები და ფეხბურთში მოსულები. ბატონ გუჯასთან ერთი თხოვნა გვქონდა, რომ დაეწყო სადმე მუშაობა და თავისი მეთოდების სიმართლე დაემტკიცებინა, შემდეგ კი, შეიძლება სხვანაირად წარმართულიყო ეს პროცესი.

ის, რომ ფეხბურთელი 1-2 დღეში მომზადდება ისე, რომ არაფრიდან უცებ "გაფრინდება" და მოედანზე განსხვავებულ სურათს მივიღებთ, პირდაპირ ვიტყვი, არარეალურად მეჩვენება.

მკითხველი:
- თავიდან რომ იწყებდეთ თქვენს კარიერას, შეცვლიდით თუ არა რომელიმე გადაწყვეტილებას?
- ალბათ, ყველა ადამიანი ფიქრობს, "ესე რომ ყოფილიყო, სხვანაირად მოვიქცეოდი..." ბევრჯერ მიფიქრია ასეც და - ისეც. არ ვარ გამონაკლისი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ბევრჯერ მითქვამს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ ასევე ბევრჯერ მითქვამს ისიც, რომ ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი.

მკითხველი:
- რომელი უფრო მართებულია გუნდის ჩამოყალიბებისას, შეიკრიბოს გუნდი ინდივიდუალისტებისგან, რომლებსაც კარგი ტექნიკური მონაცემები აქვთ და შემდეგ მწვრთნელმა სცადოს ამ ფეხბურთელებისგან ერთსულოვანი გუნდის ჩამოყალიბება თუ, პირიქით, პირველ ეტაპზე შეიკრიბონ გუნდური სათამაშო სტილის მქონე ფეხბურთელები და შემდეგ უკვე შექმნილი და ჩამოყალიბებული, თუნდაც არც ისე ძლიერი გუნდი, გაძლიერდეს მაღალი კლასის მქონე ინდივიდუალისტებით?
- ეს ორი სხვადასხვა შემთხვევაა - ორივე შესაძლებელი და მისაღებია, უბრალოდ, უნდა იყოს გარკვეული ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. თუ ფეხბურთელები ამას ასრულებენ, ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ გუნდში ინდივიდუალისტი ფეხბურთელები იყვნენ. არის გარკვეული პიროვნული თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამჟღავდეს - არა საფეხბურთო, არამედ ხასიათის თვისებები, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთში. ასე რომ, ყველაფერში უნდა იყოს ბალანსი!

მკითხველი:
- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი?
- აღიარებულია, რომ ეს არის ნოდარ ახალკაცი.

მკითხველი:
- საქართველოში ფეხბურთის დონის ასამაღლებლად, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ევროთასების პარალელურად, სეზონის განმავლობაში ჩატარდეს რეგულარული საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც ქართული კლუბების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნების კლუბები?
- ჩვენი კლუბები რაც მეტ საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებენ, მით უკეთესია. თუ მსგავსი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობა არსებობს, რა თქმა უნდა, ამას დროის შერჩევა სჭირდება, რა მონაკვეთში სჯობს... მე მხოლოდ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას.

მკითხველი:
- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სპორტის სათამაშო სახეობებიდან საქართველოს რაგბის და კალათბურთის ნაკრებებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში?
- მეტად მოინდომეს თავიანთი სპორტის სახეობის განვითარება, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს ეს ადამიანები, რაც ჩვენ დაგვაკლდა. ის სულისკვეთება, რაც განსაკუთრებით მორაგბეებშია, უდიდესი გარღვევაა და გულშემატკივართა რაღაც ნაწილი, რომელიც ფეხბურთში იყო და რაგბისკენ გადაიხარა, ეს ამ მორაგბეების დამსახურებაა - არ შეიძლება ეს დავუკარგოთ. ასევე კალათბურთელებმაც წაიყვანეს საქმე ძალიან კარგად. ესეც მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. ფეხბურთის განსავითარებლად უკეთესი მიდგომები უნდა ვიპოვოთ.

მკითხველი:
- სამი თვისება, რაც სხვა მწვრთნელებისგან გამოგარჩევთ და განაპირობებს თქვენს წარმატებას, როგორც ერთი-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელის?
- მე ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ, სხვამ უნდა შემაფასოს, მაგრამ დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის.

მკითხველი:
- კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩად რომელი ტურნირის ფინალს აირჩევდით და რომელ გუნდთან ერთად?
- საკლუბო ფეხბურთი არის ჩემპიონთა ლიგა, სანაკრებოზე - მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი. რა ვიცი...

მკითხველი:
- ბატონო გია, ეჭვი არ გვეპარება თქვენს პროფესიონალიზმში. თვლით თუ არა, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების პრობლემა არის პასუხისმგებლობის გრძნობის ნაკლებობა და სიზარმაცე?
- პრობლემა შეიძლება იყოს ეგეც. უბრალოდ, არა მგონია, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთნაირი იყოს. პასუხისმგებლიანი ფეხბურთელებიც მინახავს, პატარა ბიჭები, რომლებსაც სიზარმაცე არ ეტყობათ, მაგრამ მეორე მხარეც არის... ასე პირდაპირ, ერთბაშად, ყველა ფეხბურთელზე ვთქვათ, ზარმაცები და უპასუხისმგებლოები არიან, არ არის სწორი, თუმცა ასეთებიც არიან, როგორც ყველა ქვეყანაში...

მკითხველი:
- მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთში პრობლემები მრავლადაა: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაუმართავი ბავშვთა ფეხბურთის სისტემა, გულშემატკივართა სიმცირე და ა.შ. ერთ-ერთ პრობლემას ასევე წარმოადგენს კვალიფიციურ მწვრთნელთა სიმცირე. რითია გამოწვეული ეს, არის თუ არა შესაძლებელი, რიგითი მოქალაქე დავაინტერესოთ მწვრთნელის პროფესიით და აქვს თუ არა მომავალი საქართველოში სამწვრთნელო საქმიანობას?
- აქვს, კი. მე ვთვლი, რომ ქართველი მწვრთნელები ძალიან ნიჭიერები არიან. სხვა საკითხავია, რამდენად ეძლევათ შესაძლებლობა ამ ნიჭის გამოყენების... ამაში უნდა ვეძებოთ პრობლემა. განვითარება, დასაქმება, გზის გაკვლევაში მიხმარება - ესენია პრობლემები და ის, რომ ჩვეულებრივ მომაკვდავს შეუძლია ეზიაროს ამ პროფესიას. ამის მაგალითი მე ვარ.

მკითხველი:
- თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ წარმატებული მწვრთნელობისთვის წარმატებული ფეხბურთელობა სულაც არაა საჭირო. მე ახლა ვიწყებ მწვრთნელობას, რას მირჩევთ? რა არის ძირითადი კრიტერიუმები, რითაც შეიძლება ვიხელმძღვანელო?
- მწვრთნელად ჩამოყალიბებისთვის უნდა გაგაჩნდეს ნიჭი, განვითარება კი პიროვნულია იმიტომ, რომ შრომისმოყვარეობაა საჭირო, დაუზარელი უნდა იყო ინფორმაციის მოსაძიებლად - ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ ვიღაცა მოგვეხმარება და ეს ძალიან კარგია.

მახსოვს ბევრი ისეთი პიროვნება, ვინც დიდად დამიდგა გვერდში და მათ გარეშე არ ვიცი, დღეს რა იქნებოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლადაც მიწევდა რაღაცებზე დაკვირვება, მისვლა, სწავლა... მაინც ვფიქრობ, რომ უნდა დაიბადო მწვრთნელად!

მკითხველი:
- ბატონო გია, მოგესალმებით დიდი პატივისცემით! თუ შეიძლება გვითხარით, რომელი მწვრთნელების საფეხბურთო ფილოსოფიას იზიარებთ და ვინ არიან თქვენთვის გამორჩეული მწვრთნელები ფეხბურთის ისტორიაში?
- ბევრი მწვრთნელია, თუნდაც რინუს მიხელსი, რომელიც ჰოლანდიური ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი იყო. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი: არ მინდა,  ვინმეს მნიშვნელობა დავუკარგო და შეიძლება მიმდევარიც არ ვიყო ამ მიმართულების.

მკითხველი:
- გამარჯობა. პირველ რიგში, გისურვებთ წარმატებას. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს არ აწერიათ ზურგზე გვარები. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უნდა შემოვიღოთ ჯერ ეს სიახლე და ფეხბურთელებს გვარები ქართულად დავაწეროთ, მერე კი უკვე სანაკრებო დონეზეც მოხდება ეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული