ოთარ კაკაბაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, კაკაბაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის "ხიმნასტიკის" მაისურს უსახსოვრებს.

კაკაბაძემ ბაქარ ჩიხრაძის მიერ დასმული შემდეგი კითხვა მოიწონა: "არის შენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვის გარეშეც ამის მიღწევას ვერ შეძლებდი?"

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ ახალ კლუბში გადასვლას და წარმატებას გისურვებ! როგორია შენი პირველი შთაბეჭდილებები ესპანეთსა და ესპანურ ფეხბურთზე? ივარჯიშე თუ არა უკვე ახალ კლუბში და გქონდა თუ არა გულშემატკივართან შეხება?
- ესპანურ
ფეხბურთს ჩემი წარდგენა არ სჭირდება. აქ უდაოდ მაღალი დონეა. ახალ გუნდში უკვე მეექვსე დღეა ვვარჯიშობ და გულშემატკივართა დიდი რაოდენობაც შემხვდა, რომლებმაც ძალიან თბილად მიმიღეს და რომლებსაც ძალიან უყვართ საკუთარი ქალაქის გუნდი.

მკითხველი:
- ოთარ, გილოცავ ახალ კლუბს და წარმატებას გისურვებ! შენი წარმატება ყველა გულშემატკივრის წარმატება იქნება... რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ფეხბურთის აკრძალვაზე საუბრობს და რას გვეტყვი ჩვენ, ვისაც ბოლომდე გვჯერა თქვენი?
- საქართველოში ფეხბურთის აკრძალვაზე საუბარი ძალიან სასაცილოა. ხოლო იმათ, ვისაც ჩვენი ბოლომდე სჯერა, ვეტყვი, რომ ძალიან გვსურს თქვენი გახარება და იმედი გვაქვს, მალე დიდ წარმატებას მივაღწევთ.

მკითხველი:
- შენი აზრით, რაც კოსტა რიკამ და ისლანდიამ შეძლო, შეუძლია თუ არა საქართველოს (ვგულისმობ კოსტა რიკის მსოფლიოს, ხოლო ისლანდიის ნაკრების - ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზს)?
- კოსტა რიკის და ისლანდიის ნაკრების თამაში და მიღწეული შედეგი ნამდვილად სამაგალითოა. ამ ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება. იმედი მაქვს, საქართველოს ამხელა სიხარულს მალე მოვუტანთ.

მკითხველი:
- როგორ შეეგუე "ხიმნასტიკის" ვარჯიშებს და რა სიახლე აღმოაჩინე სავარჯიშო პროცესის მიმდინარეობისას?
- დღითიდღე მიადვილდება ვარჯიში, რაც ალბათ გიორგი აბურჯანიას და ჩისკოს დამსახურებაა. ისინი ძალიან მეხმარებიან.

აღმოჩენას ნამდვილად ვერ დავარქმევ ამას, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშზე სწრაფი აზროვნებაა, სწრაფად გიწევს ბურთის გასწორება, რადგან საამისოდ დიდი დრო არ გეძლევა.

მკითხველი:
- შენი ტრანსფერი დიდი ხნის დაანონსებული იყო და გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ამის გაოფიციალურებას. ერთ გუნდში ორი ქართველი მითუმეტეს ასეთ დონეზე საკმაო ფუფუნებაა. ვიცით, რომ შენს ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი აბურჯანიამ. როგორია შენი პირველი შთაბეჭდილება, მოიაზრები თუ არა ძირითად გუნდში? თუ ბრძოლა მოგიწევს სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად?
- ხალხიდან და სავარჯიშო პროცესებიდან გამომდინარე, პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. ჯერ ადაპტაციას გავდივარ, კონკურენცია არის და სასტარტო თერთმეტეულისთვის დიდი ბრძოლა მომიწევს.

მკითხველი:
- შენ, ისევე როგორც გიორგი აბურჯანია, მიეკუთვნები იმ ნიჭიერ თაობას, რომელთაც ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობით დიდი სიხარული და წარმატება მოუტანა ქვეყანას. თითქოს ეს იყო წარმატებული კარიერის პირველი ნაბიჯი, რომელიც წარმატებით გაიარე. რას თვლი შენს კარიერაში წარმატების მეორე ეტაპად, რისი მიღწევა გსურს?
- ასაკობრივ ნაკრებში მართლაც დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კარიერის მეორე ეტაპი იყო თბილისის "დინამო", შემდეგ - ეროვნული ნაკრები და ამ ყველაფერმა ერთად, მთლიანობაში, ესპანელებისგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია.

მიზანი კი სეგუნდადივიზიონში კარგი თამაში და ლა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ლა ლიგაში რომ ვიყოთ წელს, ალბათ ჩემპიონთა ლიგას გიპასუხებდით მიზნად, მაგრამ შემდეგი წლებისთვის გადავდოთ.

მკითხველი:
- თანამედროვე ფეხბურთში, ფლანგის მცველს დაცვაში კარგ თამაშთან ერთად, შეტევაშიც პროდუქტიულობა მოეთხოვება. ამ ყველაფერს კი საკმაოდ სერიოზული ფიზიკური მომზადება სჭირდება. შენი აზრით, რამდენად ხარ მზად ამ ყველაფრისთვის?
- იმის თქმა შემიძლია, რომ ვემზადები წინ და უკან ადვილად სირბილისთვის. უახლოეს დღეებში შეკრებას გავივლით და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სრულად მზად ვიქნები.

მკითხველი:
- მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, შენ უკვე მოახერხე და მოირგე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა. რა გრძნობა დაგეუფლა იმ მომენტში და როგორ შეაფასეს შენი თამაში შენმა ახლობლებმა?
- როგორც ყველა აღნიშნავს, ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება განსაკუთრებულია. იგივე აზრზე ვარ მეც. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი. პირველად, გიბრალტარის წინაარმდეგ კახა ცხადაძემ მათამაშა...

ცოტას ვნერვიულობდი და ჩემი თავით კმაყოფილი არ ვიყავი, თუმცა ახლობლებმა პირველი თამაშისთვის ნორმალურად შემაფასეს.

მკითხველი:
- ვინ არის ოთარ კაკაბაძის ყველაზე მკაცრი, მაგრამ სამართლიანი შემფასებელი. ვის რჩევა–დარიგებას ითვალისწინებ ყველაზე მეტად და რატომ?
- ასე, ყველაზე მკაცრი-თქო, ვერავისზე ვიტყვი, თუ არ ჩავთვლი მწვრთნელებს, რომლებთან მუშაობაც მიწევს. ჩვეულებრივი პროცესია - ისინი მაქსიმუმს ითხოვენ ჩემგან. რჩევა-დარიგებებს კი მამისას და, ზოგადად, ჩემი ოჯახისას ვითვალისწინებ.

მკითხველი:
- საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაშობდი... ფაქტობრივად, იქ ჩამოყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად. რას ნიშნავს ოთარ კაკაბაძისთვის "დინამო" და მისი გულშემატკივრები?
- თბილისის "დინამო" ის კლუბია, რომელშიც გავიზარდე და ეს ის კლუბია, რომელსაც ძალიან ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. "დინამო" ჩემი სახლია!

მკითხველი:
- როგორც მცველმა, დაასახელე ფეხბურთელი, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატიდან, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მატად გაგიჭირდა თამაში.
- ასე ვერ ვიხსენებ... ალბათ, 17 წლის ასაკში, ენტონი მარსიალის წინააღმდეგ, როცა საფრანგეთის ნაკრებს ვეთამაშეთ.

მკითხველი:
- გამარჯობა, ოთარ. შენი აზრით, ყველაზე მეტად ვისი დამსახურებაა შენი წარმატებული ასპარეზობა და განსაკუთრებით ესპანეთში ტრანსფერი? არის შენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი ვის გარეშეც ამის მიღწევას ვერ შეძლებდი ?
- პირველ რიგში, ეს კახა გოგოლაძეა, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა. შემდეგ გია მაჭარაშვილი, რომელიც ინდივიდუალურად მამზადებდა. მასთან ბევრი რამ ვისწავლე და ამის ხარჯზე მოვხვდი ვასილ მაისურაძის გაწვრთნის ნაკრებში, რომელმაც ჩემს საფეხბურთო კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა: მან ჩამომაყალიბა მარჯვენა მცველად.

ამის შემდეგ კახი გოგიჩაიშვილთან მომიწია მუშაობამ. უმაღლეს ლიგაში პირველად მან მათამაშა. ბევრი ვისწავლე გია გეგუჩაძისა და კახა ცხადაძისგან. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ მწვრთნელებთან მომიწია მუშაობა.

მკითხველი:
- გამარჯობა, ოთო. გილოცავ ევროპულ გუნდში გადასვლას, ტრამპლინად გამოგეყენებინოს "ხიმნასტიკი". დიდი განსხვავებაა აქაურ და იქაურ ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულებასა და პროფესიონალიზმში?
- ვერ ვიტყვი, რომ ქართველებზე ბევრად ნიჭიერები არიან და ბევრად გვჯობნიან-მეთქი... უბრალოდ, ბევრს მუშაობენ თავის თავზე და უფრო მაღალი დონის ჩემპიონატს თამაშობენ.

მკითხველი:
- რამდენად რთული იყო "დინამომდე" მისასვლელი გზა და რამდენად რთული იყო მისი დატოვება?
- "დინამოში" ძალიან პატარა ასაკში მივედი, თუმცა მისვლა იმდენად რთული არ ყოფილა, როგორც "დინამოს" დუბლებსა და შემდეგ უკვე მთავარ გუნდში მოხვედრა იყო. ყველაზე რთული სწორედ ეს იყო, რისი შესრულებაც შევძელი.

ამ კლუბის დატოვება მართლა ძალიან გამიჭირდა. წლების მანძილზე სახლში უფრო ნაკლებ დროს ვატარებდი, ვიდრე "დინამოს" ბაზაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის საჭირო იყო ამ ნაბიჯის გადადგმა.

მკითხველი:
- რა ფაქტორის გათალისწინებით შეარჩევთ ნომერს ტარაგონას "ხიმნასტიკში" და როგორ ფიქრობ, პირველ რიგში, რომელი ეპანური სიტყვის სწავლა და ყველაზე ხშირად გამოყენება დაგჭირდება თამაშის დროს? წარმატებებს გისურვებ!
- გადაწყვეტილი ამბავია, რომ 25-ნომრიან მაისურს მოვირგებ. ამ კუთხით დიდი არჩევანი არ მქონია და დიდად არც ვაქცევ მას ყურადღებას. მთავარი ვარჯიში და კარგად თამაშია.

თამაშის დროს საფეხბურთო ტერმინები ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. მათი რაღაც ნაწილი უკვე ვისწავლე და კიდევ სწავლის პროცესში ვარ.

მკითხველი:
- გამარჯობა ოთო, დარწმუნებული ვარ ორი ქართველი ყველაფერს გაუმკლავდებით. როგორ ფიქრობ, რაზე უნდა იმუშაონ და რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა, რომ საკლუბო და სანაკრებო დონეზე წარმატებას მიაღწიონ?
- თავდაპირველად, საქართველოში უნდა დაამტკიცონ თავიანთი საუკეთესობა. საჭიროა, სწორ კვებასა და ვარჯიშს მიაქციონ ყურადღება და ყოველთვის სჯეროდეთ იმის, რომ თავიანთი შრომის ხარჯზე აუცილებლად ითამაშებენ დიდ ფეხბურთს.

მკითხველი:
- რა გრძნობა დაგეუფლა, როცა "დინამოს" თამაშს უყურებდი "ალაშკერტთან"? და "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდესმ გული არ დაგწყდება ასეთი გუნდიდან რო წახვედი?
- მაგ თამაშის დროს ვარჯიში მქონდა. ბოლო 15 წუთს მე, აბურჯანიამ და ჩისკომ ერთად ვუყურეთ, ესპანეთიდან ვგულშემატკივრობდით და მსურს, მივულოცო კლუბს ეს გამარჯვება, მათ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშეს.

ორი აზრი არ არის იმაზე, რომ ძალიან გამიხარდება, თუ "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. გული კი არანაირად არ დამწყდება, პირიქით, ქართულ ბიჭებს და ქართველ ფეხბურთელებს ეს სჭირდებათ თავიანთი მომავლისთვის. მსურს, წარმატებები ვუსურვო "დინამოს" ევროასპარეზზე, მე კი საქმეს აქ შევუდგები.

მკითხველი:
- გამარჯობა, ოთო. წარმატებას და მაღალ დონეზე თამაშს გისურვებ როგორც კლუბში, ისე ჩვენს ეროვნულ ნაკრებში. რას ფიქრობ კლუბზე, სადაც ხარ? არის ისეთი სამწვრთნელო შტაბი, რომ შენი პერსპექტივა წარმოაჩინო და განვითარდე? არის ყველა პირობა, რომ მხოლოდ შენი ნიჭით დაფასდე? ამას იმიტომ გეკითხები, რომ კლუბში მიღებული სათამაშო პრაქტიკა და ფორმაში ყოფნა დაგეხმარება ჩვენს ნაკრებს რომ დაეხმარო. მადლობა.
- გუნდში ძალიან მაგარი ვარჯიშებია. მთავარია, ეს ყველაფერი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და ვფიქრობ, შემდეგი ეტაპი ჩემი განვითარებისთვის სწორედ ესაა. თანაც, აქ შრომა ორმაგად და სამმაგად დაგიფასდება.

მკითხველი:
- დაბრუნდები ოდესმე "დინამოში"?
- მომავალში ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია, მე ხომ სულ ახალხანს წამოვედი?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული