გუშინ, 20 ივნისს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც მასმედიის წინაშე გუნდის მზადებაზეც ილაპარაკა და სამომავლო პერსპექტივებზეც.
საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 10 ივნისიდან ვარჯიშობს. ტრავმების გამო ნაკრებს დააკლდნენ გიორგი კოღუაშვილი და ლევან ელიაძე, ხოლო ზურაბ მაჩალაძის, გოგა ჯავახიშვილის, ავთანდილ ლომინაშვილის და კახა მუმლაძის გამოკლების მიზეზი კონკურენცია გახლდათ.
აი, ამჟამად ვინ ვარჯიშობს
20-წლამდელთა ნაკრები საკონტროლო მატჩებს ჰოლანდაში ჩაატარებს, სადაც საერთაშორისო ტურნირი 1-3 ივლისს გაიმართება. დავით უსტიაშვილის გუნდი ნიდერლანდებში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ჰოლანდიის 20 და 23-წლამდელთა და ავსტრიის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.
დავით უსტიაშვილი:
- ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირზე ნაკრები სათანადო გამოცდილებას მიიღებს. საშუალება მოგვეცემა, ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები ამხანაგურ მატჩებში დავხვეწოთ. კარგი შემადგენლობა გვყავს და სამუშაოც ბევრია. ეს ბიჭები პერსპექტიულები არიან, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა მართებთ.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ვთვლი, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. პოლონეთს თითქმის ყოველთვის სოლიდური გუნდი ჰყავს, ასევეა შვეიცარია, ესტონეთი, რუმინეთიც. იოლი არ იქნება, თუმცა უნდა მოვინდომოთ, ორეულში მოვხვდეთ და ჯგუფიდან გავიდეთ. დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ, მთავარია, ჯერ პირველი ბარიერი დავძლიოთ.
თორნიკე შენგელია:
- ახალგაზრდულშიც ისეთივე მონდომებული ვიქნები, როგორც ეროვნულ გუნდში. ამ შემადგენლობას ერთად სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გვიასპარეზია და შეთამაშებულებიც ვართ. უნდა მოვინდომოთ და სარაევოში მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.
მერაბ ბოქოლიშვილი:
- გასული სეზონი ევროპის წამყვანი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ "აველინოში" გავატარე, სადაც დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მივიღე. ვფიქრობ, იტალიაში მიღებულ გამოცდილებას ახალგაზრდულ ნაკრებს მაქსიმალურად მოვახმარ და ერთიანი ძალისხმევით შედეგსაც მივაღწევთ.
დუდა სანაძე:
- დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. დილას ავთო ბერიძესთან ერთად ფიზიკურად ვემზადებით, საღამოს ბურთთან ვმუშაობთ. ჰოლანდიური ტურნირი კიდევ უფრო დაგვეხმარება, რათა B დივიზიონის მატჩებს სათანადო კონდიციებში შევხვდეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"