კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ჩვენი ნაკრების თავკაცის, დავით უსტიაშვილის ინტერვიუ, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.
მწვრთნელი ჯერ ავსტრიასთან მატჩს იხსენებს:
- შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად 7-8 ქულით ვაგებდით, თუმცა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შევამცირეთ
- ჰოლანდიელ 23-წლამდელებთან მატჩზე რას იტყვით?
- მეტოქეს უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული კალათბურთელები ჰყავდა. ისინი ჩვენს ბიჭებზე 2-3 წლით უფროსები იყვნენ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად გავართვით თავი და გავიმარჯვეთ.
- ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. ალბათ, დაძაბული ფინალი იყო...
- ბოლო წუთზე დამაჯერებლად ვლიდერობდით. ჰოლანდიელებმა ბოლო წამზე ჩაგვიგდეს სამქულიანი, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო. თავიდან ვაგებდით, მაგრამ მეორე მეოთხედში თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და დიდი შესვენებისთვის სამი ქულით, 40:37 დავწინაურდით. მესამე პერიოდში ჩვენმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და ლიდერობა თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ.
- სტატისტიკა ისევ არ დაუთვლიათ?
- ეს არ იყო ოფიციალური ტურნირი. ზვოლეში ჩვენს გარდა არაერთი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები არიან ჩამოსულნი. მათ შორის ავსტრიისა და ისრაელის 18-წლამდელებიც. ტარდება ამხანაგური მატჩები, სტატისტიკას არ ითვლიან. თამაშები დილიდან იწყება და საღამომდე გრძელდება.
- მატჩში ვის გამოარჩევდით?
- ყველამ ბოლომდე იბრძოლა და არავის გამორჩევა მინდა. ჩვენი ლიდერი თორნიკე შენგელიაა და მან ამჯერადაც თქვა თავისი სიტყვა, რომელსაც ყველა თანაგუნდელი გვერდში ედგა და ეხმარებოდა.
- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით ჰოლანდიური შეკრებით?
- საჭირო შეკრება იყო. ბიჭებმა იმ შრომის ნაყოფი დამანახვეს, რაც თბილისში, შეკრებაზე გავწიეთ. გუნდი ერთიორად შეთამაშებულია და ევროპის ჩემპიონატზეც იმედიანად გავემგზავრებით. თბილისში 4 ივლისს შუადღეს თბილისისკენ გამოვფრინდებით და შეკრებას დიღმის ბაზაზე გავაგრძელებთ.
GBF.GE