საქართველო-ესტონეთი 88:87
21:18, 24:25, 23:19, 20:25
საქართველო: ბაქრაძე (37 წთ, 11ქ, 3პ, 2ჩ), ლომოური (2 წთ), ჩიკვილაძე (23 წთ, 17ქ, 2მ), შენგელია (32 წთ, 33ქ, 15მ, 2პ, 2ჩ, 1დ), ბოქოლიშვილი (21 წთ, 4ქ), თენიეშვილი (28 წთ, 3ქ, 6მ), ლეჟავა (3 წთ), სანაძე (30 წთ, 14ქ, 7მ), რევაზაშვილი (4 წთ), დვალიშვილი (21 წთ, 6ქ, 5მ).
ესტონეთი: დორბეკი (16ქ), რააპი (11ქ), ვეიდემანი (34ქ, 5პ), პუიდეტი (4ქ), სოო (8ქ), კალდრე (6ქ), ვაინო (6ქ, 6მ), მარნი, ლიივრანდი (2ქ), კალე.
A ჯგუფი
რუმინეთი-მაკედონია 49:64
პოლონეთი-შვეიცარია 86:75
1. საქართველო 4 4 0 333/305 8
2. ესტონეთი 4 3 1 358/278 7
3. პოლონეთი 4 2 2 291/292 6
4. რუმინეთი 4 2 2 222/258 6
5. მაკედონია 4 1 3 286/305 5
6. შვეიცარია 4 0 4 260/312 4
დღეს
18:15 საქართველო-რუმინეთი
19:30 ესტონეთი-პოლონეთი
20:30 მკედონია-შვეიცარია
როგორც აღმოჩნდა, ესტონეთს ჯგუფის ლიდერობაზე სერიოზული პრეტენზია შემთხვევით არ ჰქონია - ჩრდილოელებს მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავთ, რომლებსაც ვეიდემანი წინამძღოლობს. ეს კალათბურთელი გასულ სეზონში "ტარტუ როკში" გიორგი ცინცაძესთან ერთად თამაშობდა.
გუშინ, 17 ივლისს ვეიდემანმა არც მეტი, არც ნაკლები, ქულებით თორნიკე შენგელიას აჯობა - 34 ჩააგდო. ქართველთა ლიდერმა კი 33 ქულასა და 15 მოხსნას მოუყარა თავი. თუმცა, საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე შენგელია შეტევაში დაჯარიმდა, რაც მისთვის მეხუთე ფოლი აღმოჩნდა და მოედნის დატოვება მოუწია. ამავე მიზეზით მატჩი ბოლომდე ვერ ჩაამთავრეს დუდა სანაძემ და აკაკი დვალიშვილმა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხუთი ჯარიმა ორ ესტონელსაც მოუგროვდა.
მოკლედ, მატჩის ბოლო წუთებზე შეხვედრის მონაწილეებმა გვარიანად გვანერვიულეს: მეოთხე პერიოდის დასაწყისში ნოდარ თენიეშვილმა და დუდა სანაძემ სამქულიანები ჩააგდეს, მათ შენგელიამ ფარქვეშიდან ტყორცნები შეაშველა და საქართვლოს ნაკრები 13 ქულის სხვაობით დაწინაურდა (79:66). ერთ პერიოდში მსგავსი უპირატესობის განიავება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ახალგაზრდებთან გვაქვს და არანაკლებ მნიშვნელოვანია - ქართველთა მეტოქე დივიზიონის ერთ-ერთი ფავორიტი ესტონეთი იყო. ჰოდა, შენგელიას მეხუთე ჯარიმას ვეიდემანის კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა და მისი ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 83:83. საპასუხო შეტევაში ბექა ჩიკვილაძემ სამიანითვე უპასუხა, თუმცა ესტონელთა ლიდერი ამაზე არ შეჩერდა და ორი ჯარიმის შემდეგ ესტონეთი დაწინაურდა - 87:86 (სირენამდე 12 წამით ადრე).
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა უმალ წუთშესვენება აიღო და ბოლო იერიშის დაგვირგვინება იტალიის "აველინოში" მოთმაშე მერაბ ბოქოლიშვილს დაავალა. მერაბიც მარჯვენა ფლანგიდნ საჯარიმოში შეიჭრა და გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.
ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და რუმინეთთან დღევანდელი მატჩი ფორმალობად აქცია. თუმცა ესტონეთის ძლევა ორმაგად მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენი ქვეჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები ერთ ჯგუფში მოხვდებიან და ურთიერთშეხვედრის შედეგი პირველი ეტაპიდან გადაჰყვებათ.
ასე რომ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, მასთან ერთად ჯგუფიდან ესტონეთი გავა, მაკედონია თუ პოლონეთი - თითოეულ მათგანთან დადებითი ბალანსი აქვს და მეორე ეტაპს ერთი მოგებით დაიწყებს.
არწივებიც დავ-არწივ-ოკეთ
16 ივლისი
საქართველო-პოლონეთი 76:69
25:17, 21:15, 11:23, 19:14
საქართველო: ბაქრაძე (12 წთ, 2ქ, 2პ), ჩიკვილაძე (23 წთ, 12ქ, 3ჩ), შენგელია (34 წთ, 26ქ, 12მ, 3პ, 3ჩ, 2დ), ბექაური (2 წთ), ბოქოლიშვილი (24 წთ, 7ქ), თენიეშვილი (19 წთ, 2ქ, 3მ, 2პ, 2ჩ), ლეჟავა (28 წთ, 2ქ, 2მ, 2პ), სანაძე (24 წთ, 13ქ, 6მ, 3პ, 2ჩ), რევაზაშვილი (3 წთ), დვალიშვილი (31 წთ, 12ქ, 7მ, 2დ).
პოლონეთი: კვიატკოვსკი (7ქ), შუმელდა-კრჟიცკი (6ქ), შიმანსკი (13ქ), ზისკოვსკი (7ქ), ვიერჟბიცკი, ძიემბა, სოკოლოვსკი (8ქ, 6მ), მლინარსკი (2ქ), ფრასი (10ქ, 10მ), პარჟენსკი (16ქ, 9მ).
კვირას ღამით გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტ ესტონეთს ხვდებოდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი პოლონეთთან შეხვედრამ გადაწყვიტა.
მოგების შემთხვევაში ქართველებს ესტონეთთან და რუმინეთთან მატჩები რჩებოდათ, ფაქტობრივად ორეულში მოხვედრაც დადებითად წყდებოდა. ხოლო პოლონეთთან მარცხის შემთხვევაში კი ჩვენი გუნდის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი საგრძნობლად მცირდებოდა. არც მეორე პოზიცია გამოჩნდებოდა ნათელ ფერებში. მომდევნო ეტაპზე კი ორი გუნდი გადის...
ეს ყველაფერი კარგად ესმოდათ დავით უსტიაშვილის შეგირდებს, რომლებიც უფროდაუფრო ფორმაში შედიან. მათ პოლონეთთან მატჩის დასაწყისი ისე ჩაატარეს, თითქოს საკუთარ მოედანზე ყოფილიყვნენ - შეტევაში ყველაფერი წესრიგში იყო, სამქულიანებს 207 სმ სიმაღლის თორნიკე შენგელიაც თამამად ესროდა და აგდებდა კიდეც. პირველი მეოთხედის დასურლებამდე 1:18 წუთით ადრე ბექა ჩიკვილაძის შორეული გასროლის შედეგად 15-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 25:10. თუმცა, მეოთხედი 27:17 მოვიგეთ.
მეორე ათწუთეულის დასაწყისში მერაბ ბოქოლიშვილმა ზედიზედ ჩაგდებული 5 ქულით სტატუს ქვო აღადგინა - 32:17. მალე მოედანზე შენგელიაც დაბრუნდა, რომლის ორქულიანებს დუდა სანაძემ სამიანი მიაყოლა და დიდი შესვენების წინ მატჩში ყველაზე მაღალი, 16-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 48:32.
შესაძლოა, ასეთმა უპირატესობამ ქართველები ცოტა დაამშვიდა, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდის თამაშზე უარყოფითად აისახა და პოლონელებმა სხვაობის შემცირებას "მიჰყვეს ხელი". შედეგი კი მესამე პერიოდის ბოლო წამებზე მოიმკეს - შიმანსკიმ ორქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა (55:59).
მეოთხე პერიოდის წინ მცირე შესვენება საკმარისი აღმოჩნდა ქართველთა გამოსაფხიზლებლად. ამავე დროს დაფიქსირდა საინტერესო მომენტი - დავით უსტიაშვილის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ მთელი გუნდი შენგელია არ არის. თორნიკეს არყოფნაში ქართველები 11-ით დაწინაურდნენ და, საბოლოოდ, 78:69 კავკასიელთა სასარგებლოდ.
გადავხედოთ მატჩის სტატისტიკას. "ჯვაროსნებმა" "არწივებს" ყველა კომპონენტში აჯობეს გარდა ორისა: მოხსნებში პოლონეთმა 50:38 მოგვიგო და 3-ით მეტი ორქულიანი ჩააგდო (24:21). სამაგიეროდ, საწყის სამ მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდმა ყველაზე უკეთ ისროლა სამქულიანები - 25-დან 8 ჩააგდო (პოლონეთმა - 18-დან 4).
დავით უსტიაშვილი: მეტი შეგვიძლია
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.
- რა შეგიძლიათ თქვათ საწყისი მატჩების შემდეგ?
- გამოჩნდა, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აქამდე გამართული მატჩები დიდ ბრძოლაში მოვიგეთ, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა. მიხარია, რომ გადამწყვეტ წუთებში ბიჭებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს. დარბაზში კონდიცირება არაა, საშინელი სიცხეა და მეშინოდა, ბიჭები არ გადაღლილიყვნენ, მაგრამ კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და რთულ გარემო პირობებს მათზე უარყოფითად არ უმოქმედია. ჩემპიონატამდე გავლილი შეკრების ნაყოფიც დავინახეთ.
- შვეიცარია, რომელსაც ჩვენ 8 ქულით მოვუგეთ, ესტონეთმა დიდი ანგარიშით დაამარცხა...
- შვეიცარია არაა სუსტი მეტოქე. ესტონეთამდე ბევრი აკლია, მაგრამ მებრძოლი გუნდია. ესტონეთთან მატჩში არ გაუმართლა. ისეთი შეხვედრა იყო, რომ კლასში სხვაობა თითქმის არ იგრძნობოდა. უბრალოდ, ესტონეთს ძალიან გაუმართლა, თითქმის ყველა ბურთი ჩააგდო, ხოლო შვეიცარიამ - პირიქით.
- რუმინეთმა პოლონეთს მოუგო...
- პოლონეთმა პირველ ტურში დიდი ენერგია შეალია მაკედონიასთან შეხვედრას, სადაც მცირე ანგარიშით დამარცხდა. რუმინეთისგან პოლონეთის ძლევა ჩემპიონატზე მოულოდნელობად ჩაითვალა, თუმცა არც რუმინეთია ხელწამოსაკრავი. ჩვენ ამ გუნდთან თამაში წინ გვაქვს და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ.
- რას იტყვით ჩვენი ნაკრების სათადარიგო მოთამაშეებზე, კმაყოფილი ხართ მათი თამაშით?
- კმაყოფილი ვარ. ისე კი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს გუნდს ერთი ხუთეული არ ჰყავს. მაგალითად, სანაძე და თენიეშვილი მაკედონიასთან შეცვლაზე შემოვიდნენ, ხოლო შვეიცარიასთან მატჩი ძირითადში დაიწყეს. მთავარი ქულების მოგროვება არაა. მოედანზე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც სათადარიგოები ასრულებენ. თუმცა მნიშვნელოვან ბურთებსაც აგდებენ - გავიხსენებ რევაზაშვილის, ლეჟავას მოპოვებულ ქულებს. გუნდის წარმატება ყველას დამსახურებაა.
- არ შეიძება, თორნიკე შენგელია არ გამოვყოთ...
- შენგელია ჩვენი გუნდის ლიდერია და დიდ დახმარებას გვიწევს. შენგელიას უფრო მეტი პოტენციალი აქვს და მჯერა, რომ მოუმატებს. ამასვე ვიტყვი ჩვენს ნაკრებზე. ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს და მომავალ მატჩებში უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"