დავით უსტიაშვილი: ესტონეთთან მოგება არასოდეს დამავიწყდება

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაიბევა პირველი ადგილი. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც დავით უსტიაშვილის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი ესტონეთი ბოლო წამებზე 88:87 დაამარცხეს.

როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი პერტაიამ გვითხრა, ქართველებმა გადამწყვეტი ბურთი სირენამდე 1.4 წამით ადრე ჩააგდეს. არადა მატჩის ქრონოლოგიაში დაიწერა, რომ ბოქოლიშვილმა ანგარიშს საბოლოო სახე მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე მისცა. კალათბურთის ფედერაციის საიტზე დავით უსტიაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა.

- საოცარი შეხვედრა იყო. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო წამები არასდროს დაგვავიწყდება. დიდი
დაძაბულობა იყო და ბოქოლიშვილის ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ ყველამ ძალიან გაიხარა. მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა, რადგან ემოციები არ ცხრებოდა. ესტონელები კი გონს მოსვლას ცდილობდნენ.

მწვრთნელმა გადამწყვეტი ეპიზოდი დეტალურად გაიხსენა:
- სანამ მერაბის რეალიზებულ ტყორცნაზე გეტყოდეთ, გავიხსენებ გივი ბაქრაძის გარღვევას, რომელიც მან ბოლო წუთზე განახორციელა (მაშინ 1 ქულას ვიგებდით). ბურთი კალათში ჩაეშვა და ბიჭებიც გახარებულები წამოიშალნენ, მაგრამ სასწაულებრივად ბურთი კალათში დატრიალდა და რკალიდან ამოვარდა. ეს დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან ესტონეთი უკვე იშტაზე იყო მოსული, მომდევნო შეტევა ვეიდემანმა წარმატებით დააგვირგვინა და 1 ქულით დაწინაურდა.

საერთოდ, ესტონეთი ისეთი გუნდია, რომ პატარა შეცდომას არავის პატიობს. ბოლო წუთებზე ვიედმანმა რაც ესროლა, ყველა ბურთი ჩააგდო. ჩვენ კი რამდენიმე ბურთი კალათში რომ გვეგონა, უკან ამოვარდა.

თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე ვიედმანმა საჯარიმოები გამოიყენა და ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით. წუთშესვენება ავიღე, ბიჭებს კომბინაციის შესრულების დავალება მივეცი. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დავგეგმეთ, თუმცა ნოდარ თენიეშვილის ნასროლი ბურთი მიზანს ასცდა. ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის რევაზაშვილი და ორი ესტონელი იბრძოდნენ, თუმცა ბურთი ფართან მდგომმა მერაბ ბოქოლიშვილმა მოხსნა, ესროლა და გამარჯვებისა ჩააგდო.

ბოლო შეტევის უფლება ესტონელებს დარჩათ...
- თეორიულად კი შეეძლოთ ბურთის ჩაგდება, მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო. ბოქოლიშვილმა 88:87 რომ დაგვაწინაურა, საფინალო სირენამდე 1,4 წამი რჩებოდა. ესტონელებმა ამ მოკლე დროში ვერფერი მოახერხეს. დაბნეულები იყვნენ.

მატჩის ბოლო წუთები სათადარიგოთა სკამზე გაატარა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ხუთი ჯარიმა ჰქონდა მიღებული...
- შენგელიას გავარდნამ შანსები შეამცირა, მაგრამ გუნდის ბოლომდე მჯეროდა. ამიტომაც  ეს გამარჯვება განსაკუთრებულად გამიხარდა. ლიდერის გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და მაშინაც კი, როცა ბოლო წამებზე ჩამორჩა, გამარჯვების მოპოვება შეძლო.

კალათბურთში ყველაფერი ხდება და თუ ლიდერის გარეშე დარჩები, იმ შემთხვევაშიც უნდა შეგეძლოს თავის გატანა. ჩვენმა ბიჭებმა ეს მოახერხეს. ცაკლე თემაა, რომ შენგელია მე-5 ჯარიმას არ იმსახურებდა. მსაჯებზე ლაპარაკი არ მჩვევია. უბრალოდ, არბიტრს აშკარა შეცდომა მოუვიდა. შენგელიამ ბურთი ჩააგდო და მასზე ესტონელი დაჯარიმდა. აშკარა იყო, რომ მეტოქე შენგელიას მოძრაობაში მიჰყვებოდა და დაეჯახა. მორიგი ორი ქულა, ყველამ ვიზეიმეთ და შენგელია 1 საჯარიმოს სასროლადაც მოემზადა, თუმცა მსაჯმა არა ესტონელს, არამედ მას მისცა პერსონალური, რომელიც მისთვის მეხუთე აღმოჩნდა. იმ ეპიზოდში 4 ქულას ვიგებდით. იმის ნაცვლად, რომ სხვაობა გაზრდილიყო და საჯარიმოც გვესროლა, გუნდის ლიდერი მოედნიდან გაგვიგდეს. ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან მანამდე ხუთ-ხუთი ჯარიმა მიღებული ჰქონდათ დუდა სანაძესა და აკაკი დვალიშვილს.

ყველაფრის მიუხედავად გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.

როგორც გუშინ მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპს ერთი მოგებით ხვდება...
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი შანსია, ჯგუფში ჩასატარებელი 2 მატჩიდან ნახევარფინალში გასასვლელად ერთის მოგებამაც იკმაროს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული