საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების "ფალშ" სტარტი

AutoSharing Option
54:77 - ეს ანგარიში გაზეთის მე-12 გვერდზე გადაფურცვლისთანავე თვალში გეცემათ. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელთან 23 ქულის სხვაობით დათმო.

ეს იყო ჩვენი ახალგაზრდული გუნდის პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გზაზე.

სტარტი არ გამოვიდა. იყო "ფალშ" სტარტი, რაც მძლეოსანთა ენაზე ნაჩქარევ დასაწყისს, არასწორ სტარტს ნიშნავს.

20-წლამდელებმა მართლაც ცუდად დაიწყეს, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, მკითხველს ამის მიზეზი განვუმარტოთ. 54:77-ით წაგება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

* * *

დავიწყოთ იქიდან, რომ შეხვედრა თბილისში იმართებოდა და ჩვენი ნაკრების კალათბურთელებს "აკადემიას" დარბაზში ახლობლები ქომაგობდნენ.

მოთამაშეებს ძალიან
სურდათ, თავი დადებითი კუთხით წარმოეჩინათ, რამაც შეხვედრის დასაწყისში მათი ნერვიულობა გამოიწვია (ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა ტრიბუნებიდან).

მღელვარება კი შედეგს რომ არ გამოიღებს, ყველამ კარგად იცის. მაგალითად, ისრაელის ნაკრების წევრები პირველ წუთებზე ქართველთა დაბომბვას (ჩვენი გუნდი სამქულიანს სამქულიანზე აგდებდა) არ შეუშინდა და მშვიდად განაგრძო თამაში, მიჰყვა მწვრთნელის მითითებებს და უმთავრესად, ქართველთა ფარქვეშიდან ცდილობდა ხეირის ნახვას. რა გამოუვიდა, ბოლოს მოგახსენებთ.

* * *

23-ქულიანი სხვაობით მარცხის მეორე, მთავარი მიზეზი მზადებაში უნდა ვეძებოთ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა თამაშამდე თქვა: ამჟამად ფიზმომზადებას გავდივართ და ისრაელთან თამაშებისას გუნდი სათანადო ფორმაში ვერ იქნებაო.

არ ვიცით, როგორ ემზადება ისრაელი, მაგრამ გუშინდელი შეხვედრის მიხედვით თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეტოქე ქართველებზე უკეთეს ფორმაშია.

ისრაელის ნაკრები გაცილებით სხარტად მოქმედებდა და მეორე პერიოდის დასაწყისში, როცა სამხრეთელებმა ანგარიშში გაგვასწრეს, ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იყო ქართველთა ისეთი ტრანსფორმაცია, მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალებას რომ განაპირობებდა. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდად მეოთხე პერიოდი ჩავატარეთ და 10:27 დავმარცხდით.

მეორე ტაიმში დაღმასვლას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს, რაზეც მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი მოგვახსენებს:

- კმაყოფილი არ ვარ. ვიცოდი, რომ სეზონის პირველ თამაშში გაგვიჭირდებოდა. გუნდში ბევრი ახალი კალათბურთელია, რომელსაც ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს და მომდევნო შეხვედრებში გაცილებით უკეთესად ითამაშებს.

მთავარი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, ისაა, რომ ჩვენი გუნდი ჯერ სათანადო ფორმაში არ არის. შეკრება "დინამოს" ბაზაზე გავიარეთ და დილა-საღამოს ვვარჯიშობდით.

კალათბურთელები სერიოზულად იტვირთებოდნენ და გასაკვირი არ არის, რომ ისრაელთან მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ.

ამხანაგური შეხვედრების წინ დატვირთვების მოკლება საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის იყოს სათანადო კონდიციებში. ევროპის ახალგაზრდული პირველობა კი 12 ივლისს იწყება.

* * *

წაგებას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა - ისრაელმა ფარქვეშ აშკარად გვაჯობა. სტატისტიკაზე ქვემოთ მოგახსენებთ, აქ კი გეტყვით, რომ ებრაელებს, მართალია, 210 სმ-ს აცილებული ერთი კალათბურთელიც არ ჰყავდათ, მაგრამ ციყვებივით დახტოდნენ, მოხსნას მოხსნაზე და დაფარებას დაფარებაზე აგროვებდნენ...

1992 წელს დაბადებულთა შორის საქართველოს ნაკრებში ყველაზე მაღალი 204 სმ სიმაღლის ავთანდილ ლომინაშვილია.

არადა, იყო დრო, 20-წლამდელთა ნაკრებში 210 სმ-ს გადაცილებული არაერთი კალათბურთელი გვყავდა, 207-208 სმ-იანებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ცენტრის პოზიციაზე ერთმანეთს ლომინაშვილი და ალხანაიძე ცვლიდნენ. მძიმე ფორვარდის ამპლუაში კი ბექა ბურჯანაძე (1994 წელსაა დაბადებული) ირჯებოდა.

საბოლოოდ ამ ტრიომ ბევრი იმუშავა და ბურთი 27-ჯერ მოხსნა, მაგრამ ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ციფრებზე მომდევნო ქვეთავში დაწვრილებით მოგახსენებთ.

* * *

საქართველოს ნაკრებმა ბურთი 44-ჯერ მოხსნა, რაც 22-ით ნაკლებია ებრაელთა მონაგარზე. ჩვენმა სტუმრებმა 66-იდან 26-ჯერ საქართველოს ნაკრების ფარზე მოხსნეს. ეს მეტად მაღალი მაჩვენებელია.

ებრაელებს ასევე დიდი უპირატესობა ჰქონდათ სამწამიანი ზონიდან ტყორცნების რეალიზებაში - 44:18. ერთადერთი, რაშიც ისრაელს ვაჯობეთ, სამქულიანები იყო - 7:3. თუმცა შვიდის ჩასაგდებად 33 ცდა დაგვჭირდა, მაშინ, როცა სტუმრებმა სულ 16 სამიანი ისროლეს.

* * *

27 ივნისს, 19 საათზე საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან.

26 ივნისი, თბილისი. აკადემიას დარბაზი
საქართველო-ისრაელი 54:77
21:18, 13:21, 10:11, 10:27
საქართველო: ტეტელაშვილი (2პ), ელიაძე, ფხაკაძე (3ქ, 3პ), სანაძე (16ქ, 4მ), ბოქოლიშვილი (8ქ, 3მ, 2პ), ლობჟანიძე (3ქ), მაჩალაძე, თენეიშვილი (3ქ, 3მ), ალხანაიძე (6ქ, 8მ), როგავა, ლომინეიშვილი (6ქ, 4მ), ბურჯანაძე (9ქ, 15მ).
ისრაელი: მაიორი (5ქ), აბრამოვიჩი (3ქ, 3პ), დაუსენი (11ქ, 8მ), დრაპიჩი, ლავიე (16ქ, 3პ), არიელქსი (4ქ, 3პ), ლევანოვსკი (4ქ, 6მ), კლინმილცი, ბლაიზერი (10ქ, 15მ, 4დ), ტიმორი (13ქ, 7მ, 7პ), ელიასპური (4ქ, 8მ), ალტიტი (7ქ, 9მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა ყველაფერზე გამართლება როგორ შეიძლება. ისეთი რჩევა დაგეწერათ რაც გამოადგებათ. თორე ჩვენები მაგრებიას ძახილმა აგე რეგბშიც უკან დაგვხია.
ramo
10:58 27-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული