დავით უსტიაშვილი: ლატვიის დასამარცხებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

AutoSharing Option
რამდენიმე საათში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმება.

სლოვენია კონტინენტის პირველობას მასპინძლობს, სადაც საქართველო С ჯგუფში თურქეთის, ესპანეთისა და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდა.

ქართველების პირველი მეტოქე ლატვია იქნება, რომელთან საბრძოლველადაც ქართველები სრულად მობილიზებულები არიან.

სლოვენიაში ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით, რომელიც მატჩისწინა ამბებზე გვესაუბრა:

- უკვე ორჯერ ვივარჯიშეთ: 11 ივლისს საღამოს და 12 ივლისს დილით. საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა, მოედანსაც გავუშინაურდით.

- სლოვენიაში წასვლამდე ბოლო ვარჯიშისას ბექა ბურჯანაძემ ფეხი იტკინა. ახლა როგორ არის?
- სერიოზული ტრავმა არ
აღმოჩნდა, ბურჯანაძე სრულ მზადყოფნაშია. საერთოდ, ტრავმა არავის აწუხებს და ბიჭები საბრძოლველად არიან განწყობილნი.

- ხომ არ გინახავთ ლატვიის ან რომელიმე ჩვენი მეტოქის ვარჯიში?
- არა, ჩვენ ესტონეთში ლატვიის თამაშის ვიდეოფირი მოვიპოვეთ და მათი თამაში 11 ივლისს და 12 ივლისს გავარჩიეთ. ლატვიამ, ჩვენს მსგავსად, ესტონეთთან 2 საკონტროლო მატჩი გამართა და ორჯერვე იოლად გაიმარჯვა. ესტონელებმა ამ თამაშების ფირები მოგვცეს, რაც ძალიან გამოგვადგა.

- ლატვია ესტონეთსა და ესპანეთზე შედარებით სუსტი გუნდია და, ალბათ, გერჩივნათ, ბალტიისპირელებს პირველივე მატჩში კი არა, მომდევნო ტურებში შეხვედროდით...
- რა თქმა უნდა, გვერჩივნა, მაგრამ რას ვიზამთ. ასეა გრაფიკი შედგენილი და სხვა გზა არ გვაქვს. სხვათა შორის, მატჩებიც ცუდ დროსაა დანიშნული: 12 ივლისს აქაური დროით 5-ის 15 წუთზე ვთამაშობთ, 13 ივლისს კი სულაც - 2 საათზე.

- რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ მატჩში გავიმარჯვებთ?
- მოგების შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთადერთი, რისი თქმაც დარწმუნებით შემიძლია, ისაა, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და გამარჯვებისთვის არაფერს დაიშურებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული