საქართველოს 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
ჰოლანდია, ანუ ნიდერლანდები ადგილობრივ ენაზე "დაბალ მიწას" ნიშნავს. ამ ქვეყნის ლანდშაფტი ერთიანად მოსწორებულია და ზოგ ადგილას ზღვის დონეზე დაბალია. ამიტომაც ურევია დასახლებაში "დაბალი".

რაც შეეხება სიტყვა "ლანდს", მისი ჰოლანდიური თარგმანი ზემოთ მოგახსენებთ, ქართულად კი სხვა მნიშვნელობა აქვს...

მოკლედ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ნიდერლანდელი თანატოლები დიდი სხვაობით რომ დაემარცხებინა, ომახიან ფრაზასაც დავწერდით: "დაბალი ჰოლანდია ლანდივით დეგვდევდაო". მაგრამ მოხდა საპირისპირო - საქართველო ჰოლანდიაზე დაბალი აღმოჩნდა და მთელი თამაში აჩრდილივით სდია.

* * *

ამის თქმის უფლებას სტატისტიკა გვაძლევს: ნარინჯისფრებმა პირველი მეოთხედი 19:16 მოიგეს,
მეორეში კი ისეთი ბედი დაგვაწიეს, როგორიც ევროჩელენჯზე "ლეიდენმა" - "არმიას" (მაშინ მასპინძლები პირველ მეოთხედში 27:7 დაწინაურდნენ).

ჰოლანდიელმა 18-წლამდელებმა მეორე ათწუთეულში 25:7 იმარჯვეს და არც ამის შემდეგ დამცხრალან, საბოლოოდ 92:50 იმარჯვეს. ასე ცუდად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესაჩევი ეტაპი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებისთვის.

საკითხავია, რამ განაპირობა 42-ქულიანი ჩამორჩენა? პასუხს მატჩის ოქმის ორი გრაფა გვაძლევს. პირველში წერია: საქართველომ 20-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ჰოლანდიამ - 13 (30-დან)! გამომთვლელი მანქანის გამოყენება სულაც არ არის საჭირო იმის გასარკვევად, რომ სამქულიანებით მეტოქემ 39 ქულა მოაგროვა, საქართველომ - 6.

ოქმის კიდევ ერთ გრაფაში წერია ჩვენთვის საინტერესო, მაგრამ არასასიამოვნო რიცხვები: ნიდერლანდელებმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 52-ჯერ მოხსნეს, ხოლო ქართველებმა - 29-ჯერ. როგორც ხედავთ, ვერც ფარქვეშ გავაწყეთ რამე...

* * *

იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ჩავარდნა ერთდღიანი მოვლენა იყო. რამდენედ საფუძვლიანია ჩვენი იმედი, დღეს-ხვალ გამოჩნდება, 11 აგვისტოს ბოსნიას დავუპირისპირდებით, 12-ში - ბელგიას, ხოლო 13-ში - პორტუგალიას.

10 აგვისტო
საქართველო-ჰოლანდია 50:92
16:19, 7:25, 14:22, 13:26
საქართველო: რამიშვილი (14 წთ, 6ქ), ბურჯანაძე (32 წთ, 12ქ, 9მ), კვანტალიანი (14 წთ, 2ქ), გოგოძე (26 წთ, 1ქ), მიქელაძე (29 წთ, 17ქ), ცირეკიძე (27 წთ, 4ქ, 6მ), აბულაძე (15 წთ), ბულიავა (21 წთ, 4ქ), ტომარაძე (22 წთ, 4ქ).
ჰოლანდია: ვეენჰოვენი (3ქ), ვან ვეენი (6ქ), ბოუვკნეხტი (5ქ), დე ვრიესი (6ქ), ლანდმანი (4ქ), შილდერი (21ქ), ვან საუერსი (12ქ), ჰამინკი (8ქ, 6მ, 4პ), ვიტევეენი (6ქ), ვან ვლიეტი (5ქ), ვერსტეეგი (4ქ), კოკი (12ქ).

I ტური
ჰოლანდია-პორტუგალია 79:85
ბოსნია-ბელგია 79:65

II ტური
პორტუგალია-ბოსნია 48:78

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ
1. ბოსნია 2 2 0 157/113 4
2. ჰოლანდია 2 1 1 171/135 3
3. პორტუგალია 2 1 1 133/157 3
4. ბელგია 1 0 1 65/79 1
5. საქართველო 1 0 1 50/92 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული