ავსტრიისკენ შარაგზით, შარაბიძით...

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები

A ჯგუფი: საქართველო, ისრაელი, შვედეთი, უნგრეთი.
B ჯგუფი: ბულგარეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ფინეთი.
ჩ ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, დანია.
D ჯგუფი: ბელარუსი, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი.

კალენდარი
A ჯგუფი:
14 ივლისი
15:30 ისრაელი-შვედეთი
17:45 უნგრეთი-საქართველო
16 ივლისი
15:30 საქართველო-ისრაელი
17:45 შვედეთი-უნგრეთი
18 ივლისი
20:00 ისრაელი-უნგრეთი
22:15 საქართველო-შვედეთი

შემადგენლობა
გივი ბაქრაძე
დაიბადა: 26.05.1991
სიმაღლე: 185 სმ
ამპლუა: გამთამაშებელი
გუნდი: კორიკობრატი (ფინეთი)

ბექა ბექაური
დაიბადა: 18.01.1991
სიმაღლე: 207სმ
ამპლუა: ფორვარდი/ცენტრი
გუნდი: სამედიცინო/აკადემია

რევაზ ჩაჩანიძე
დაიბადა: 31.07.1990
სიმაღლე: 185 სმ
ამპლუა:
მსროლელი
გუნდი: რუსთავი

ბექა ჩიკვილაძე
დაიბადა: 12.02.1991
სიმაღლე: 195 სმ
ამპლუა: მსროლელი/ფორვარდი
გუნდი: ალბასეტე (ესპანეთი)

აკაკი დვალიშვილი
დაიბადა: 14.02.1991
სიმაღლე: 206 სმ
ამპლუა: ფორვარდი/ცენტრი
გუნდი: რუსთავი

ლევან ხმელიძე
დაიბადა: 12.07.1990
სიმაღლე: 195 სმ
ამპლუა: ფორვარდი
გუნდი: რუსთავი

გიორგი კვეტენაძე
დაიბადა: 16.01.1990
სიმაღლე: 202 სმ
ამპლუა: ფორვარდი
გუნდი: სოხუმი

აკაკი ლომოური
დაიბადა: 17.01.1991
სიმაღლე: 196 სმ
ამპლუა: ფორვარდი
გუნდი: სამედიცინო/აკადემია

ზურაბ მაჭავარიანი
დაიბადა: 22.05.1990
სიმაღლე: 192 სმ
ამპლუა: მსროლელი/ფორვარდი
გუნდი: რუსთავი

გიორგი ნანიტაშვილი
დაიბადა: 12.04.1990
სიმაღლე: 186 სმ
ამპლუა: გამთამაშებელი
გუნდი: დინამო

გიორგი შარაბიძე
დაიბადა: 27.04.1990
სიმაღლე: 210 სმ
ამპლუა: ცენტრი
გუნდი: ვალენსია (ესპანეთი)

თორნიკე შენგელია
დაიბადა: 05.10.1991
სიმაღლე: 207 სმ
ამპლუა: ფორვარდი
გუნდი: ვალენსია (ესპანეთი)


B დივიზიონი

ხვალ, 14 ივლისს, თბილისის დროით 17:45 საათზე საქართველოსა და უნგრეთის 20-წლამდელთა ნაკრებები ავსტრიის ქალაქ გესინგის საკალათბურთო მოედანზე გავლენ. ამ მატჩით დაიწყება ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელიც საზოგადოებისთვის B დივიზიონის სახელწოდებითაა ცნობილი.

კალენდარშიც წაიკითხავდით, რომ ქართველთა მეტოქეები იქნებიან უნგრელები, შვედები და ებრაელები. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები მოხვდებიან. შემდეგ ეტაპზე შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი. აქვე დავაკონკრეტებთ: ექვსიდან სამ ნაკრებს წინა ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშები ექნება. ამიტომ ურთიერთშეხვედრათა შედეგები მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ და მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოუწევთ. თითო ქვეჯგუფიდან საუკეთესო ორი ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს, ხოლო ფინალისტები ევროპის მომავალი წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ.

სისტემა რთულია; 10 დღეში დღეგამოშვებით თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ B დივიზიონში არაერთი მაღალი დონის გუნდია; ქართველ 20-წლამდელებში (1990-იანები) კალათბურთელთა ნახევარი 1991 წელსაა დაბადებული. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური რომ ვერ მოიპოვოს, გასაოცარი სულაც არ იქნება, თუმცა გუნდში ნიჭიერი მოთამაშეები არიან შეკრებილი, შემადგენლობა თანაბრადაა დაბალანსებული და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.

1990-91-წლიანებს ოთხი წლის წინანდელი მაგალითიც წინ აქვთ: ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი ცინცაძის წინამძღოლობით 1986-წლიანთა ნაკრებმა B დივიზიონი მოიგო და მომდევნო სეზონში 1987-იანებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს.


მზადება

ზემოთ კალათბურთელებთან მიმართებაში სიტყვა "ნიჭიერი" გამოვიყენეთ. თუმცა მხოლოდ ტალანტი წარმატებისთვის საკმარისი არ არის. აუცილებელია მონოლითური გუნდის აწყობა, რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მწვრთნელსა და მოსამზადებელ პირობებზე. მიხეილ ბერუაშვილმა გაზაფხულზე მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით უსტიაშვილი შეცვალა. ბერუაშვილმა რუსთავის "ენერჯიში" მუშაობითაც დაამტკიცა, რომ კარგი მწვრთნელია - ქვემოქართლელებს ჩემპიონობა მოუტანა. ახლა საინტერესოა, ახალგაზრდულ გუნდთან ერთად რა შედეგს მიაღწევს.

20-წლამდელები ავსტრიაში გამგზავრებამდე თბილისში ემზადებოდნენ, რამდენიმე დღით თურქეთში ჩავიდნენ და იქაურ 18-წლამდელთა ნაკრებთან ორი საკონტროლო შეხვედრა გამართეს (პირველი 53:78 დათმეს, მეორე - 53:80).
ახალგაზრდების თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, დუშეთიდან დაბრუნებულ 18-წლამდელთა ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა. ერთი გუშინ გაიმართა, მეორე - გუშინწინ.

პირველ შეხვედრაში მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა 20-წლამდელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, პირველი მეოთხედი 21:9 მოიგეს, თუმცა მომდევნო 30 წუთში ახალგაზრდულმა ნაკრებმა სისწრაფე აკრიფა და საბოლოოდ 72:60 გაიმარჯვა.
მეორე მატჩში ქულების ავტორების ჩანიშვნა მოვახერხეთ და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ოქმი გამოგვივიდა:

ახალგაზრდები-ჭაბუკები 74:51
17:19, 25:3, 9:14, 23:15

ახალგაზრდები: ბაქრაძე (5), ჩიკვილაძე (16), მაჭავარიანი (10), დვალიშვილი (5), გ. შარაბიძე (16); კვეტენაძე (6), ნანიტაშვილი (4), ხმელიძე (2), ლომოური (2), ბექაური (3), გ. რევაზაშვილი (2), ჩაჩანიძე (3).

ჭაბუკები: ტეტელაშვილი, ბოქოლიშვილი (12), სანაძე (17), მუმლაძე (3), ჯავახიშვილი (2); თენიეშვილი (2), ელიაძე (7), ლ. რევაზაშვილი (4), კოღუაშვილი (4), ნ. შარაბიძე.

მსაჯი: ზ. მაჩალაძე

რადგან 18-წლამდელებთან თამაში ახალგაზრდებისთვის გენერალური რეპეტიცია იყო, ამიტომ უფრო მეტს 20-წლამდელებზე ვილაპარაკებთ. ჭაბუკებზე უფრო მეტს ორი დღის შემდეგ დავწერთ, როცა უკრაინელ თანატოლებს უმასპინძლებენ.

20-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე კალათბურთელის თამაში ქართველ გულშემატკივარს გასული სეზონის სუპერლიგიდან ემახსოვრება. მართალია, გივი ბაქრაძემ და ბექა ჩიკვილაძემ, 2009-10 წლების სეზონი უცხოეთში გაატარეს, მაგრამ მანამდე საქართველოს პირველობაზე ითამაშეს და გარკვეული წარმოდგენა მათზე უკვეგვქონდა. გიორგი შარაბიძემ კი სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. მრავალმხრივ სრულყოფილი ცენტრის შთაბეჭდილება დატოვა (ასაკის კვალობაზე). ცენტრს ფიზიკური სიძლიერე და სროლის სიზუსტე ღირებულებას მატებს. ამ მხრივ შარაბიძეს დიდი პლუსი აქვს: გაბარიტებისა და ღონის ხარჯზე ფარქვეშეთს არავის აკარებდა, იოლადაც ხსნიდა და სროლაც არ უჭირდა. თუ პროგრესი განაგრძო, მას მალე ეროვნულ გუნდში ვიხილავთ, მით უმეტეს, რომ ნაკრების 20-კაციან განაცხადში უკვე შეიყვანეს.

შეიძლება, ვინმემ იფიქროს: რადგან ორი წლით უმცროსებთან თამაშობდა, იმიტომ გავიდა ფონს ფიზიკური მონაცემებითო. ვფიქრობთ, ავსტრიაშიც არ იქნება იოლი მისი შეჩერება. ...თუმცა, შარაბიძემ გუშინდელი თამაშის მსვლელობისას არ იცოდა, მიიღებდა თუ არა ავსტრიის ვიზას. ეს მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილსაც აფიქრებდა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი საელჩოში შევიდა და იქიდან ვიზით გამოვიდა. რადგან შარაბიძის ავსტრიაში წასვლა გადაწყდა, გუნდს ვერ გაჰყვა გიორგი რევაზაშვილი. სხვათა შორის, ახალგაზრდებისა და ჭაბუკების შეხვედრაში ორი საინტერესო დუელი ვიხილეთ: გიორგი შარაბიძე და გიორგი რევაზაშვილი ჭაბუკთა ნაკრებში გამოძახებულ უმცროს ძმებს (შესაბამისად, ნოდარსა და ლევანს) ეპაექრნენ.

გუშინ არ უთამაშიათ ტატო თავართქილაძეს, სოსო ლეჟავასა და თორნიკე შენგელიას. ტრავმის გამო ტატო გუნდს თავიდანვე გამოაკლდა. ლეჟავამ ტვინის შერყევა თურქეთში მიიღო და მას მერე აღარ უვარჯიშია. ხოლო თორნიკე შენგელია უკვე ავსტრიაშია და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება. იგი 20-წლამდელებს გესინგში შეუერთდება, პირველი ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს და შემდეგ ისევ ეროვნულს დაუბრუნდება. 20 ივლისს თორნიკე იგორ კოკოშკოვის კრებულთან ერთად თბილისში გამოემგზავრება.

მწვრთნელის აზრი

18-წლამდელებთან მატჩის შემდეგ ახალგაზრდული გუნდის თავკაც მიხეილ ბერუაშვილს გავესაუბრეთ. მასთან გიორგი შარაბიძის საკითხსაც
შევეხეთ, თუმცა ეს ამბავი ინტერვიუდან "ამოვჭერით", რადგან მოგვიანებით გიორგიმ ვიზა მიიღო და გუნდს ავსტრიაში გაჰყვა.

- პირველ რიგში, მადლობას მოვახსენებ 18-წლამელებს, რომლებმაც ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ შეცდომების გამოსასწორებლად 5 დღე გვქონდა. ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ და გენერალური რეპეტიცია სწორედ ჭაბუკებთან მატჩებში გავიარეთ.

- სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარეთ...
- თურქეთში გამართული მატჩები ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო. იქ ერთ ეპიზოდში 1:15-ს ვაგებდით, თუმცა მდგომარეობის გამოსწორება მალევე მოვახერხეთ - სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ. მაშინ გამოჩნდა, რომ ბიჭებს ბრძოლა შეუძლიათ. სწორედ ამის მეიმედება.

- მიზნად რას ისახავთ?
- ტურნირში მონაწილე ყველა ნაკრების მიზანი ფინალში გასვლაა, თუმცა ამისთვის არაერთი ბარიერია დასაძლევი. საწყის ეტაპზე ჩვენი მიზანი მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იქნება, შემდეგ ვნახოთ...

- მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ყველაზე რთული პირველი შეხვედრა იქნება: უნგრეთს ვეთამაშებით და ამ გუნდის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მომდევნო მეტოქეების თამაშებს უშუალო დაპირისპირებამდე ვნახავთ და მათი გაშიფვრა უფრო იოლი იქნება. თუმცა არანაკლებ რთული უნდა იყოს შვედეთთან და ისრაელთან მატჩები.

- შეკრებისას რამდენიმე კალათბურთელი გამოგაკლდათ...
- გამთამაშებელ ტატო თავართქილაძეს ტრავმა ჰქონდა. მან ჩვენთან ორი ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ წვრთნის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მეორე გამთამაშებელი, სოსო ლეჟავა თურქეთში დაშავდა, ერთ-ერთ მატჩში ტვინის შერყევა მიიღო...

- თორნიკე შენგელია თავიდან ახალგაზრდებთან ვარჯიშობდა, 1 ივლისიდან კი ეროვნულ გუნდს შეუერთდა...
- ჩვენი მთავარი მიზანი კალათბურთელების ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებაა. სასიხარულოა, რომ შენგელია იგორ კოკოშკოვს სჭირდება. თუმცა, საერთო შეთანხმებით, თორნიკე ავსტრიაში ჩასვლისთანავე შემოგვიერთდება და ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს ჩაატარებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული