16-წლამდელებს - ბოლო თუ ბოლოსწინა?

AutoSharing Option
საქართველოს კადეტთა ნაკრები საკლასიფიკაციო მატჩში პუერტო რიკოს დაუპირისპირდა. ეს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. რადგან აშშ-სთან კავშირშია, ლოგიკურად კალათბურთი პუერტო რიკოშიც სათანადოდ უნდა იყოს განვითარებული. ამაში შეხვედრის საბოლოო ანგარიშმაც დაგვარწმუნა - ოკეანის გაღმელებმა ქართველებს 75:48 მოუგეს.

თუ წინა მატჩებში იყო სერიოზული ჩავარდნები (მაგალითად, ირანთან ერთ მეოთხედში ქულა ვერ ჩავაგდეთ), პუერტო რიკოსთან 10 ქულას ოთხივე პერიოდში ავცდით. ვინც საქართველოს 16-წლამდელთა მატჩებს ადევნებს თვალს, იოლად მიხვდება ჩვენს კადეტებს ყველაზე მეტად რომელ კომპონენტში გაუჭირდათ - რა თქმა უნდა ფარქვეშ,
რაზეც სტატისტიკა მიგვითითებს:

პუერტო რიკოელებმა ბურთი 49-ჯერ მოხსნეს, ხოლო ქართველებმა - 34-ჯერ. ამერიკელებმა 25 ორქულიანი ჩააგდეს (53-დან), ჩვენებმა - 12 (34-დან). ორ მნიშვნელოვან კომპონენტში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ანგარიშზეც ლოგიკურად აისახა. როგორც გითხარით, მეტოქემ 27 ქულის სხვაობით იმარჯვა.

ქართველთაგან თუკი ვინმეს გამორჩევა შეიძლებოდა, ესენი ნუგზარ აბულაძე და ბექა დარახველიძე გახლდნენ. პირველი ერთადერთი ქართველი იყო, 10-ქულიან ნიშნულს რომ ასცდა, ხოლო მეორემ მოხსნებში გადალახა ათიანი ბარიერი. აბულაძემ 17 ქულა ჩააგდო, ხოლო დარახველიძემ 12 მოხსნას 8 ქულა მიამატა.

პუერტო რიკოსთან წაგების შედეგად ქართველებს ისღა დარჩენიათ, ტურნირზე ბოლოსწინა ადგილსთვის იბრძოლონ. ისინი დღეს, 12 თებერვალს ირანელებს დაუპირისპირდებიან, რომლებთანაც ჯგუფურ ეტაპზე 50:62 დამარცხდნენ. თავის მხრივ, სპარსელებმა საკლასიფიკაციო მატჩში რუმინეთთან 65:71 დათმეს. საქართველო-ირანს შორის გამარჯვებული თურქეთის საერთაშორისო ტურნირს მე-11 ადგილზე დაასრულებს.


11 თებერვალი
საქართველო-პუერტო რიკო 48:75
14:21, 11:11, 13:21, 10:22
საქართველო: ბოლქვაძე (4ქ, 2 მ, 2პ, 1ჩ, 1დ), ლილუაშვილი (8ქ, 2მ, 3პ, 5ჩ), ქობალავა (2ქ, 2მ, 1ჩ, 1დ), აბულაძე (17ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), დარახველიძე (8ქ, 12მ, 1პ, 3ჩ), ღურწკაია (3მ, 1ჩ), ჭიხვარია (9ქ, 7მ, 1ჩ), ლომთაძე (1მ).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული