საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თბილისური ტურნირი თურქეთის ძლევით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობს. მასპინძლების გარდა, შეჯიბრებაში ჩაერთვნენ თურქეთი და ისრაელი. უფრო მართებული იქნებოდა, თუ ვიტყოდით, ჩაერთო ორი; მესამე, ისრაელი კი პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს. მისი მეტოქე ქართველთაგან ძლეული თურქეთი იქნება. ბუბა ბერიშვილის მიერ გაწვრთნილმა კადეტებმა დაძაბულ ბრძოლაში, 9 ქულის სხვაობით დაამარცხეს მეზობლები.

ჩვენს გუნდს ოთხივე პერიოდი არათანაბარი გამოუვიდა. შეხვედრის დასაწყისში თურქები უკეთ გამოიყურებოდნენ, 6:0 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა მეორე ათწუთეულში სურათი ჩვენ სასარგებლოდ შეიცვალა და თურქეთის დაცვას ქართული "მიძალების" გაძლება გაუჭირდა.
შედეგად, მეორე პერიოდი 31:18 მოვიგეთ და დიდი შესვენებისთვის სწორედ იმ სხვაობით დავწინაურდით, როგორითაც საბოლოოდ გავიმარჯვეთ.

თურქები დანებებას არ აპირებდნენ, განსაკუთრებით, ფარქვეშიდან აქტიურობდნენ და მესამე პერიოდში ანგარიში გაათანაბრეს კიდეც - 50:50. 60-ქულიან ნიშნულამდე ანგარიში ქულა-ქულაში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ ჩვენი გუნდი დაეუფლა ინიციატივას, რაც უმთავრესად, დაცვაში თამაშის გაუმჯობესების შედეგი იყო. შეტევაში კი ოთარ პერტაიამ გამოიდო თავი. გადამწყვეტ მომენტში მისმა პასებმა, ფარქვეშ შესვლებმა და სამქულიანებმა თურქებს თამაშის შემოტრიალების შანსი მოუსპო. საბოლოოდ, მატჩის ბომბარდირი სწორედ პერტაია გახდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული