სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: "დინამო", უძლეველი ჯავშანმანქანა

AutoSharing Option
ომიანობის ჟამს რომელი ქვეყანაც სხვებზე უკეთეს იარაღსა თუ საბრძოლო ტექნიკას გამოიგონებდა, გამარჯვების მეტი შანსიც ჰქონდა. ასევეა სპორტშიც, განსაკუთრებით, ისეთი ქვეყნების საკალათბურთო ლიგებში, სადაც გუნდებს უმაღლესი დონის სპორტსმენების შეძენა არ ხელეწიფებათ. შედარებით შემჭიდროებული ბიუჯეტით ცდილობენ მაღალი შედეგების მიღწევას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის "დინამოს" მწვრთნელებმა შექმნეს ისეთი ტანკი, რომლის ჭურვიც (შეტევაც) ნებისმიერ მეტოქეს ანადგურებს, ხოლო მისი ჯავშნის (დაცვის) საწინააღმდეგო ყუმბარა სუპერლიგის ვერც ერთმა გუნდმა ვერ გამოიგონა.

არადა, საქმე მარტივადაა: "დინამოს" მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, ხოლო ლეგიონერები
ისეთები ჩამიყვანა, გუნდის მექანიზმის გამართულად მუშაობას რომ სჭირდებოდა.

მართალია, შემადგენლობის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ დინამოელები სხვა გუნდებს დიდად სჯობიან, მაგრამ დალაგებული თამაშით იმდენს ახერხებენ, 24 მატჩიდან 23 აქვთ მოგებული.

"სოხუმთან" კი გამოჩნდა, რომ "დინამო" პლეი ოფისთვისაც უკვე მზადაა...

29 მარტი, თბილისი
დინამო-სოხუმი 95:52
29:13, 29:17, 24:12, 13:10
დინამო: ვონი (4ქ, 5პ), გრძელიძე (15ქ), ღურწკაია (9ქ), ლონდარიძე (12ქ, 9მ), მაჩალაძე (8მ, 3პ), ფაცაცია (7ქ, 3პ), ჭოჭუა (21ქ), გ. რევაზაშვილი (12ქ), ბერიშვილი (10ქ, 8მ, 4პ), გოგოძე (5ქ, 5პ).
სოხუმი: კვეტენაძე (6ქ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (8ქ, 3ჩ), ბოქოლიშვილი (10ქ), ზაქრაძე, ჯგერენაია (5ქ), დ. ბარბაქაძე (15ქ), ლათანი (5პ), ბულიავა, ტიშენკო (16ქ, 8მ, 3პ), ზაბირჩენკო (3ქ, 3პ, 3ჩ), ვუდსონი (2ქ, 5მ).

გადამწყვეტი. მატჩის ბედი, შეიძლება ითქვას, პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც "დინამომ" 29:13 მოიგო.

სტატისტიკა არ ტყუის. ირაკლი ხოშტარიას გუნდს ფარქვეშ სერიოზული უპირატესობა ჰქონდა, რაც მოხსნებშიც აისახა (47:34) და სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებშიც (46:28).

გამორჩეული. სუპერშედეგიანი იყო მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 3-დან 3 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 23 ქულას 10 მოხსნა მიამატა. არც ილია ლონდარიძის ღვაწლის დავიწყება შეიძლება - 22 ქულა, 7 მოხსნა.

ნამატჩევს
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი): "დინამო" არაა ჩვენი კონკურენტი, რომელთან ბრძოლასაც თავი არ შევაკალით. მეორე პერიოდში ფეხი იტკინა გიორგი ჯგერენაიამ და მას დასვენების საშუალება მივეცით, ძალები მომავალი მატჩებისთვის დავზოგეთ. ჩვენი კონკურენტები არიან "კაკტუსი", "ბათუმი", "ოლიმპი", "მგზავრები".

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი): "ანგარიშიდან გამომდინარე, არ გვქონია რთული თამაში. ვფიქრობ "სოხუმს" გაცილებით მნიშვნელოვანი თამაშები წინ აქვს და დღეს ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი საქმე და მიზანი გვაქვს და მივყვებით გეგმას. ვცდილობთ, რომ პლეი ოფებისთვის ფორმაში ვიყოთ, ეს არის და ეს".

29 მარტი, თბილისი
ოლიმპი-მგზავრები 70:77
17:24, 26:14, 12:17, 15:22
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (5ქ, 3პ), ბურნეთი (17ქ, 10მ, 3ჩ), როგავა (11ქ, 6პ), გეგი ბაქრაძე (4ქ), კახა ტომარაძე (4ქ), მასხულია (2ქ), პიჩფორდი (5ქ, 5მ), შლიცერი (17ქ, 11მ).
მგზავრები: ფხაკაძე (17ქ, 5პ), ლომინაშვილი (5ქ, 5მ), ტურძელაძე (5ქ), ქავთარაძე (2ქ), ტეილორი (11ქ, 9მ, 4პ), მერფი (6ქ), ალენი (13ქ, 6მ, 6პ), რენსომი (18ქ, 8მ).

გადამწყვეტი. როგორც მოსალოდნელი იყო, თანაბარი ძალის გუნდების მატჩი საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და თანაბარი გამოდგა. ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა - ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხანაც - მეორე.

მეორე პერიოდში "მგზავრებმა" 10-ქულიანი ლიდერობის მოპოვება მოახერხეს, თუმცა "ოლიმპმა" 13:2 გაქცევა მოაწყო და ლიდერობა დაიბრუნა. ასეთი თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა ბოლო წუთებამდე. გადამწყვეტ ეპიზოდში "მგზავრებმა" მეტი სიზუსტე გამოავლინეს და ბოლო წუთზე გამარჯვება გაინაღდეს.

სტატისტიკა არ ტყუის. "მგზავრებმა" მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა ამ კომპონენტზე აქცენტი არც გაუკეთებიათ - 14-ჯერ სტყორცნეს, მაშინ, როდესაც "ოლიმპმა" 33 სამიანიდან 9 გამოიყენა. სამაგიეროდ, "მგზავრებს" სამწამიან ქულებში ჰქონდა უპირატესობა - 40:28.

გამორჩეული. სტატისტიკის მიხედვით, რთულია გამოვარჩიოთ ერთი, საუკეთესო კალათბურთელი. სჯობს, ოქმს გადახედოთ და დასკვნები თავად გამოიტანოთ.

ნამატჩევს
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მწვრთნელი): "ამ მატჩს ჩვენთვის და მეტოქისათვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვებამაც ძალიან გაგვახარა და სამომავლო ბრძოლებისთვის რწმენა შეგვმატა. ლიგაში დასარჩენად ვიბრძვით და წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლები გველის".

ლეონიდ ივატინი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "ვემზადებოდით, რომ დაცვაში მგზავრების შეტევები მოგვეგერიებინა. ყველაფერს, რაზეც ვარჯიშებზე მოვილაპარაკეთ, ვფიქრობდით, რომ შევასრულებდით, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული