29:15, 21:24, 25:22, 20:27
ქუთაისი: დიდია (14ქ, 6მ), კვიმსაძე (15ქ, 7მ), ბოლქვაძე (4ქ), ბარბაქაძე (12ქ, 5მ), ცეკვავა (22ქ), ბაბუნაშვილი (14ქ), ლომინაშვილი (10ქ, 5მ), კოღუაშვილი (4ქ)
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (9ქ), ჩაჩიბაია (8ქ, 5მ), ბექაური (5ქ), დვალიშვილი (20ქ, 9მ), როჯერსი (23ქ), ს. ლეჟავა, თავართქილაძე, კეიდია (4ქ), როდუმტა (5ქ), ჭოჭუა (14ქ), ფაიქრიძე
ფლეი ოფში გასვლაზე ვინ იოცნებებდა, როცა წლების განმავლობაში ქუთაისს საკალათბურთო გუნდი საერთოდ არ ჰყავდა. თუმცა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქუთათურები ჩემპიონატს რიხიანად დაუბრუნდნენ და არა გვგონია ახლა მხოლოდ ფლეი ოფში გასვლას
თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ქუთათურებს ყველაფერი გამოსდიოდათ. ზუსტად წაუვიდათ სროლები დიდიას, კვიმსაძეს და ცეკვავას, რომელიც გუშინ საუკეთესო იყო რიონისპირელთა რიგებში. "ქუთაისი" 18:6 დაწინაურდა, საბოლოოდ კი პირველი პერიოდი 14-ქულიანი სხვაობით მოიგო (29:15).
მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა მეორე ათწუთეულიც კარგად დაიწყეს, ცეკვავას 3-ქულიანისა და გიგი ბარბაქაძის 2-ქულიანი სროლების შემდეგ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა (34:15). ამის შემდეგ "სამედიცინოც" ათამაშდა, განსაკუთრებით მიხეილ ჭოჭუას კარგი თამაშია აღსანიშნავი. მან ამ პერიოდში 8 ქულა შესძინა გუნდს, ამას როჯერსის ბრწყინვალე გარჯაც დაემატა და თბილისელებმა სხვაობა შეამცირეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ "მედიკოსთა" ამერიკელმა ლეგიონერმა როჯერსმა, რომელიც 23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო, 7 დან შვიდივე საჯარიმო სროლა გამოიყენა. ამ მხრივ 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა მის თანაგუნდელ აკაკი დვალიშვილს (4-დან 4 საჯარიმო).
მეორე პერიოდში აღსანიშნავი იყო ქუთაისელთა ლამაზი კომბინაცია, რომლის შემდეგაც დიდიამ პერიმეტრიდან სამქულიანი ჩააგდო. მესამე ათწუთეულში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. სტუმართა რიგებში შეუჩერებელი იყო დვალიშვილი, მან ქულათა უმეტესობა (11) სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოაგროვა (სულ 20 ქულა).
მასპინძელთა რიგებში გამოსარჩევია ახალგაზრდების, ავთო ლომინაშვილის და თემურ ბაბუნაშვილის კარგი თამაში. მესამე პერიოდის შემდეგ "ქუთაისი" 14 ქულით დაწინაურდა. ყველაზე დაძაბული და დრამატული მატჩის ბოლო მეოთხედი გამოდგა, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ქუთათურები 12 ქულით იგებდნენ (88:76), მაგრამ როჯერსი, ბექაური, დვალიშვილი და მათი თანაგუნდელები ყველაფერს ეცადნენ, რომ საქმე გამოესწორებინათ. მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჩამორჩენა 4 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ შემდეგ ძალები აღარ ეყოთ. "ქუთაისი" მოტივირებული თამაშობდა და იმ დროს, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია მასპინძლებმა სასწორის თავის მხარეს გადაწონვა მოახერხეს. ბოლოს კვიმსაძემ და ცეკვავამ საჯარიმოები ზუსტად სტყორცნეს და მასპინძელთა 7-ქულიანი გამარჯვება დააფიქსირეს.