ქუთაისი-თსუ 86:84 - დრამატული ფინალი და მასპინძლების ცეკვა(ვა)

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი. VIII ტური
ქუთაისი-თსსუ 86:84
18-25, 24-20, 18-24, 26-15
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (4ქ), დიდია (8ქ), ცეკვავა (17ქ), გ.ბარბაქაძე (9ქ), მათიაშვილი (29ქ.), ფაშაევი (2ქ), დ.ბარბაქაძე (11ქ), ლომინაშვილი, ქორიძე (6)
თსსუ: ტომარაძე (6ქ), აბაიშვილი (4ქ), შვანგირაძე (12ქ), ჭოჭუა (8ქ), ილიჩი (15ქ.8მ), ჩიკვილაძე (16ქ), ყველაშვილი, ბექაური (8ქ,8მ), პირველაშვილი (1ქ), სამოილოვიჩი (14ქ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ.ბერეკაშვილი, გ.მიქელაძე

ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა დრამატული და ემოციებით დატვირთული მატჩი იხილეს. მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იმყოფებოდნენ, ერთი პერიოდი მაყურებელმა მატჩი წაგებულადაც ჩათვალა და ხელიც
ჩაიქნია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ქუთათურებმა ძალები მოიკრიბეს და უკანასკნელ წამებზე ბაბუნაშვილმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი რომ ჩააგდო, ხმაურისაგან და ემოციებისგან ლამის დარბაზი დაინგრა.

თუმცა, აჯობებს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. წყვილის ფავორიტად ,,ქუთაისი" ითვლებოდა და ბევრი მასპინძლების იოლ გამარჯვებას ელოდებოდა, მაგრამ მედიკოსებმა პირველივე წუთებში აგრძნობინეს მეტოქეს, არაფრის დათმობას რომ არ აპირებდნენ. ,,ქუთაისი" 4 ქულით იყო წინ, როცა გიორგი შვანგირაძემ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და ,,თსსუს" ყველაზე დიდი გაქცევა (12:0) ასე დაიწყო. კარგად ჩაერთო თამაშში ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც საბოოლოოდ 16 ქულას მოუყარა თავი.

პირველი პერიოდის ბოლო წუთები სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მედიკოსებმა ეს მეოთხედი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს (25:18). სტუმრებმა მომდევნო პერიოდიც კარგად დაიწყეს და 12 ქულამდეც გაზარდეს სხვაობა. კარგად ირჯებოდნენ მედიკოსთა სერბი ლეგიონერები ნემანია ილიჩი (15ქ) და ფილიპ სამოილოვიჩი (14ქ), თუმცა, ქუთათურებმა ფარქვეშ რიჩარდ მათიაშვილის ბრწინვალე თამაშის წყალობით, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს - 42:45.

მესამე პერიოდი საწყისი წუთები ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ამ მონაკვეთში გულშემატკივრებმა არერთი ლამაზი ეპიზოდი იხილეს, მათ შორის ქუთაისელთა ლამაზი კომბინაცია, რომელიც გიგი ბარბაქაძის ჩატენვით დამთავრდა. უპირატესობა ისევ თბილისელთა ხელში გადავიდა, ნუგზარ კანდელაკის შეგირდებს ყველაფერი გამოსდიოდათ. თუმცა, ისც სათქმელია, რომ ქუთათურები მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდნენ. ისინი თავისუფლად ისროდნენ როგორც საშუალო დისტანციიდან ასევე პერიმერტრიდანაც. მესამე პერიოდის ბოლოს ტაბლოზე სტუმრების 9 ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა - 60:69

ბოლო მეოთხედი უაღრესად დრამატული და დაძაბული გამოდგა. თავიდან ქუთათურებმა ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ჭოჭუასა და სამოილოვიჩის შედეგიანი სროლების შემდეგ სტუმრებმა სტატუს-ქვო აღადგინეს. მასპინძლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ გატყდნენ და ბოლო წუთებში შეძლეს მატჩის შემოტრიალება.

გადამწყვეტ მომენტში ,,ქუთაისის" ყველა წევრი კარგად გაისარჯა, ბარბაქაძემ მატჩის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირა (81-82), ცეკვავამ კი, რომელიც ბოლო წუთებში ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო, საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 83:82, მანვე სამედიცინოს გაფუჭებული შეტევის შემდეგ ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო - 84:82, მედიკოსებმა ტომარაძის ორი საჯარიმოთი გაათანაბრეს - 84:84.

მატჩის დამთავრებამდე 7 წამი იყო დარჩენილი, მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა შეუტიეს, თემურ ბაბუნაშვილმა, რომელსაც იქამდე ერთი ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, ზუსტად ისროლა და საკუთარ გუნდს საოცარი გამარჯვება მოუტანა - 86:84

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული