ქუთაისი-არმია 73:81
20:22, 20:18, 23:20, 10:21
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (8ქ, 5პ), დიდია (14ქ, 5მ), გ. ბარბაქაძე (18ქ, 4პ, 5მ), ცეკვავა (6ქ, 5პ), მათიაშვილი (15ქ, 6მ, 6ჩ), ფაშაევი (5ქ, 5პ), დ. ბარბაქაძე (6ქ), ლომინაშვილი (1ქ).
არმია: ათანელიშვილი, შელბომი (8ქ, 5მ, 4პ), დიასი (11ქ, 6მ, 3ჩ), ვუდსაიდი (19ქ, 4პ, 4ჩ), საყვარელიძე (2ქ), რიჩარდსონი (2ქ), ბოისა (5ქ), მინაშვილი (6ქ), კვიმსაძე (3ქ), ტომასი (25ქ, 8მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი
სუპერლიგის ლიდერ "არმიასა" და მეორე ადგილზე მყოფი "ქუთაისის" შეხვედრა დრამატული და
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ტევა აღარ იყო. გულშემატკივრების ყიჟინის ფონზე გუნდებიც ენერგიულად მოქმედებდნენ. ლიდერებს რომ ეკადრებათ, სწორედ ისეთი კალათბურთი გაჩაღდა. დიასის აქტიურობის შედეგად "არმია" საწყის წუთებში 9:3 დაწინაურდა. პირველი პერიოდის შუაწელში უკეთ ქუთაისელები გამოიყურებოდნენ, დიდიასა და ბაბუნაშვილის ზუსტი სამქულიანების შემდეგ ისინი წინაც გავიდნენ (16:13), თუმცა ეს მეოთხედი მაინც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიში 20:20 იყო, როცა ბოისამ ბოლო წამზე ორქულიანი ზუსტად ისროლა და "არმია" დააწინაურა.
მეორე პერიოდი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ქუთაისელთაგან გიგი ბარბაქაძეს წაუვიდა სროლა, რომელმაც საბოლოოდ მასპინძელთაგან ყველაზე მეტი 18 ქულა მოაგროვა. სტუმართა რიგებში კი უილიამ ტომასი ბრწყინავდა. იგი ფარქვეშაც მშვენივრად თამაშობდა და ერთი ზუსტი სამქულიანიც ისროლა. საბოლოოდ არმიელთა ლეგიონერმა საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა, რაც გუშინდელ მატჩში ორივე გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მეორე პერიოდში მასპინძლებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს და 40:36 დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ საკუთარ კალათში ერთი საჯარიმო მიიღეს, ბოლო წამზე კი პერიმეტრზე დიასი დარჩათ უყურადღებოდ და მანაც ზუსტი სამქულიანით პირველ ტაიმში საყაიმო ანგარიში დააფიქსირა - 40:40.
დიდი შესვენების შემდეგ მატჩის სცენარი უცვლელი დარჩა. თამაში თანაბრად მიმდინარეობდა. გიგი ბარბაქაძემ ქუთათურები ისევ დააწინაურა, მაგრამ მას ტომასიც არ ჩამორჩა, რომლის შეჩერებაც უსტიაშვილი შეგირდებს ძალიან უჭირდათ.
ისედაც მშვენიერი თამაში რიჩარდ მათიაშვილის ბრწყინვალე გადაცემამ და გიგი ბარბაქაძის უზადო ჩატენვამ კიდევ უფრო გაალამაზა. რიჩარდი ფარქვეშ ბევრს იბრძოდა და საბოლოოდ 15 ქულას მოუყარა თავი. მასპინძლები 55:50-ს იგებდნენ, როცა გიგის 3 საჯარიმო გაუცუდდა. მესამე პერიოდის შემდეგ წინ მაინც ქუთაისელები დარჩნენ 63:60.
გადამწყვეტი უკანასკნელი მეოთხედის დაბოლოება გამოდგა. სირენამდე 2:30 წუთით ადრე გუნდებს შორის კვლავ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა 73:73 და დაძაბულობამაც პიკს მიაღწია, მაგრამ დარჩენილ დროში სროლები "არმიას" უკეთესად წაუვიდა და სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ნამატჩევს
კოტე ტუღუში (არმია): "აქტიურმა გულშემატკივრობამ საოცარი ატმოსფერო შექმნა. დაძაბული და საინტერესო თამაში გამოდგა. მატჩის ბოლომდე გაურკვეველი იყო შეხვედრა ვის სასარგებლოდ დასრულდებოდა. ქუთაისმა კარგად ითამაშა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ნათქვამია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"