ბრინჯაო "ქუთაისს" ზედიზედ მეორედ

AutoSharing Option
III ადგილი
ქუთაისი-სოხუმი 71:64
15:17, 19:15, 23:13, 14:19
ქუთაისი: ფაშაევი (16ქ), ბაბუნაშვილი (11ქ), დიდია (7ქ, 7პ), გ. ბარბაქაძე (8ქ), მათიაშვილი (7ქ, 11მ), კოჰადარევიჩი (17ქ, 9მ), დ. ბარბაქაძე (5ქ).
სოხუმი: ჩლაიძე (9ქ), ათუაშვილი (21ქ, 9მ), გაფრინდაშვილი (9ქ), ჯგერენაია (14ქ), ჩაჩიბაია (6ქ, 11მ), როგავა (2ქ), ქადარია (3ქ), ჯანაშია.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ს. საინერისი.

როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე ადგილისთვის მატჩში "ქუთაისმა" ლეგიონერებისა და წამყვანი ქართველი კალათბურთელების გარეშე დარჩენილი "სოხუმი" დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა საკალათბურთო სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი.

სოხუმელებს "ქუთაისთან" მთავარი მწვრთნელი
ვაჟა კვარაცხელიაც არ ჰყავდათ, რომლის ნაცვლად გუნდს ასისტენტი თემურ კანკია უძღვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ "სოხუმის" ხუთეული, წინა მატჩებისგან განსხვავებით, მთლიანად სახეშეცვლილი იყო, სტუმრები საწყის ორ პერიოდში მედგრად დაუდგნენ მეტოქეს და თუ არ ჯობდნენ ქუთათურებს, არც არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.

სტუმართაგან განსაკუთრებით სერგო ათუაშვილი გამოირჩეოდა, რომლის შეჩერებაც მასპინძლებს ძალიან უჭირდათ. სოხუმელთა გოლიათმა ცენტრმა საბოლოოდ 21 ქულას მოუყარა თავი და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.

დასაწყისში გუნდები დაცვაში კარგად დადგნენ. 5 წუთი იყო გასული და ტაბლოზე 4:4 ენთო. ამის შემდეგ ფორვარდები უფრო გააქტიურდნენ და თამაში ქულა-ქულაში წარიმართა.

ფაშაევმა და ბაბუნაშვილმა მასპინძლები წინ გაიყვანეს, მაგრამ მათ ათუაშვილი და გაფრინდაშვილიც არ ჩამორჩნენ და "სოხუმი" ისევ დაწინაურდა (14:10). პერიოდის ბოლოს ირაკლი ჩლაიძემ ზუსტი სამქულიანი ისროლა და პირველი მეოთხედი სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა.

სტუმრები მეორე მეოთხედის დასაწყისშიც კარგად ირჯებოდნენ, 6 ქულით გავიდნენ წინ (29:23), მაგრამ მალე დავით უსტიაშვილის გუნდმა თამაში გამოასწორა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, კოჰადარევიჩის სამქულიანით კი წინაც გაიჭრა - 34:32.

მესამე პერიოდი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ: ლამაზი კომბინაციები, პერიმეტრიდან სროლები, ფარიდან მოხსნები თუ სხვა საკალათბურთო კომპონენტები.

კარგად გაისარჯნენ რიონისპირელთა ლეგიონერები ზაურ ფაშაევი და დარკო კოჰადარევიჩი. პირველმა 16 ქულა მიითვალა, სერბი კი 17 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო და ორმაგ დუბლამდე მასაც ერთი მოხსნა დააკლდა.

"ქუთაისმა" ამ პერიოდში 19-ქულიანი გაქცევა მოაწყო და, ფაქტობრივად, მესამე მეოთხედშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი. მასპინძელთა გამარჯვება უკვე "ტექნიკის" საქმე იყო.

სოხუმელები ბოლო პერიოდში კიდევ გაუძალიანდნენ მეტოქეს, მაგრამ მათი მონდომება მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ქუთაისმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და მატჩის შემდეგ გულშემატკივრებთან ერთად ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასვლა იზეიმა. მოეწყო დაჯილდოების ცერემონიალიც და კალათბურთელებს ბრინჯაოს მედლები გადასცეს. გუნდის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი რიჩარდ მათიაშვილს გადაეცა.

ბრინჯაო ზედიზედ მეორედ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული