მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში სრული ანშლაგი იყო.
გულშემატკივართა გამაყრუებელი ყიჟინის ფონზე შეხვედრაც ძალიან დაძაბულად წარიმართა. ასეთი დრამატული და ემოციებით დატვირთული თამაში ჩვენს ჩემპიონატში ხშირი არ არის და შესანიშნავი სანახაობისთვის ორივე გუნდს ქება ეკუთვნის.
განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო წამები გამოდგა, როცა შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 40 წამით ადრე "არმია" მხოლოდ 1 ქულით იგებდა და ქუთათურები მატჩის შემობრუნებას ცდილობდნენ, მაგრამ თბილისელებმა ტაიმის ბოლო მეოთხედში მოპოვებული მცირედი უპირატესობა
ამ შეხვედრამდე "არმია" და "ქუთაისი" სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულებით (18-18) მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებდნენ და 10 თებერვლის დაპირისპირება ორივე მათგანისთვის მნიშვნელოვანი იყო.
შეხვედრა დავით უსტიაშვილის გუნდის აქტიურობით დაიწყო. სამწამიან ზონაში შესანიშნავად თამაშობდა რიჩარდ მათიაშვილი, რომლის განეიტრალებაც ფარქვეშ თბილისელებს ძალიან უჭირდათ.
მათიაშვილი პირველ ორ მეოთხედში ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო. იგი ამ პერიოდში საკუთარ გუნდს 14 ქულით შეეწია.
პირველ ტაიმში არანაკლებ ეფექტურად გამოიყურებოდა მისი თანაგუნდელი გიგი ბარბაქაძე, რომელმაც 4-იდან 2 სამქულიანი გამოიყენა, რასაც 3 ორქულიანიც მიუმატა და 10 ქულა დააგროვა.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ შესვენების შემდეგ გიგი ბარბაქაძე ჩრდილში მოექცა და მონაგარს ქულაც ვეღარ შემატა.
პირველი პერიოდი უსტიაშვილის გუნდმა 21:19 მოიგო. ქუთაისელები წინ ვიქტორ კოღუაშვილის აქტიურობის წყალობით გავიდნენ. მეორე მეოთხედში მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (40:34).
შესვენების შემდეგაც მასპინძელთაგან კვლავ მათიაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც 27 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
თუმცა, ალბათ, ბედის ირონია იყო ის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტ მომენტში შეცდომა დაუშვა, ტექნიკური ჯარიმა მიიღო და ამან ქუთაისელთა წაგებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, თუმცა ამას ქვემოთ დავუბრუნდებით.
მესამე პერიოდში თემურ ბაბუნაშვილის ორი ზუსტი სამქულიანის შემდეგ მასპინძლები 10 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხედის მიწურულიდან დაიწყო მასპინძლებისთვის ექვსწუთიანი უსიამოვნო მონაკვეთი: უსტიაშვილის შეგირდებს ზედიზედ რამდენიმე შეტევა გაუცუდდათ, რითაც არმიელებმა კარგად ისარგებლეს და 14:0 გაქცევა მოაწყვეს.
სტუმართაგან ლაშა ფარღალავასა და ბექა წივწივაძის თამაშია აღსანიშნავი. საბოლოოდ ფარღალავამ თბილისელთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა დააგროვა, წივწივაძემ კი 13, თანაც არმიელთა გამთამაშებელი საკუთარი გუნდის შეტევების სულისჩამდგმელი იყო.
მათ თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი და მეოთხე პერიოდში არმიელები წინ გავიდნენ - 59:61.
ქუთაისელებმა ძალები მოიკრიბეს და ბუბა კვიმსაძის კარგი თამაშის წყალობით კვლავ შეძლეს დაწინაურება. შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, რომლის დასრულებამდე 22 წამით ადრე მათიაშვილი დაცვაში დაჯარიმდა. მას ნერვებმა უმტყუნა და ტექნიკური ჯარიმა მიიღო.
ამან, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ქუთათურებმა ბოლოს კიდევ გაიბრძოლეს, მაგრამ თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს.
10 თებერვალი. ქუთაისი
ქუთაისი-არმია 72:75
ქუთაისი: 21 19 17 15
არმია: 19 15 18 23
კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):
"დარბაზში არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო შექმნილი. დიდი მადლობა ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღეს.
დღეს სწორედ ერთიანობისა და გუნდურობის ხარჯზე მოვიგეთ. მატჩის ბოლო წამებზე მეტოქესთან შედარებით ნაკლები შეცდომა დავუშვით და მოგება ამანაც განაპირობა".
დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
"თამაში კარგად დავიწყეთ და თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე წინ ვიყავით, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არ გაგვიმართლა და საბოლოოდ შეხვედრა 3 ქულის სხვაობით დავთმეთ.
ვფიქრობ, ბოლო წამებზე რიჩარდ მათიაშვილის ტექნიკურმა ჯარიმამ თამაშის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მთლიანობაში, ბიჭების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ვეცდებით, ხარვეზები გამოვასწოროთ და მომდევნო მატჩებში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"