სუპერლიგა 2012-13. ფინალი: მეხუთე, 2006-ის შემდეგ

AutoSharing Option
უკვე დავწერეთ, რომ ფინიშთან მიახლოებასთან ერთად ემოციები მატულობს. ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა ამისი დასტური გამოდგა.

ვიხილეთ გაწევ-გამოწევა მოედანზე და ტექნიკური ჯარიმები. მატჩის დასრულების შემდეგ კი ემოციებმა იფეთქა და დაპირისპირების რამდენიე ეპიცენტრი გაჩნდა.

საბედნიეროდ საქმე ფიზიკურ შეხლამდე არ მივიდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდების წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ მეხუთე შეხვედრისთვის მსგავსი სურათი აღარ განმეორდება.

...დიახ, მეხუთე შეხედრისთვის! საინტერესოა, რომ 2006 წლის შემდეგ სუპერლიგაში ჩემპიონის გამოვლენას ხუთი მატჩი არ დასჭირვებია.

ამის მიზეზი ის იყო, რომ ფავორიტი წინასწარ იყო გამოკვეთილი ("რუსთავი", "არმია").
წლეულს კი იმდენად თანაბარი ძალის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, რომ შეიძლებოდა წინასწარ გვევარაუდა ფინალში ხუთი თამაში.

24 მაისს ჩატარებულ მატჩამდე სერიას "შსს აკადემია" იგებდა (2:1) და "ოლიმპს" უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა.

ამიტომ, კალათბურთელებმა ძალები მაქსიმალურად მოიკრიბეს და საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ოლიმპელები ბევრს ნერვიულობდნენ და ამიტომაც ვიხილეთ ტექნიკური ჯარიმები.

საბოლოოდ ამ გუნდის სამმა კალათბურთელმა დატოვა მოედანი ხუთი ფოლის გამო - მილოშევიჩმა, დვალიშვილმა და ბერიშვილმა. ბოლო წუთებში "ოლიმპის" მთავარი მეფარე ლიტველი ანდრიუსკაიტისი გახდა, რომელიც პირველ ტაიმში მწვრთნელმა არ ათამაშა.

მას მეორე ნახევარში იმედები რომ არ გაემართლებინა, ჩემპიონი ახლა შსს იქნებოდა. მართლაც, ანდრიუსკაიტისმა ფარზეც იმუშავა და მნიშვნელოვან მომენტებში თავი სამქულიანებითაც გამოიჩინა.

შსს-ელთაგან კი მას მერე, რაც გუნდი 19 ქულით ჩამორჩა ჩად პრუეტი ათამაშდა. მან მატჩი 16 ქულით დაასრულა, მაშინ, როცა პირველ ტაიმში 2 ქულა ჰქონდა. თუმცა ვერც მან და ვერც ვონის 25-მა ქულამ "აკადემიას" ვერ უშველა.

მაშ ასე, მეხუთე მატჩი 26 მაისს 18:00 საათზეა.

24 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ოლიმპი 75:82
შსს აკადემია 13 23 17 22
ოლიმპი 20 25 21 16

გია კაზანჯიანი ("ოლიმპი"):
- როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ხუთთამაშიანი სერია გამოდგა. რაც შეეხება შეხვედრას, დღესაც ბინძური თამაში იყო, თითქოს წინ ვიყავით, თუმცა ბოლო წუთებამდე არ იყო გარკვეული გამარჯვებულის ვინაობა.

ფსიქოლოგიურმა მომენტმაც იმოქმედა, 3 ტექნიკური შენიშვნა მივიღეთ, რითაც მეტოქეს დაწევის და სხვაობის 5-ქულამდე დაყვანის შანსი მივეცით. გადამწყვეტი თამაშისთვის ამაზე სამუშაო გვაქვს.


გიორგიოს კეცელიდისი ("შსს აკადემია"):
- გულწრფელად ვულოცავ "ოლიმპს" გამარჯვებას. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის მსიამოვნებს, არ აქვს მნიშვნელობა ვიგებთ თუ ვაგებთ, ტაქტიკური ბრძოლა მიდის და ეს სასიამოვნოა.

სერიის გათანაბრებით მხოლოდ ფანები იქნებიან ბედნიერები, რადგან კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თამაშს იხილავენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული