მთავარი მწვრთნელი "ქუთაისშიც" იცვლება

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ქუთაისს" მომავალ სეზონში დავით უსტიაშვილი აღარ გაწვრთნის.

ცხადია, დავინტერესდით, რამდენად რეალურია ეს ცნობა. დავუკავშირდით ქალაქ ქუთაისის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროს ივანე ბუხაიძეს, რომელიც არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის საკითხზე, "ქუთაისის" რეორგანიზაციაზე გვესაუბრა.

- დავით უსტიაშვილს გუნდიდან უშვებენო, ასეთი ინტერპრეტაცია არ არის მართებული. მას, ისევე როგორც "ქუთაისის" კალათბურთელებს, გასული სეზონის შემდეგ კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

ახალი ხელშეკრულება კი არ გაფორმებულა. საერთოდ კი, მხოლოდ სამწვრთნელო საკითხში როდი იგეგმება რეორგანიზაცია - გვსურს ყველა რგოლში გავუმჯობესდეთ, კარგად ავაწყოთ მენეჯმენტი.

ზოგმა სიტყვა
"რეორგანიზაცია" ისე გაიგო, თითქოს სიტუაცია უარესდება. პირიქით - გვესმის, რომ ამ ქალაქს მდიდარი საკალათბურთო ტრადიციები აქვს და ახალი სეზონისთვის ერთი-ორად გაძლიერებას ვაპირებთ, რათა ისეთ გუნდად ჩამოყალიბდეს, ფინალში გასვლას რომ შეძლებს. ისიც გვესმის, რომ წინასწარ ასეთი რამის დაგეგმვა რთულია, თუმცა დაკონკრეტება შეიძლება - ჩვენი მიმართულებაა ასეთი.

ნებისმიერი ახალი გუნდის შენებაში დიდი წვლილი მწვრთნელს მიუძღვის. სხვათა შორის, გასულ სეზონში დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ქუთათურებმა კარგი სეზონი ჩაატარეს, ბევრისთვის მოულოდნელად მეოთხედფინალიდან "რუსთავი" ჩამოიცილეს... დავინტერესდით, ახალი სეზონისთვის ვის მიანდობენ "ქუთაისის" საჭეს და როდის გადაწყდება ეს საკითხი. ისიც გავიგეთ, შესაძლოა ისევ მალხაზ კოხრეიძე დაბრუნდესო.

- ოთხი-ხუთი კანდიდატურაა, რომელთა შორის მართლაც არის მალხაზ კოხრეიძე. მიზნების გათვალისწინებით, მწვრთნელის შერჩევისას სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. გვინდა, "ქუთაისს" ისეთი მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც მთლიანად გუნდზე იქნება კონცენტრირებული და მუდმივად ქუთაისში იცხოვრებს.

დავით უსტიაშვილის ამის საშუალება არ ჰქონდა, რადგან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობს და ეროვნულ გუნდშიც.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ახალი მწვრთნელის გამოჩენას და "ქუთაისის" გაძლიერებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული