ბათუმურ კლუბში ლეგიონერებიც გამოჩნდნენ, ძლიერი ქართველი კალათბურთელებიც და საჩემპიონო ამბიციებიც არავის გაჰკვირვებია.
ბოლოს "ბასკო" საქართველოს ჩემპიონი 2004 წელს გახდა. მას მერე პოზიციები დათმო, ბოლო წლებში პლეი ოფში გასვლასაც ვერ ახერხებდა.
კარს მომდგარი სეზონის წინ აჭარულ გუნდში სასიკეთო ძვრები მოხდა - გამოჩნდნენ ლეგიონერები, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ "ბათუმი" სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში შარშანდელივით მოკრძალებული მიზნებით არ იასპარეზებს.
სიახლეებზე გუნდის მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძეს ველაპარაკეთ.
- წლეულს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა,
- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რომელი ახალწვეული რა ამპლუის კალათბურთელია?
- ჯეიმს სეფოლდი მსროლელია, ჯეიმი ჯექსონი წინახაზელი, ხოლო კარლაილ კადუგანი - გამთამაშებელი. სეფილდთან და ჯექსონთან კონტრაქტები გაფორმებულია, კადუგანი კი ჯერ არ ჩამოსულა, მას ამ კვირაში ველით.
- კიდევ ხომ არ აპირებთ უცხოელების დამატებას?
- ამ ეტაპზე სამი ლეგიონერით ვითამაშებთ. სამივე სხვადასხვა პოზიციის კალათბურთელია და თანაამპლუელ ახალგაზრდა ქართველებს საკმარისად დაეხმარება, უცხოელების ჩამოყვანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხომ სწორედ ეს არის.
- ქართველთაგან შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში ვინ დარჩა?
- ნიკა რამიშვილი, ვანო მაისურაძე, ავთანდილ ელიაშვილი; ჩვენთან ითამაშებს ლევან ელიაძე; დაგვიბრუნდა ცენტრი დავით ბოლქვაძე, რომელსაც გასული სეზონი გაუცდა, თუმცა ვიცი მისი შესაძლებლობები და, დარწმუნებული ვარ, ძალიან დაგვეხმარება.
- ლაშა კეშელავამ ზაფხულში "შსს აკადემიას" მიაშურა.
- მისი საკითხი ჯერ საბოლოოდ არ გარკვეულა, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
- მოსამზადებელ შეკრებაზე ბათუმიდან გასვლას ხომ არ გეგმავთ?
- სუპერლიგისთვის ჩვენს დარბაზში ვემზადებით. დუდუ დადიანის მემორიალში ვერ ვმონაწილეობთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ჩემპიონატს (19 ოქტომბერს დაიწყება) სათანადო კონდიციებში შევხვდებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"