საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. "რუსთავმა" და "დინამომ" იმარჯვეს

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშებაში ნახევარფინალური სერიის მატჩები გაიმართა. "რუსთავი" ბათუმში ჩავიდა და შინ გამარჯვებით გამობრუნდა, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა "დინამომ" "ქუთაისი" გაისტუმრა დამარცხებული.

განმეორებითი შეხვედრები 13 მარტს ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება, თუმცა დიდია ალბათობა, ყველაფერი 13 მარტს არ დასრულდეს, რადგან ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა.

6 მარტი, ბათუმი
ბათუმი -რუსთავი 75:85
13:23, 8:20, 22:24, 32:18

ბათუმი: რამიშვილი (17ქ, 6პ, 5ჩ), ფევაძე (2ქ), მიქელაძე (20ქ, 4პ), ლ. რევაზაშვილი (5ქ, 7მ), თენიეშვილი (9ქ), კელოგი (8ქ, 6მ), ფელჩერი (14ქ, 9მ, 4პ), ელიაძე.
რუსთავი: მაჭავარიანი (6ქ), ჰამსი
(12ქ, 6მ, 6პ), ქიტოშვილი, ცეკვავა (22ქ, 5მ, 7პ), აბაიშვილი (2ქ, 6მ, 4პ), ყველაშვილი (4ქ, 7მ), ჭოჭუა (12ქ), ხმელიძე (2ქ), ა. დვალიშვილი (25ქ, 12მ).

ბათუმელებს დისკვალიფიცირებული სნაიპერი ბობ ჯინ იანგი აკლდათ, რომელიც "შსს აკადემიასთან მატჩისას მომხდარი ინციდენტისთვის დასაჯეს. მას ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იანგი "ბათუმს" ვერც რუსთავში დაეხმარება. ამერიკელ კალათბურთელზე ყურადღება იმიტომაც გავამახვილეთ, რომ ბოლო დროს მის შედეგიან თამაშზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული "ბათუმის" წარმატება.

აკაკი დვალიშვილის (25 ქულა) წინამძღოლობით, "რუსთავმა" შეხვედრა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ 43:21-ს იგებდა. ქვემოქართლელებს არც მეორე ტაიმში გაუშვიათ მატჩის სადავეები ხელიდან და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

ნამატჩევს
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
- ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი, პირველ ტაიმში, სადაც საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით მეტოქეს. მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდს იანგი აკლია; ამასთან, მცირე ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი. "რუსთავმა" დამსახურებულად გაიმარჯვა. ვეცდებით, მეორე მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ და სერიაში ანგარიში გავათანაბროთ.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- საინტერესო თამაში იყო, რომელიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ მეორე მატჩი გველის და ვეცდებით, კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

7 მარტი, თბილისი
დინამო-ქუთაისი 74:65
22:12, 13:15, 19:18, 20:20

დინამო: გამყრელიძე (5ქ, 4პ, 6მ), ბ. ლეჟავა (11ქ), ვახანია (1ქ), ლონდარიძე (8ქ, 9მ, 4დ), დიდია, მათიაშვილი (2ქ), ორმოცაძე, პოპოვიჩი (23ქ), შერმანი (21ქ, 16მ), ბაბუნაშვილი (3ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (11ქ, 5მ, 5პ), გრძელიძე (1ქ), ქადარია, კვიმსაძე (3ქ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 5მ), ლომინაშვილი (4ქ), გ. ბარბაქაძე (10ქ, 6მ, 4პ), ნდოიე (9ქ, 11მ, 4დ), ბოისა (5ქ), სარალია (6ქ, 5მ, 5პ).

ბოლო დროს ეფექტურად ათამაშებულმა ქუთათურებმა ძალიან კი მოინდომეს, მაგრამ სუპერლიგის პირველადგილოსან "დინამოსთან" მაინც ვერას გახდნენ. დინამოელები ყველა რგოლში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, საჭირო დროს ტემპსაც უმატებდნენ და თამაშსაც აწყნარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმერლებმა 5-ით მეტი სამქულიანი ჩააგდეს (10), "დინამომ" მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- რთული თამაში გვქონდა. მიუხედავად ცუდი თამაშისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. მაქვს იმედი, რომ მოვუმატებთ და იმ შეცდომებს, რომლებიც გვქონდა, აღარ დავუშვებთ. გასვლითი თამაში საკმაოდ რთულია, თუმცა შევეცდებით, შეცდომები შევამციროთ.

მიხეილ კობეშავიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- რაც ქუთაისში ჩამოვედი მწვრთნელად, ასეთი საშინელი თამაში არ მახსოვს. ძალიან ცუდად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. ვნახავთ ჩანაწერს, გავაანალიზებთ და შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული