ბექა ჩიკვილაძე, მერაბ ბოქოლიშვილი და რევაზ როგავა რუბრიკა "ოვერტაიმში"

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ჩიკვილაძე
საკალათბურთო სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, განახლდა რუბრიკა "ოვერტაიმი", რომელიც ჩემპიონატის მონაწილე კალათბურთელებს უფრო ახლოს, თავიანთი თავისებურებებითა და სახასიათო შტრიხებით წარმოგვიდგენს.

30 ოქტომბერს "ოვერტაიმი" "დინამოს" საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, სადაც ჩვენი რუბრიკის დღევანდელმა სტუმრებმა, "შსს-აკადემიის" წარმატებულმა ახალგაზრდებმა ითამაშეს.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დაწყებულია, "დინამომ" და "შსს-აკადემიამ" ერთმანეთში ამხანაგური მატჩის თამაში გადაწყვიტეს.

შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც "ოვერტაიმთან" საინტერესო საუბარი ჰქონდათ "შსს-აკადემიის" წევრებს - ბექა ჩიკვილაძეს, მერაბ ბოქოლიშვილსა და რევაზ როგავას.

- პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით სუპერლიგის ახალ
სეზონს? რა მოლოდინები გაქვთ პირველი ორი ტურის შემდეგ?

რევაზ როგავა:
- სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, ჩემპიონატი გაახალგაზრდავდა და გუნდების უმრავლესობა თანაბარი ძალისაა. რაც შეგვეხება ჩვენ, ახალგაზრდული გუნდი ვართ და დღითიდღე განვიცდით პროგრესს. შესაბამისად, მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას ვპირდებით.

მერაბ ბოქოლიშვილი:
- წინა წლის სეზონთან შედარებით, დაბალანსებული ჩემპიონატია. წინასწარ ვერ იტყვი, ვინ არის ფავორიტი, შარშან უფრო გამოკვეთილები იყვნენ ლიდერები. წელს აქცენტი ქართველ მოთამაშეებზე კეთდება, რადგან ნაკლები ლეგიონერი ასპარეზობს. ჩემპიონატის დონეზე ვერ გეტყვით, თუმცა ეს კალათბურთის მომავლისა და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილად კარგი იქნება.

ბექა ჩიკვილაძე:
- ვეთანხმები ბიჭებს, რომ წელს დაბალანსებული ჩემპიონატია და გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. ყველასთან შეიძლება გამარჯვება. გვავარჯიშებს უცხოელი მწვრთნელი, რომლის სტილიც ძალიან მომწონს. ამ გუნდით, იმედია, ლეგიონერების გარეშეც მივაღწევთ წარმატებას.

რაც შეეხება ჩემს შსს-ში გადმოსვლას, საქართველოში 4 გუნდში მაინც მაქვს ნათამაშები (სტუ, თსსუ, დინამო, თსუ), მაგრამ არასდროს მყოლია უცხოელი მწვრთნელი. მინდოდა გამეუმჯობესებინა ჩემი თამაში. ვფიქრობ, დღეს უცხოელმა მწვრთნელმა მეტი იცის, ვიდრე ქართველმა და პროფესიული წინსვლისთვის მასთან მუშაობა ძალიან გამომადგება. სწორედ ეს იყო ჩემი "შსს აკადემიაში" გადმოსვლის მიზეზი. თანაც, ახალგაზრდული გუნდია, შეიძლება სხვა მოთამაშეებიც დავიმატოთ და შემდეგ სერიოზული ამბიციებიც გვექნება.

- წლევანდელ სეზონში "შსს აკადემია" ჯერჯერობით ლეგიონერების გარეშე ასპარეზობს. რა აზრის ხართ ამაზე?
მერაბ ბოქოლიშვილი:
- ჩემპიონატის დონე, სავარაუდოდ, დაიწევს, მაყურებლისთვის შეიძლება ნაკლებად სანახაობრივი იყოს, მაგრამ ჩვენ სამისთვის არ არის ცუდი; პირიქით, პროგრესის თვალსაზრისით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება.

რევაზ როგავა:
- დონე, ბუნებრივია, დაიწევს. შარშან ისეთი გამოცდილი მოთამაშეები გვყავდნენ, რომლებიც დღეს უცხოეთში სხვადასხვა ძლიერ ლიგაში ასპარეზობენ. მათთან თამაშის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა. წელს ვეცდებით, ბევრად კარგი თამაში ვაჩვენოთ და ჩემპიონატის დონეც ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

ბექა ჩიკვილაძე:
- ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ლეგიონერი გვეყოლება, უკეთესი იქნება ჩვენთვის. ესპანეთში ნათამაშები მაქვს, მსოფლიოში უძლიერესი კალათბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩემპიონატის კლუბებში მინიმუმ 4 უცხოელი მაინც თამაშობს.

აუცილებელია გვყავდეს ლეგიონერები, რადგან მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თამაშის დროს უცხოელს რომ იჭერ, სულ სხვანაირი "ჟილკით" ასპარეზობ. კარგი იქნება, თუ მთავრობა დაფინანსებას მოუმატებს გუნდებს და დაეხმარება ქართულ კალათბურთს, რათა კლუბები გაძლიერდნენ და შეძლონ მეტი უცხოელის ჩამოყვანა. ამით ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას მივიღებთ.

- შარშან ჩემპიონები გახდით. რა მიზნები და ამბიციები აქვს ამ სეზონში "შსს აკადემიას"?
რეზო როგავა:
- როგორც მწვრთნელი ამბობს, ჩვენი გუნდის კონკრეტული მიზანი ჯერჯერობით არ ჩანს. დღითიდღე ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს და თითოეულ მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრის მოგება და კარგი თამაშის ჩვენება იქნება. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

მერაბ ბოქოლიშვილი:
- კონკრეტულ მიზნად არ გვაქვს დასახული, რომ აუცილებლად ფინალში უნდა ვითამაშოთ, თუმცა ყველა თამაშზე მოსაგებად ვიბრძვით. არც იმის გვეშინია, რომ ვინმე ჩვენზე ძლიერია და შეიძლება რომელიმე გუნდმა დაგვჩაგროს. ყველას გაუჭირდება ჩვენთან თამაში. ჯერ არ ვიცით, რას გადაწყვეტს ხელმძღვანელობა და ვინ დაგვემატება იანვრიდან, მაგრამ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ეს გუნდი ყველა თამაშზე ბოლომდე დაიხარჯება.

ბექა ჩიკვილაძე:
- "მაქაბისთან" 1-ელ ტურში მხოლოდ 5 ქულა მოვიგეთ, არადა, თურქეთში ისეთ ძლიერ გუნდებთან, რომლებიც "გალათასარაის" უგებენ, მხოლოდ 9 ქულა წავაგეთ. ბიჭებს დავეთანხმები, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია. ისეთი გუნდი ვართ, წინასწარ ვერ იტყვი, რას ვიზამთ. გააჩნია, როგორი დღე გვექნება, რადგან ყველა კალათბურთელს აქვს ცუდი და კარგი დღეები. ყველაფერთან ერთად, იღბალი და გამართლებაც საჭიროა.

- სამივე იყავით ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატები და ნაკრებთან ერთად იმყოფებოდით შეკრებებზე. რა გამოცდილება მიიღეთ და რა ისწავლეთ ამ პერიოდში?
ბექა ჩიკვილაძე:
- ნაკრებში ყოფნა ყველა კალათბურთელისთვის უდიდესი სტიმულია. ამან ბევრი რამ შეგვმატა და არ აქვს მნიშვნელობა, 12 კაცში იქნები თუ 16-ში.

რეზო როგავა:
- ბევრი რამ შევიძინე გამოცდილ მოთამაშეებთან ვარჯიშით და მწვრთნელებთან მუშაობით. ნაკრები ჩვენთვის მართლაც დიდი სტიმულია. პირადად მე, ხშირად მქონდა გიორგი ცინცაძესთან პირადი საუბრები, ის საჭირო რჩევებს მაძლევდა და მეხმარებოდა თამაშის გაუმჯობესებაში. ეს ყველაფერი დიდად დამეხმარა, რომ ამ სეზონს უფრო მომზადებული შევხვედროდი.

მერაბ ბოქოლიშვილი:
- როცა ნაკრებთან ერთად ვარჯიშობ, ხედავ, თუ რა განსხვავებაა შენსა და ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებს შორის და ხვდები, რამხელა სამუშაო გაქვს კიდევ წინ. ეს სტიმულიცაა და მოტივაციაც.
Sportall.Ge
ფოტოზე: მერაბ ბოქოლიშვილი

- მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ დაიწყეთ კალათბურთის თამაში?
ბექა ჩიკვილაძე:
- კალათბურთის თამაში 11 წლიდან დავიწყე ნუგზარ მარკოიშვილთან, მასთან გავიზარდე 16-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრამდე. კალათბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მის გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია. სპორტი არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც ყველაფერია და ვეცდები, ოჯახი გავახარო წარმატებული თამაშით.

მერაბ ბოქოლიშვილი:
- 6 წლის ვიყავი, როცა კალათბურთის თამაში დავიწყე აკადემიაში, 11 წელი გელა წულაძესთან ვიყავი, კალათბურთის თამაში სწორედ მან მასწავლა. რაც თავი მახსოვს, სულ კალათბურთს ვთამაშობ, ჩემს ცხოვრებაში არ მახსენდება არც ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი კალათბურთის გარეშე. პროფესიულ დონეზე რომ არ მეთამაშა, სპორტის ეს სახეობა ჩემი ჰობი მაინც იქნებოდა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ კალათბურთით სიამოვნებას ვიღებ და თან ეს არის ჩემი სამუშაო, რომელიც ძალიან მიყვარს.

რეზო როგავა:
- მე საკმაოდ გვიან დავიწყე თამაში. 13 წლის ვიყავი, როცა დიდუბის სკოლაში ვაჟა ჭკუასელთან დავიწყე ვარჯიში. თუმცა კალათბურთით მანამდეც დაინტერესებული ვიყავი. ზოგადად, სპორტის ბევრი სახეობის მოყვარული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კალათბურთთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი დაფასებაა, როცა ის, რაც გიყვარს, არის შენი სამუშაო და შემოსავლის წყარო.

- რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური გამარჯვება?
მერაბ ბოქოლიშვილი:
- მე და ბექა ევროპის 20-წლამდელთა "ბ" დივიზიონის ჩემპიონები გავხდით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ჩვენთვის. საქართველოში ძალიან ცოტას აქვს იმის პრივილეგია, რომ რომელიმე ასაკში ევროპის ჩემპიონი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, "ა "დივიზიონია თუ - "ბ". ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სწორედ ევროპის ჩემპიონობა იყო.

რეზო როგავა:
- 2 წლის წინ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მოგება ძალიან ემოციურად მახსენდება. შარშან კი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელება ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო.

ბექა ჩიკვილაძე:
- შარშან "არმიის" პლეი-ოფის ერთ-ერთ მატჩში დამარცხება ძალიან ემოციურად მახსენდება.

- რა არის სპორტსმენის კარიერაში ყველაზე დიდი სირთულე?
ბექა ჩიკვილაძე:
- ფსიქოლოგიური მომენტია - კალათბურთელი და,ზოგადად, სპორტსმენი სულით ლიდერი უნდა იყო. სხვაგვარად წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მაქსიმუმს ვერ ვაკეთებთ. ამიტომ სულიერი სიმტკიცე აუცილებელია, ფსიქოლოგიურად მყარი უნდა იყო, რომ რთული მომენტების გადალახვა შეძლო.

მერაბ ბოქოლიშვილი:
- კალათბურთელობა არ არის ადვილი, ფსიქოლოგიურადაც ნამდვილად რთულია, რადგან ახალგაზრდა ასაკიდან გიწევს პასუხისმგებლობის აღება. ამას დავამატებდი ტრავმების ფაქტორს. ახალგაზრდა სპორტსმენისთვის განსაკუთრებით რთულია, როცა ტრავმას იღებ. პირადად მე მიმიღია ისეთი ტრავმა, რომ არც კი ვიცოდი, კიდევ ვითამაშებდი თუ არა კალათბურთს და ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადასალახი იყო.

რეზო როგავა:
- კალათბურთელი სულ დაძაბულია - ვარჯიშზე, თამაშზე... პასუხისმგებლობა გაქვს შენი გუნდის, შენი თავის წინაშე. საკუთარ თავს მუდმივად კრიტიკულად უყურებ, შენს თავზე იღებ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობ. მუდმივად რეჟიმში უნდა იყო: დღეში ორჯერ ივარჯიშო, სწორად იკვებო, თავის დროზე დაიძინო. თუ ეს რეჟიმი არ დაიცავი, წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

Sportall.Ge
ფოტოზე: რეზო როგავა

- რას გვეტყვით პირად ცხოვრებაზე? გყავთ თუ არა რჩეული?
მერაბ ბოქოლიშვილი:
- წელიწადზე მეტია, რაც შეყვარებული მყავს, მაგრამ ოჯახის შექმნას ჯერ არ ვჩქარობთ.

ბექა ჩიკვილაძე:
- ჯერჯერობით სერიოზული არაფერი ხდება.

რეზო როგავა:
- არც მე მყავს შეყვარებული.

- რომელია თქვენი საყვარელი მოთამაშე და რომელ კლუბს გულშემატკივრობთ?
მერაბ ბოქოლიშვილი:
- კობი ბრაიანტი და, შესაბამისად, "ლეიკერსი". ისე კი, ევროპაში "რეალ მადრიდში" ვითამაშებდი.

ბექა ჩიკვილაძე:
- კევინ დურანტი და "ოკლაჰომა". მეც სიამოვნებით ვიასპარეზებდი "რეალში".

რეზო როგავა:
- ბევრი კალათბურთელი მომწონს, კლუბებიდან გამოვარჩევდი "გოლდენ სტეიტს", რომლის თამაშიც განსაკუთრებულად მომწონს და ხშირად ვადევნებ თვალყურს. მოთამაშეებიდან კი ჩემი ფავორიტი სტეფან კარია, რომელიც ჩემს პოზიციაზე თამაშობს, ძალიან ემოციური მოთამაშეა. სათამაშოდაც სან-ფრანცისკოში, "გოლდენ სტეიტში" წავიდოდი.

- თქვენი თავისუფალი დრო და სხვა საქმიანობა...
მერაბ ბოქოლიშვილი:
- თავისუფალ დროს ვისვენებ და შეყვარებულთან ერთად ვატარებ. საქართველოში, ამერიკის კოლეჯებისგან განსხავებით, საკმაოდ რთულია სწავლისა და სპორტის შეთავსება. მინდა მომავალში კალათბურთში დავრჩე. ძალიან მაინტერესებს მწვრთნელობა და დიდი სურვილი მაქვს, ამ კუთხით განვაგრძო ჩემი საქმიანობა.

ბექა ჩიკვილაძე:
- ესპანეთში ვსწავლობდი კოლეჯში, საქართველოში არ ჩამიბარებია, რადგან ფიზიკურად დრო არ მქონდა. როცა კალათბურთელის კარიერას დავასრულებ, დიდი სურვილი მაქვს, ბიზნესის კუთხით ჩავაბარო და ვისწავლო. ჩემი ჰობი კი ჩოგბურთის თამაშია და კვირაობით ხშირად ვსტუმრობ კორტებს.

რეზო როგავა:
- ვარჯიშებით ძალიან დატვირთული ვარ და ვცდილობ, თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გავატარო. საკმაოდ აზარტული ვარ და ხშირად ვთამაშობ ვიდეოთამაშებს. ამ მხრივ, მე და ბექას ერთმანეთთან ყოველთვის დაძაბული თამაშები გვაქვს. რაც შეეხება სწავლას, ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავკავდები რაიმე კუთხით, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.

- რას ისურვებდით ჩემპიონატში? როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღეს ქართულ კალათბურთს ყველაზე მეტად?
რეზო როგავა:
- მაყურებელი გვჭირდება. გულშემატკივრის გარეშე ის სტიმული აღარ აქვს მოთამაშეს, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბექა ჩიკვილაძე:
- სუპერლიგა, სპორტის სხვა სახეობების ჩემპიონატებთან შედარებით, ყველაზე წინ დგას. ვისურვებდი მეორე ლიგის არსებობას, რადგან ჩემი უამრავი მეგობარი დღეს უგუნდოდ დარჩა. მინდა ბიზნესმენებს და მთავრობას მივმართო - იზრუნონ სპორტზე და მეტი ყურადღება გამოიჩინონ კალათბურთის მიმართ. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს დაკავებული კალათბურთით და, ზოგადად, სპორტით.

მერაბ ბოქოლიშვილი:
- ვეთანხმები ბექას, რომ მეტი დაინტერესება უნდა იყოს კალათბურთის მიმართ, გუნდები არ უნდა იშლებოდეს. ჩვენი ჩემპიონატი გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.

- რა რჩევებს მისცემდით დამწყებ კალათბურთელებს? რა არის წარმატების ფორმულა?
მერაბ ბოქოლიშვილი:
- ახალგაზრდებს ვურჩევდი, კალათბურთს დიდი ყურადღება დაუთმონ. როცა სპორტსმენი ხარ, სხვა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და მაქსიმალურად იშრომო.

რეზო როგავა:
- მთავარი შრომაა. ის არ იკარგება და ყველას უფასდება.

ბექა ჩიკვილაძე:
- ჩემი აზრით, მათ უნდა დაიცვან წესრიგი და დაუჯერონ მწვრთნელებს. მშობლებიც მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ შვილების საქმიანობაში. ადრე ხშირად მეზარებოდა ვარჯიში, თუმცა მამაჩემი არ მაძლევდა ამის საშუალებას. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს კალათბურთს ვთამაშობ.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული