20-წლამდელთა ჩემპიონატი: "შსს აკადემიის" დაგეგმილი გამარჯვება

AutoSharing Option
5 ნოემბერს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ მატჩს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა: გათამაშების ლიდერი "შსს-აკადემია" "სოხუმს" შეხვდა და დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა - 70:45.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა აკადემიელებმა თამაშზე კონტროლი თავიდანვე დაამყარეს. პირველი მეოთხედის ბოლოს შსს-ელთა 8-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა - 22:14.

დიდ შესვენებამდე ჟღენტის გუნდმა უპირატესობის გაზრდა 6 ქულით მოახერხა და ტაიმის შემდეგ აკადემიელთა ლიდერობამ სოლიდური სახე მიიღო - 38:24.

დარჩენილ დროში თამაშმა ფორმალური ხასიათი მიიღო. "შსს-აკადემიას" გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდა. აკადემიელებმა 25-ქულიანი მოგება გაიფორმეს და ლიდერობა კიდევ
უფრო განიმტკიცეს.

"შსს-აკადემიის" გუნდში მაღალი შედეგიანობა გამოავლინა მერაბ მირზიაშვილმა: 18 წუთში მან 18 ქულა მოაგროვა. აკადემიელთა მეორე მეფარემ, შოთა გელაზონიამ 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. დამარცხებულთა შორის 19 ქულა ჰქონდა გურამ კენჭიაშვილს, ხოლო კონსტანტინე ბიწაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 13 მოხსნა იყო.

5 ნოემბერს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება რუსთავში, სადაც ადგილობრივ გუნდს "ოლიმპი" დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
"ადრეც აღვნიშნე, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე უნდა მოუმატოს და ასეც ხდება. დღეს დაცვაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ახალგაზრდების სწორად გაზრდაა".

თემურ კანკია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
"შსს აკადემიის" ძირითადი ბირთვი უკვე 2 წელია ერთად თამაშობს, გამოცდილი მოთამაშეებიც დაიმატეს და ნამდვილად ჩემპიონატის გამოკვეთილი ფავორიტია.

ვიცოდით, რომ დღეს გაგვიჭირდებოდა, თუმცა ვცდილობთ, გარკვეული სათამაშო მონახაზები დავხვეწოთ. მეორე წრიდან, ალბათ, უკეთესი გუნდი ვიქნებით".


წყარო: u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული