ოლიმპი-არმია 73:94 - "არმია" წაუგებელ სერიას აგრძელებს

AutoSharing Option
ლოგიკურად დასრულდა მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა "არმიასა" და "ოლიმპს" შორის, სადაც არმიელებმა 94:73 დაამარცხეს მეტოქე და წაუგებელი სერია გააგრძელეს.

შეხვედრის საწყის მეოთხედში "ოლიმპი" მხოლოდ 1 ქულით (22:23) ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა მეორე მეოთხედში ოლიმპელებმა მხოლოდ 8 ქულა ჩააგდეს (არმიამ - 31!) და მატჩსაც ყველანაირი ინტერესი დაეკარგა. მოპოვებული უპირატესობა არმიამ მეორე ტაიმშიც უპრობლემოდ შეინარჩუნა და საბოლოოდ 19 ქულით იმარჯვა.

ოლიმპელებს 18 ქულა ნოდარ გოგოძემ შესძინა, 17 ქულა დააგროვა გიორგი ხანიაშვილმა, ხოლო ორმაგი დუბლი ( 12 ქულა, 10 მოხსნა) რევაზ ათანელიშვილის ანგარიშზეა.

გამარჯვებულ
გუნდს 16 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა, 15 ქულა მიითვალა ზვიად ბაბიშვილმა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

13.11.13. თბილისი. 14:00 
ოლიმპი-არმია 73:94
ოლიმპი 22 8 18 25
არმია 23 31 22 18

Sportall.Ge

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია


დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "ძნელია კომენტარის გაკეთება, როცა გუნდი 24 მოხსნით აგებს. მეტოქეს ფარზე დიდი უპირატესობა ჰქონდა და შედეგი ლოგიკური იყო. წლევანდელი შემადგენლობა სრულიად განსხვავდება შარშანდელისგან, აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ. იმედია, მოვახერხებთ შეცდომების გამოსწორებას და უშუალო კონკურენტებთან წარმატებებს მივაღწევთ".

კოტე ტუღუში ("არმიის" მთავარი მწვრთნელი): "სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს გუნდისთვის სტიმულია. მომავალ ტურში "დინამოს" ვხვდებით, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია და ჩემპიონობის მთავარი პრედენტენდია. ამ თამაშისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს და ვეცდებით, დღევანდელი შეცდომები გამოვასწოროთ მომავალი შეხვედრისთვის. დღეს მეორე ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, არასწორი კალათბურთი ვითამაშეთ და ამაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ".

ანატოლი ბოისა ("არმია"): "მადლობა მოწინააღმდეგეს თამაშისთვის. საწყენია, რომ "ოლიმპი" წელს ასე დასუსტდა, ორი ლიდერი დააკლდა და ეს ქართული კალათბურთისთვისაც საკმაოდ სამწუხაროა. იმედია, მწვრთნელი მოახერხებს გუნდის დაბალანსებას და კარგ თამაშს აჩვენებენ".

გიორგი ხანიაშვილი ("ოლიმპი"): "პირველ რიგში, მივულოცავ "არმიას" გამარჯვებას. ცუდად ვითამაშეთ და ბევრი შეცდომა დავუშვით. მათიაშვილის დაბრუნების შემდეგ სულ სხვა თამაშს ვაჩვენებთ".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული