რუსთავი-შსს აკადემია 71:69 - გამარჯვება ბოლო წამებზე

AutoSharing Option
29 ნოემბერს სუპერლიგის მე-7 ტური რუსთავსა და ბათუმში დაიწყო, ხოლო 30 ნოემბერს თბილისში დასრულდება.

ტურის პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც "შსს-აკადემია" ჩავიდა და მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში - 71:69 დაამარცხა.

თანაბარი მატჩის ბედი აკაკი ლომოურის სამქულიანმა გადაწყვიტა, რომელმაც შორეული სროლა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ჩააგდო და "შსს-აკადემია" 71:68 დააწინაურა.

მიმდინარე სეზონში შსს-ელებმა პირველად ითამაშეს სერბი მწვრთნელის, დრაგან პეტრიჩევიჩის გარეშე. გუნდის წევრების თქმით, პეტრიჩევიჩმა საქართველო უკვე დატოვა და მისი სტატუსის შესახებ "შსს-აკადემია", სავარაუდოდ, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე "რუსთავთან" მატჩში
არჩილ ჟღენტი იყო.

აკადემიელებს პირველ მეოთხედში, სანამ თამაშს დაალაგებდნენ, ძალიან გაუჭირდათ. რუსთაველებს დიდ დახმარებას უწევს ახალი დანამატი სერგო ათუაშვილი, რომლის წინააღმდეგაც შსს-ელ მეფარეებს წარმატებით თამაში უჭირდათ.

"რუსთავმა" პირველი მეოთხედი 25:13 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდის ახალდაწყებულზე 14 ქულითაც დაწინაურდა. ამ დროს მოედნიდან დასასვენებლად სერგო ათუაშვილი გავიდა, რითაც შსს-ელებმა ისარგებლეს და თამაშის სადავეებს დაეპატრონნენ. ილია ლონდარიძის ფარქვეშ შედეგიანი თამაშითა და ბექა ჩიკვილაძის ზუსტი შორი ტყორცნებით აკადემიელებმა ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურება მეორე პერიოდშივე მოახერხეს - 33:30, პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე.

მეორე ტაიმი რუსთაველების 2-ქულიანი ლიდერობით განახლდა, თუმცა "შსს-აკადემიამ" დაცვის ხარჯზე ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება მოახერხა - 48:41.

მასპინძლებმა ტაქტიკა შეცვალეს და მეტოქეს პერიმეტრი შეუზღუდეს, ხოლო ფარქვეშა და სწრაფ თამაშში იძალეს და ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა და მისი ბედი ბოლო წუთზე, თავში ნახსენები აკაკი ლომოურის სამქულიანმა გადაწყვიტა.

Sportall.Ge

მატჩისშემდგომი კომენტარები
ოთარ ხმელიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
"თანაბარი თამაში იყო და გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ბოლოს იყო შეცდომები, მაგრამ მსაჯებს არაფერს ვაბრალებ. ჩვენმა ახალგაზრდა კალათბურთელებმა გადამწყვეტ მომენტში 2 უხეში შეცდომა დაუშვეს და თამაშიც ამის გამო წავაგეთ.

ზოგადად კი, ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დასანანია, რომ შრომა მოგებით არ დაგვიფასდა.

იმედია, მომავალში უფრო მობილიზებულად ვითამაშებთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ".


არჩილ ჟღენტი ("შსს-აკადემიას" მთავარი მწვრთნელი):
"თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ რთული თამაში გვექნებოდა. ეს დარბაზი ძალიან მიყვარს და ვიცი, რა ატმოსფეროც სუფევს აქ.

თანაბარი თამაში იყო, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა და ბოლო წამებამდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი იყო.

ჩვენთის სასიხარულოა, რომ გადამწყვეტ მომენტში მობილიზება მოვახერხეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს ამ წარმატებას, რუსთაველებს კი წარმატებას ვუსურვებ მომავალ მატჩებში".


წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული