მატჩი საბოლოოდ ლოგიკური შედეგით დასრულდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბოლო წუთებზე "ოლიმპმა" თამაშის დაძაბვა მოახერხა.
პირველ მეოთხედში სოხუმელთა უპირატესობა აშკარა იყო. გრიგოლ შვანგირაძისა და ჯოშუა ჯექსონის აქტიურობით ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პირველი მეოთხედი 19:10 მოიგო. აღსანიშნავია, რომ სოხუმელთა მთავარი მწვრთნელი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, მაგრამ თამაშს აღარ გაძღოლია - კვარაცხელიამ სპორტის სასახლე დატოვა და თამაშს მისი ასისტენტი თემურ კანკია გაუძღვა.
მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე სოხუმელთა ლიდერობიდან 6 ქულაღა იყო დარჩენილი, თუმცა გადამწყვეტი შტურმის მოწყობა "ოლიმპმა" ვეღარ მოახერხა და თამაში 8 ქულის სხვაობით - 74:82 დათმო.
"სოხუმში" 21 ქულით საუკეთსო ჯექსონი გახდა, ხოლო შვანგირაძემ პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა. ოლიმპელთაგან 19 ქულით ნოდარ თენიეშვილი გახდა საუკეთესო, გიორგი ხანიაშვილმა და ირაკლი გულისაბედაშვილმა კი 11-11 ქულა მიითვალეს.
30.11.13, 14:00
სოხუმი-ოლიმპი 82:74
სოხუმი 19 20 21 22
ოლიმპი 10 14 17 33
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
თემურ კანკია ("სოხუმის" მწვრნთნელი): "მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის. გუნდში გვქონდა პრობლემები, ამას დაემატა ჩლაიძის ტრავმა, აქედან გამომდინარე ბევრი ხარვეზი გვქონდა. მართალია კარგად დავიწყეთ, თუმცა "ოლიმპი" ბოლომდე არ გატყდა და სიტუაციაც დაიძაბა. რაც მთავარია, მოვახერხეთ გამარჯვება".
დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ "სოხუმს" გამარჯვებას. ვიცი, რომ გუნდს პრობლემები აქვს და ეს მოგება მათთვის სტიმულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მადლობა ბიჭებს, რადგან ბოლო წამამდე არ გატყდნენ. 26-ჯერ მეტი შეტევა განვახორციელეთ და 18 ჩაჭრა მივითვალეთ, თუმცა წავაგეთ ჩვენზე ძლიერ გუნდთან. უფრო მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, შეიძლებოდა სენსაციაც მომხდარიყო და მოგვეგო. თუმცა, ვფიქრობ, ეს შედეგი უფრო ლოგიკური იყო".
ნიკა მეტრეველი ("სოხუმი"): "რთულ სიტუაციაში ვართ, ჩლაიძეს ტრავმა აქვს, რამდენიმე დღეა არ მივარჯიშია არც მე, არც ლეგიონრებს. თამაშის დროს სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა, მეტოქემ ანგარიშის შემცირებაც მოახერხა, თუმცა ბოლოს გამარჯვება მოვიპოვეთ. რეზო ათანელიშვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, ამიტომ ჩვენც საკმაოდ ფრთხილად ვთამაშობდით".
წყარო: superleague.ge